„რაშიც განსაკუთრებით ღრმად ვარ ჩახედული, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ტიკარაძის მოღვაწეობა ამ სამი წლის განმავლობაში უაღრესად წარმატებული იყო“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წევრმა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის სამი წელი შეაფასა.
„ეკატერინე ტიკარაძეს სამინისტროში მუშაობა მართლაც უმძიმეს პერიოდში მოუწია. უმძიმესი იყო, ჯერ ერთი, კოვიდის გამო და კოვიდიც რომ არ ყოფილიყო, ჯანდაცვა ისეთი სფეროა, მოქალაქე არ არის, რომელსაც ამ სფეროსთან რაიმე შეხება არ ჰქონდეს. ყველას მოთხოვნის დაკმაყოფილება ადვილი ნამდვილად არ არის. ამას ემატება ასევე, პენსიები, სოციალურად დაუცველები, მათი ბაზის მოწესრიგება და ბოლო დროს დამატებული ახალი ფუნქციები, რაც არის უმძიმესი სოციალური სფერო - დევნილები, მათი სოციალური უზრუნველყოფა. ამის გაძღოლა ადვილი ნამდვილად არ იყო. თან პანდემიის პერიოდში. მე შემიძლია, გითხრათ, რომ რაშიც განსაკუთრებით ღრმად ვარ ჩახედული, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებაზე შემიძლია ვთქვა, რომ უაღრესად წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა ამ სამი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სუბარმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.