09:30 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. ამის შესახებ მედიასთან განმარტება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით, მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც, ამას დავუპირისპირეთ ჩვენი მოქმედება - არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისთვის რაიმე განსაკუთრებული მობილიზება და, შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც, რომ, კვორუმის არარსებობის გამო, ბიუროს სხდომა ჩავარდა. ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით, ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ. პირიქით, ჩვენი მხრიდან, ასეთ მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური სვლა, ოპოზიციის პასუხად, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით, შემაფერხებელი თი დამაბრკოლებელი ნაბიჯები გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ, ალტერნატივის სახით წარდგენილი კანონპროექტი ინსპექტორის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ანალოგია.