„ნოემბრის თვეში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებელი, რაც ზრდის კონტრიბუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 74 პროცენტამდეა გაზრდილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 44.1 პროცენტით გაიზარდა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიურ მაჩვენებელში იანვარ-ნოემბრის კუმულატიური ზრდის ტემპმა 10.7 პროცენტი შეადგინა“, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 2021 წლის ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გიორგი ცუცქირიძემ გამოაქვეყნა, რომ ზრდის წლის პირველი თერთმეტი თვის კუმულატიური მაჩვენებელი და ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, რაც თერთმეტი თვის მონაცემითაც კი 21 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს და წლის ბოლოს გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს, უკვე იძლევა იმის დაშვებას, რომ წლიური ზრდა საპროგნოზოზე მაღალი იქნება.
მისი თქმით, წლიური ზრდის მაჩვენებელი მეტი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე, რაც 10%-ს შეადგენს, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ საპროგნოზო 7-8.5 პროცენტიან მაჩვენებელზეც, რაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ზრდის კარგ პერსპექტივებზე მიანიშნებს.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის კუმულატიური მაჩვენებელი (3.3 პროცენტით) აღემატება 2019 წლის იანვარ-ნოემბრის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ნოემბერში მზარდი იყო, როგორც დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 32.6%-ით არის გაზრდილი, ასევე ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 28.5 პროცენტით აღემატება 2020 წლის მონაცემს. ამასთან, 2021 წლის ნოემბერში წინა თვეების მსგავსად რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ასევე ვაჭრობის, საკვების მიწოდების საქმიანობების; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; ელექტროენერგიის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სექტორებში, რომლებიც ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომიკის ექსპერტმა აღნიშნა, რომ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, გაჯანსაღების ტენდენციები ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ნოემბერში (პანდემიამდე 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 55 პროცენტი იყო.
„ეკონომიკის საპროგნოზოზე მაღალი სწრაფი ზრდა პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმების და შემოსავლების ზრდაზე, ასევე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო სარეიტინგო მაჩვენებლებზე, რაც გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასაც. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებელი, და გაუმჯობესებული სარეიტინგო პერსპექტივა, საშუალებას მოგვცემს უკვე მომავალ წელს მშპ გავიდეს სარეკორდო 65 მილიარდიან მაჩვენებელზე, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით 5 500 აშშ დოლარი იქნება. ამასთან, ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზითაც, მომავალ წლებშიც ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 5.5-6.5 პროცენტის ფარგლებში.
მიმდინარე წლის სარეკორდოდ მაღალი ზრდა, გასული წლის, ეკონომიკის კოვიდ-რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაჩინო მაგალითია, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სწორ დაგეგმვასთან ერთად, კერძო სექტორის და განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამების ეფექტურობასაც ადასტურებს“, -აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.