იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ამირან ძაბუნიძეს რეკომენდაცია გაუწია, რომ საკითხი მისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე დადგეს კენჭისყრაზე.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს და სხდომაზე დამსწრეებს კანდიდატის პროფესიული ბიოგრაფია გააცნო.
კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვები დაუსვეს ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებმა და ასევე უფრაქციო დეპუტატებმა.
გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ჰქონდათ არასაპარლამენტო სუბიექტების, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.