ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ ძირითად და ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტებზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, რიგი უფლებების შეზღუდვა თითოეულ მოქალაქეს შეეხო. შეზღუდვები შეეხოთ პატიმრობაში მყოფ პირებსაც, რომლებსაც, თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, ისედაც შეზღუდული აქვთ მთელი რიგი უფლებები.
„პანდემიით შექმნილი მდგომარეობა მათთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, რის გამოც სახელმწიფო, მათთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაუთვლით, განსხვავებული წესით“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით და რომლებსაც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე.
ამნისტიის აქტი ასევე ვრცელდება 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე, წამებაზე, წამების მუქარაზე, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე, ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისგან. აღსანიშნავია, რომ სასჯელისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს.
რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს, მომხსენებლის განცხადებით, მათ დაკმაყოფილებულად ჩაეთვლებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ მათი პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი.
კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე - მათ მომზადებასა და მცდელობაზე.
კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამნისტია, ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. მსჯავრდებულისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული იქნება, პირს უკან არ დაუბრუნდება.
კანონპროექტის მიხედვით, 2004 წლის 1 იანვრამდე ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი ექნებათ სასჯელი, აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ასეთ პირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ ასევე განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ კომიტეტმა მხარი დაუჭირა ძირითადი კანონის პროექტის საფუძვლად მიღების საკითხს და ალტერნატიული კანონის პროექტის უარყოფის საკითხს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე კომიტეტი ინტენსიურ მუშაობას იანვარში გააგრძელებს.