საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს!
რელიგიური კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა. დაე, ეს ტრადიცია მუდამ ცოცხლობდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელი მსოფლიოსთვის იქცეს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრების მაგალითად.
მშვიდობა და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოეტანოს ყველასათვის იმედისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს!“ - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.