აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ 2022 წელს აჭარაში მცხოვრები 200 000-მდე პირი ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებს.
„2022 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ყველა მუნიციპალიტეტი ხვდება ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით და ამ ბიუჯეტის ფარგლებში, როგორც რესპუბლიკურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე გათვალისწინებულია მთელი რიგი ახალი პროექტები. ამ ბიუჯეტების ფარგლებში 200 000-მდე აჭარის მაცხოვრებელი ისარგებლებს როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის პროგრამებით. 1400-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამით. 5000-ზე მეტი პენსიონერი შეძლებს მიიღოს მედიკამენტების შესაძენად საჭირო ფინანსური დახმარება. ბათუმის მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, ჯამში 50 000-ზე მეტი პირისთვის მომავალ წელსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო. მინდა ვთხოვო მუნიციპალიტეტს, რომ კომუნალური გადასახადების ნაწილში შევეცადოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შევინარჩუნოთ ტარიფები“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.