ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის და შეთქმულებების საგნად გადააქცია. მისი თქმით, „პაპუაშვილი საქართველოს ექსპრემიერ, მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი და „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელია.
„საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გამოსულია სამართლებრივი რეჟიმიდან, გადავიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ყველაზე უფრო უზენაესი, ხელშეუხებელი ინსტანცია და ინსტიტუტი დღეს ყველაზე სამარცხვინო მდგომარეობაშია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე გააუქმა სასამართლოები, პრაქტიკულად არ არსებობდა და ახლაც იგივე დამართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. ნებისმიერი სახის სარჩელი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ თემებთან, იგივე, „რუსთავი 2"-ის საქმე, ე.წ. კაბელების საქმე და გიგი უგულავას საქმე, იმავდროულად მიბმულია სხვა თემებს, რომელიც გამოიწვევს სამართლებრივ ბლოკირებას ქვეყანაში, ასევე გამოიწვევს პოლიტიკურ რყევებს. სამარცხვინო მდგომარეობაშია საკონსტიტუციო სასამართლო. 182-ე მუხლის გაუქმება, რომელსაც რიგი მოსამართლეები ითხოვენ, დამღუპველი და დამახინჯებული პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა ნიკოლაძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებები სამარცხვინოა.
„გიორგი პაპუაშვილი არის მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭი. უთავმოყვარო ადამიანი, რომელმაც ეს ამხელა სისტემა გადააქცია პოლიტიკური დევნის და შეთქმულებების საგნად. ეს ყველაფერი პოლიტიკური კოლაფსისთვის მზადდებოდა. ჩუმი, ფარული „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის". პაპუაშვილის დამოკიდებულება იქიდან გახდა მძაფრი და ისტერიული, როდესაც ვერ გაიტანეს 21 ივლისს მათ მიერვე შესწორებული სარჩელი, რომლითაც ქვეყანაში ძალიან დიდი ძვრები უნდა მომხდარიყო. პოზიცია ახლანდელი პაპუაშვილის არის ყოველ ზღვარგადასული. კვალიფიციური იურისტი, ზნეობრივი ადამიანი, ამას არ გააკეთებდა, რასაც ახლა ის აკეთებს. მოსამართლეები არიან გაოცებულები. ასეთი რამ რომ მოგივა თავმჯდომარეს შენივე სასამართალოში, იქ უკვე შენი ადგილი აღარ არის, თუ თავმოყვარეობა გაგაჩნია", - განაცხადა ნიკოლაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას" სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურდა.
„ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის" კვდომის ბოლო ეტაპია, ეს იყო ბოლო პლაცდარმი, როდესაც გამოჩნდა, რომ მოსამართლეების დიდმა ნაწილმა პრინციპულობა გამოიჩინა და სამართლის სადარაჯოზე დადგნენ. „ნაციონალები ისტერიკაში არიან, ხვდებიან, რომ ინგრევიან თვალსა და ხელს შუა და ამას პაპუაშვილიც მიყვება. ის ერთერთი რიგითი ჭანჭიკი და „ნაციონალური მოძრაობის" რიგითი დარაჯია, რომელსაც არაფერი ეკითხება გარდა პროვოკაციების მოწყობისა", - განაცხადა ადვოკატმა.