საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელიც ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. მინისტრმა მიულოცა გამარჯვებულ დიასპორელებს და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ENIGMMA 2-ის (მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში) პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.
„მინდა გამოვხატო პატივისცემა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში. დიასპორის მიმართ სწორი და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც ასევე, წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და ხელს უწყობს ქვეყნის აღმშენებლობაში თანამემამულეთა პოტენციალის გამოყენებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელძღვანელის თქმით, საქართველო განუხრელად ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. მისივე თქმით, ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბება საქართველოს დღის წესრიგის მთავარი ელემენტია, რაშიც მას ზურგს უმაგრებს ქართული დიასპორა.
„მეამაყება იმის თქმა, რომ საქართველოს ყავს ღირსეული, მაღალ-პროფილური დიასპორა, რომელიც თანამედროვე, გლობალურ მსოფლიოში იზიარებს ერების, სახელმწიფოების თანაცხოვრების ცივილიზებულ სტანდარტებს, აქვს სურვილი თავისი მზარდი პოტენციალი სამშობლოს კეთილდღეობას მოახმაროს, საკუთარი წვლილი შეიტანოს როგორც მასპინძელი ქვეყნების, ისე საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა დიასპორული ორგანიზაციებისა და კულტურული კერების, საკვირაო სკოლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში უპრეცედენტოდ გაიზარდა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის მოცულობა და ბენეფიციართა რაოდენობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, წელს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას“ დაემატა ახალი კომპონენტი, რაც საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებების გარდა ევროკავშირის წევრობისთვის მზადების პროცესში სახალხო დიპლომატიის ჩართულობას და მხარდაჭერას ითვალისწინებს.
დავით ზალკალიანის განცხადებით, გრძელდება წარმატებული პროგრამა - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობითა და უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნის გზით, ახდენენ საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, წელს პირველად ამოქმედდა საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერის საპილოტე პროგრამა.
„2021 წელს ჩვენი უწყების ორგანიზებით ჩატარდა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმები, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილი გახლდათ როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრებისთვის, რადგან ქართული დიასპორის დიდ პოტენციალზე აქცენტირებით ყურადღება გამახვილდა დიასპორის როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.