ლონდა თოლორაია პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად დაყოფის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა. საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წევრების სამდღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ ორ ახალ უწყებაში, რომელიც დღეს მიღებული კანონით უნდა შეიქმნას. თუმცა ეს არ ცვლის შედეგს - დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია და აღარ არსებობს“, - განაცხადა თოლორაიამ.
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფას მხარი დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების: პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.