„პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა „ციფრული დიპლომატია“ იყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეპუტატი სტუდენტებს საქართველოსთვის ციფრული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა და პარლამენტის როლი გააცნო.
შეხვედრაზე განათლების სფეროში და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ციფრული დიპლომატიის განვითარების აუცილებლობაზე, სამომავლო ინიციატივებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მარიამ ლაშხმა ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაც გააცნო და საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხედვაზე. ასევე ციფრულ დიპლომატიაზე, როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. ვისაუბრეთ პარიზის თანასწორობის ფორუმზე და ინოვაციების და ტექნოლოგიების როლზე. შევთანხმდით, რომ ახალგაზრდული პარლამენტი დაამუშავებს გარკვეულ ინიციატივებს და ითანამშრომლებს ჩვენს კომიტეტთან“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.