logo_geo
eng_logo
დღეს, 7 მარტს, ჯანსუღ კახიძის გარდაცვალებისა და ხსოვნის დღეა
- +

7 მარტი. 2016. 16:15

 

2002 წელს ქართველმა საზოგადოებამ ბოლო გზაზე გააცილა, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, დიდი მაესტრო, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული მუსიკალური კულტურის არაერთი წარმატება თუ გამარჯვება, რომლის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ბატონ ჯანსუღს თავისი წვლილი აქვს შეტანილი.


აი, უკვე მე-15 წელია მის მიერ დაარსებულ მუსიკალურ ცენტრში მის ხსოვნას პატივს მიაგებს მელომანთა და მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა მთელი არმია და რაც მთავარია, მის მიერ ჩამოყალიბებული თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დღეს მამის კვალზე წარმატებით დირიჟორობს ვახტანგ კახიძე.


ჯანსუღ კახიძე - დირიჟორი, კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი... საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი, მრავალმხრივი შემოქმედი, ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული ვიდრე გარდაცვალებამდე ჯანსუღ კახიძის სახელს უკავშირდება ქართული საშემსრულებლო ხელოვნების არაერთი წარმატება ჩვენთან თუ საზღვარგარეთ. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო კაპელას და სიმფონიურ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მუშაობდა ლოძისა და ვარშავის საოპერო თეატრებში, სადაც მისი ხელმძღვანელობით პირველად საზღვარგარეთ აჟღერდა ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „აბესალომ და ეთერი". 1957 წელს შექმნა ანსამბლი „შვიდკაცა", რომელმაც არაერთი ოქროს მედალი დაიმსახურა მოსკოვის, ბრიუსელის თუ სხვა ფესტივალებზე. შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა მსოფლიოს სახელგანთქმულ ორკესტრებთან: პეტერბურგის, მოსკოვის, პრაღის და ბოსტონის, ვაშინგტონის და სან-დიეგოს, ლონდონის, BBC-ის, შოტლანდიის, დრეზდენის, გერმანიის, ლა-სკალას, რომის, გენუის, ტოსკანას და სხვა ქვეყნების თუ ქალაქების სიმფონიურ ორკესტრებთან. მასთან თანამშრომლობდნენ თანამედროვეობის გამოჩენილი კომპოზიტორები და მომღერლები. მისი ინიციატივით და ძალისხმევით შეიქმნა თბილისის მუსიკის და კულტურის ცენტრი, ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დღეს ორივე, ჯანსუღ კახიძის სახელს ატარებს. მის მიერ დაარსდა საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი"... და ბოლოს ჯანსუღ კახიძის სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბურეტის ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.

 

 





ახლა გვინდა შემოგთავაზოთ სიმღერა კინოფილმიდან „მშობლიურო ჩემო მიწავ". ჯანსუღ კახიძის ბრწყინვალე შესრულებით. კომპოზიტორი გია ყანჩელი, ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკი.






right_banner right_banner
არქივი
right_banner