ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებს ციტირებს მისი განცხადებიდან.
„წარმატებებს ვუსურვებ პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. დარწმუნებული ვარ, რომ პაპუაშვილი კახა კუჭავას მსგავსად, ზეპარტიული, ყველა პოლიტიკური ძალის პარლამენტის სპიკერი იქნება. ასევე წარმატებები კახა კუჭავას კარიერულ წინსვლაში, რომელიც ახალ სფეროში კვლავაც საამაყო იქნება. პაპუაშვილის დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლიდან კი, ჩემი აზრით, ყურადსაღებია შემდეგი გზავნილები: პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე.
რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ნატო-ს და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში, და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს,“ - წერს გია აბაშიძე.