„ჩვენთვის უცნობია, ხვალინდელ პროცესზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი გამოცხადდება თუ არა, რადგან ეს მისი გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასდროს ჰქონია სურვილი, მონაწილეობა მიიღო საქმის არსებით განხილვასა და მტკიცებულებების გამოკვლევაში. ის სასამართლო სხდომაზე მხოლოდ პოლიტიკური სიტყვით გამოდიოდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი გაურბოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და ჩვენს კრიტიკულ შეკითხვებს. სანამ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა მოხდებოდა, ადვოკატები ხშირად აპელირებდნენ, რომ სააკაშვილს სურვილი ჰქონდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე, ჩვენი პოზიციაც იყო, რომ მას ამ უფლების რეალიზაცია აუცილებლად უნდა ჰქონოდა, თუმცა, როგორც დავინახეთ, ბრალდებული მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით იფარგლება და როგორც კი საქმის არსებით განხილვაზე გადავდივართ, ის სასამართლო განხილვებს გაურბის“, - განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.