logo_geo
eng_logo
რუსთავში, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 107 ოჯახს გადაეცა
- +

30 დეკემბერი. 2021. 10:04

 

რუსთავში წლების განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 107 ოჯახს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მათ მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად გააცნეს, მთავრობის შესაბამისი განკარგულების ასლი გადასცეს და შემდგომი პროცედურები განუმარტეს.

 

„პრემიერის გადაწყვეტილებით, რუსთავში დღეს 107 ოჯახს გადავცემთ საკუთრებაში ფართებს, რომელშიც უკვე წლებია ცხოვრობენ და მინდა, ამ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე აღარ გვეყოლება ოჯახი, რომელიც საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემის წინაშე იდგება. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო ყველას და მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და გაახარა ჩვენი რუსთაველი ოჯახები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების მოსახლეობისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სწორედ მისი ინიციატივით მთავრობამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ქალაქ რუსთავში 107 ოჯახს დაუკანონა ბინები. ეს პროცესი არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელს რეგიონში მიმდინარეობს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, რომელიც აქტიურად იყო ამ პროცესსი ჩართული“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

 

2021 წელს, რუსთავში დაკავებული ფართები საკუთრებაში 500-მდე ოჯახს გადაეცა. რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურში, საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები კიდევ 150 განაცხადზე მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner