People in Need-ის (PIN) ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტ LAG Tskaltubo-ს ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ მოედანზე, პროექტის მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარე.
საშობაო ბაზრობაზე აგრეთვე მიწვეული იყვნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი წარმატებული ბიზნესები, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, ახლოს გაცნობოდნენ წყალტუბოს ადგილობრივ წარმოებასა და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა. გამოფენა გაყიდვის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გაცნობოდნენ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ სხვადასხვა საწარმოს, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების საინტერესო პროდუქცია.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ღონისძიების ბმულს: https://tinyurl.com/bna9dwc8.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პროექტი „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. როგორც აღინიშნა, პროექტი წყალტუბოს რეგიონში LEADER-ის მიდგომის დანერგვით, წვლილს შეიტანს სიღარიბის შემცირებაში და განავითარებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას. ამასთან, აღინიშნა ისიც, რომ მცირე გრანტების ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ინდივიდუალური ბიზნეს და სოციალური ინიციატივები, რომლებიც ინოვაციას შეიტანენ რეგიონში და გააუმჯობესებენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს.