ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძირითადი ინფორმაცია, რომელიც პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს ეხება საკრებულოს სხდომაზე გააცნო საკრებულოს წევრებს.
„რასაკვირველია, მთავრობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ზრუნვა მოქალაქეებზე და მათი სოციალური პრობლემების მოგვარება.
ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება მთლიანი ბიუჯეტის 23% რაც 6,260,000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაიხარჯება 12 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ქალაქ ოზურგეთის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის მიზნით, უახლოეს პერიოდში მოხდება ქალაქ ოზურგეთის წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი უბნებისთვის მომსახურების მიწოდებასა და 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების განახლების პროგრამას ვიწყებთ ფარნავაზ მეფის ქუჩა N1-ში მდებარე 12 სართულიანი შენობის რეაბილიტაციით. ამ პროექტისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ვგეგმავთ: უპატრონო ძაღლებისთვის თანამედროვე ვეტერინარული სერვისის შექმნას, რათა დავარეგულიროთ უკონტროლო გამრავლება; ცხელი ხაზის ამუშავებას; ახალი რეგულაციების მიღებას; მიტოვებული ძაღლების აყვანისა და მოვლის წახალისებას; საკვების შეგროვებისა და დონაციების სისტემის აწყობას.
2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 19% დაიხარჯება განათლების სფეროში. ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების ზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება. მთავრობასთან ერთად, ვგეგმავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლების მშენებლობას, ხოლო არსებული რამდენიმე სკოლის განახლებას და სრულ რეაბილიტაციას.
განვიხილავთ მერიის ერთ-ერთ მომსახურებად ტექნოპარკთან და კერძო სექტორთან ერთად ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის შექმნას, რომელიც დაინტერესებულ მოქალაქეებს დაეხმარება პროექტების მომზადებასა და დაფინანსების მოპოვებაში.
2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 18% დაიხარჯება სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საჭიროებებზე. გვეამაყება ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, რომელთაც არაერთხელ აწიეს საქართველოს დროშა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, ხოლო ეროვნული მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ჩვენი ამოცანა იქნება ეტაპობრივად გავზარდოთ სპორტზე ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება ბავშვები სპორტულ წრეებზე შეიყვანოს. ამით ხელს შევუწყობთ მოზარდთა ჯანმრთელობას და ჯანსაღ განვითარებას“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.