საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეები სასამართლოს ბლოკირებას აპირებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ფაფიაშვილმა განაცხადა, მოსამართლეების მოთხოვნა მხოლოდ ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
„ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პროტესტი არ არსებობს. ის ინფორმაციები, რაც ბოლო პერიოდში მედიით ვრცელდება იმის შესახებ, რომ რომელიმე მოსამართლე ან მოსამართლეთა ჯგუფი სასამართლოს ბლოკირებას ან პარალიზებას აპირებს, საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს ურთიერთობებს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში მოყვანილ, მოსამართლეებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით დაწყებულიყო შესაბამისი რეაგირება, რა კითხვის ნიშნებიც არსებობს, კარგი იქნებოდა აქამდე გარკვეულიყო და ღია ფორმატით ამაზე საუბარი არ დაგვჭირვებოდა", - აღნიშნა ლალი ფაფიაშვილმა.
კითხვაზე - ხომ არ აპირებს საქმის განხილვებს არ დაესწროს მანამ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ფაფიაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესებზე დასწრებას აპირებს.
„მნიშვნელოვანია, რომ გიორგი პაპუაშვილმა შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდოს და იმ ფაქტებზე რეაგირება მოხდეს, რაც მისთვის არის ცნობილი. არასდროს მითქვამს, რომ სასამართლო სხდომებს არ დავესწრები მანამდე, სანამ პროკურატურის საბოლოო დასკვნა არ გახდება ცნობილი. ჩვენ ერთად ვდგავართ. განსხვავებული ინფორმაცია გაქვთ, რომ არ დაესწრებიან მოსამართლეები. გადაამოწმეთ, არც ერთი ჩვენგანს არ უთქვამს ეს. ჩვენ ვთქვით, რომ გვჭირდება საქმეთა გონივრული ვადა და არ გვითქვამს, რომ უნდა გადაიდოს", - აღნიშნა ფაფიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „რუსთავი 2"-თან, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასთან და ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს გამოძიების დასრულებამდე არ დაესწრონ.