ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა განსაკუთრებული სიხარულით ელის. ამ დღეს ყველა ცდილობს, დაივიწყოს ყველაფერი ცუდი, მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და იმედის თვალით შესცქერის ახალი წლის შემობრძანებას. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო. თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად, რატომ ჰქონდა ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეწინააღმდეგება თუ არა აღნიშნული რიტუალები ქრისტიანობას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სიხარულიძე.
ქეთევან სიხარულიძე: ახალი წელი, დროის ახალი მონაკვეთის დასაბამი, განსაკუთრებული მაგიური ნიშნით აღიბეჭდა ადამიანის წარმოსახვაში და ამიტომაც მას ყველგან გამორჩეულად ზეიმობდნენ. იგი ეფუძნებოდა წლის პირველი დღის მაგიას, ანუ იმის რწმენას, რომ ეს დღე განაპირობებდა დამდეგი წლის ბარაქიანობასა და საზოგადო ვითარებას. საახალწლო რიტუალთა მთელ წყებას საკმაოდ ღრმა რელიგიური ფესვები აქვს. წელიწადის დროთა მონაცვლეობა დაუკავშირდა ნაყოფიერების ღვთაების მითოსს, რომლის მიხედვითაც ეს ღვთაება ზამთარში გადადიოდა საიქიოში, მიწისქვეშა სამყაროში, სასიცოცხლო ძალებიც წყვეტდნენ თავიანთ მოქმედებას. გაზაფხულზე ნაყოფიერების ღვთაება ბრუნდებოდა და ზამთარში მიძინებული ბუნება კვლავ იღვიძებდა. ძველების წარმოდგენით, სწორედ ამ დროს იწყებოდა სიცოცხლის ციკლის ახალი ეტაპი, ანუ ახალი წელი. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადო მოვლენა, ამიტომ მას განსაკუთრებული რიტუალებით აღნიშნავდა მთელი კოლექტივი.
იწყებოდა იგი პირველი ხნულის გავლებით, რასაც საქართველოში მიწის გაღვიძება ერქვა. ხნული, იგივე კვალი, იყო ის გზა, რომელსაც მიწისქვეშეთიდან მოჰყვებოდა ნაყოფიერების ღვთაება. იგი განახლებული უბრუნდებოდა თავის საუფლოს და თან მოჰქონდა ახალი სიცოცხლე. მას ხვდებოდნენ საჩუქრებით (პროდუქტით), რათა იგივე მიეღოთ მისგან. ამიტომაც გამოირჩევა ახალი წელი სანოვაგის სიუხვით.
პირველი ხნული (კვალი) გაჰქონდა კაცს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილი იყო დავლათიანობით (ბედის, ბარაქიანობის, ღვთის მადლის მქონე), რათა მის მიერ მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაჰბედებოდა. აქედან მოდის მეკვლეს სახელიც, რომლის ფუნქცია დავიწროვდა იმის შემდეგ, რაც ახალი წლის აღნიშვნამ უმთავრესად საოჯახო ხასიათი მიიღო.
როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად?
საქართველოში (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში) ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნებოდა. მასთან დაკავშირებული რიტუალები ყველგან თითქმის ერთნაირი იყო, რადგან უმთავრეს მიზანს ამ რიტუალებისა შეადგენდა სიუხვისა და კეთილდღეობის მოპოვება. რასაკვირველია, იყო კუთხური თავისებურებებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ ნიუანსებში განსხვავდებოდნენ ძირითადი წეს-ჩვეულებებისგან. ახალი წლის წინა დღეებში იწყებოდა დიდი სამზადისი: სახლისა და კარ-მიდამოს დასუფთავება, სანოვაგის მომზადება საგანგებო სუფრისთვის, სხავადასხვა ფორმის (ცხოველების, ფრინველების, შრომის იარაღების) კვერების ცხობა და სხვა. ყურძნის უხვი მოსავლის მისაღებად საგანგებო პურს აცხობდნენ, რომელსაც ქართლში, იმერეთსა და რაჭაში ყურძნის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა. გურიაში კი კვერის სახით ცხვებოდა და მას აგუნას პური ეწოდებოდა. სამეგრელოში კი აგუნას სახელზე ოთხი ხაჭაპური ცხვებოდა. გამომცხვარი კვერები თუ პურები ხონჩაზე დაწყობილ სხვა სანოვაგესთან ერთად მარანში შეჰქონდათ, სადაც საგანგებო ტექსტს წარმოთქვამდნენ, თან გადაბრუნებულ საწნახელს ნაჯახის ყუას უკაკუნებდნენ. შემდეგ იმართებოდა რიტუალური ჭამა-სმა. ოჯახის თავი გარეთ გადიოდა ხონჩით ხელში და ახალი წლის მოსვლას ულოცავდა შინაურ პირუტყვსა და ფრინველს, ვაზს, კარ-მიდამოს. ვენახში მიჰქონდათ ვაზის პური, ხელადა ღვინო და ნასუქი მამალი. გურიაში ამ დროს ღორის თავიც დაჰქონდათ. მოხარშულ თავს ხორცს მოაშორებდნენ და დარჩენილ ძვალს უკაკუნებდნენ, თან დააყოლებდნენ: „ჩვენს მამულში – ყურძენი, სხვის მამულში – ფურცელი“.
ეზოს შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში შედიოდა სავსე ხონჩით, მიმოაბნევდა ხორბალს (ან სხვა მარცვლეულს) გამრავლების ნიშნად და დაილოცებოდა, ოჯახის წევრებს ულოცავდა ახალ წელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ კერაში ცეცხლი ჩაუქრობლად შეენახათ. სიტყვიერადაც ცდილობდნენ ცეცხლისთვის ძალის შემატებას:
„ცეცხლო ელოდე, მელოდე,
მე მელოდე, მზეს ელოდე,
ადრიანად ავდგებოდე,
დოჩხოურა(ანუ ნაკვერჩხლიანი) დამხვდებოდე“.
ანთებული მუგუზლიდან დაცვენილი ნაპერწკლების სიმრავლე პურის, ღვინის, დოვლათის, ოჯახის გამრავლების სიმბოლო იყო.
დილით წყალსაც მიულოცავდნენ. დიასახლისები წყაროზე მიდიოდნენ, ულოცავდნენ და შინაური ფრინველისთვის საკენკს ალბობდნენ, რომ მათ გამრავლების უნარი მომატებოდათ. ხევსურები მიდიოდნენ მდინარესთან, სიტყვიერად მიულოცავდნენ ახალ წელს და ძღვნად ერბოიან-ყველიან პურის ნაჭერს აგდებდნენ წყალში.
როცა ახალი წლის ღამე იწურებოდა, სახლში შემოდიოდა პირველი სტუმარი – მეკვლე. ხალხის რწმენით, მის ნაფეხურს მოჰყვებოდა მომავალი წლის ბედი, რაც დიდად იყო დამოკიდებული მეკვლეს პიროვნებაზე, მის ბედიღბლიანობაზე. იგი ხელდამშვენებული მოდიოდა იმის ნიშნად, რომ ბარაქიანობა შემოჰქონდა ოჯახში. ხონჩაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ვაზის ლერწი, თავის სურვილს კი აუცილებლად ლექსით გამოთქვამდა:
„ახალ წელიწადს წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბთითამცა;
ცხენზედაც მოგადგებიან მშვილდისრიანნი ხმლითამცა,
ტახტზედაც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა,
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა;
უხვათამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა“.
ახალი წლის დღეს საქართველოში ზოგან “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან 1 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. ამ დროს აცხობდნენ ადამიანის ფორმის “ბასილას კვერებს”, რომელსაც ასევე “კაცბასილას” უწოდებდნენ. ჩიჩილაკსაც ბასილას წვერები ერქვა.
მეკვლეობის ტრადიციას დღესდღეობით ძველი სახე და ფუნქცია აღარ აქვს, თუმცა ახალი წლის ღამით მოსულ პირველ სტუმარს დღესაც მეკვლედ თვლიან და, ძველი წესის დაცვით, ისიც აუცილებლად ხელდამშვენებული შედის ოჯახში.
ძველად საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა დროს იწყებოდა. რა განაპირობებდა თარიღის ცვლილებას და ბოლოს როდის დადგინდა ახალი წელი 1 იანვარს?
საქართველოში ახალ წელს სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. IV საუკუნეში 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნიდან იგი ბიზანტიურ-ქრისტიანულმა ინდიქტიურმა, ანუ სექტემბერის წელიწადმა შეცვალა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან გაზაფხულზე, მარტიდან იწყებოდა დროის ახალი ათვლა, XIV საუკუნიდან კი მისი თარიღი საბოლოოდ დადგინდა ევროპული კალენდრით იანვარში.
25 დეკემბერი (7 იანვარი) ეკლესიამ ქრისტეშობის დღედ IV საუკუნეში დააწესა. იგი წინ უძღოდა ახალ წელს და მორწმუნისათვის მასზე უფრო მნიშვნელოვანიც იყო. რელიგიური თვალსაზრისით, ყოველგვარი განახლების სათავე ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებაა. მას მოსდევს ახალი სიცოცხლე, დროის განახლება. XX საუკუნის დასაწყისში ასტროლოგიური გამოთვლების საფუძველზე დადგინდა, რომ კალენდარში ცვლილებები შეეტანათ. 1918 წელს რუსეთში შემოიღეს დასავლურ-ევროპული კალენდარი. მიღებული დეკრეტით, 31 იანვრის მომდევნო დღე იყო არა 1, არამედ – 14 თებერვალი. აქედან მოყოლებული, დროის ათვლა გაიყო ორად: ძველი სტილი შეინარჩუნა ეკლესიამ, ხოლო ახალ სტილს მიჰყვება სახელმწიფო და სამოქალაქო მოსახლეობა. ასეა ეს საქართველოშიც. რეფორმის შედეგად ახალი წელი მოექცა შობისა და ნათლისღების დღესასწაულთა წინ.
შობის დღესასწაულზე კარდაკარ სიარული და „ალილოს“ სიმღერა დღემდე შემორჩენილია. რა განსხვავებაა დღეს ამ დღესასწაულის აღნიშვნაში?
საქართველოში შობა უდიდესი დღესასწაულია და მას თავისებური რიტუალი ახლავს – კარდაკარ სიარული და მამაკაცთა მიერ „ალილოს“ სიმღერა. ფიქრობენ, რომ მისამღერი სიტყვა და რიტუალის სახელი „ალილო“ მომდინარეობს „ალილუიადან“. ეს წეს-ჩვეულება თითქმის ერთნაირად ტარდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ალილოს მომღერლები დახელოვნებულნი იყვნენ ტრადიციული გალობა-სიმღერის შესრულებაში. კარდაკარ ჩამოვლისას მათი ხმა მთელ მხარეს ეფინებოდა:
„ოცდახუთსა დეკემბერსა შობა გათენებულაო,
ქვაბსა ბეთლემისასა ქრისტე დაბადებულაო.
მადლი მახარობელსაო, ქვეყნის გამხარებელსაო.
სახლო ღმერთმა აგაშენოს, მხიარულად დაგამშვენოს“.
ზოგჯერ ერთსა და იმავე სოფელში მომღერალთა 2-3 ჯგუფიც გამოჩნდებოდა. მოსახლეობა ხელგაშლილი ელოდა მათ, რადგან სჯეროდათ, რომ მეალილოების დასაჩუქრება ბარაქას შემატებდა მათ ოჯახებს. კარდაკარ ჩამომვლელები თვითონაც ითხოვდნენ საშობაო საჩუქარს:
„ალათასა ბალათასა, ხელი ჩაყავ კალათასა,
ცოტა რამე გამოგვიტა, ღმერთი მოგცემთ ბარაქასა“.
ალილოს ლექსებში შექებულია პურადი და უხვი მასპინძელი, ძუნწი და ხელმოჭერილი კი – გაკიცხული. მეალილოები ზოგჯერ კატეგორიულებიც იყვნენ, თუ მასპინძელი საჩუქრის მიცემას აყოვნებდა:
„ტყიდან მგელი გამოვარდა, თხა შეგვიჭამა ნისლაო,
თუ გამოგაქვთ, გამოიტათ, სხვაგანაც გვინდა მისვლაო“.
ალილოზე სიარულის ტრადიცია კვლავ ააღორძინა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. შეგროვებული სანოვაგე და შესაწირი ურიგდებათ უმწეოებსა და პატიმრებს.
რამდენად ეწინააღმდეგება აღნიშნული რიტუალები ქრისტიანობას?
ახალი წლის დღესასწაული უძველესი წარმოშობისაა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა დიდი ნაწილი წარმართობიდან მომდინარეობს, მაგრამ დღესაც არსებობს, რადგან მთავარი მიზანი ამ დღესასწაულისა – ცხოვრების განახლება, ბარაქიანობის მოთხოვნა, სიხარულის მოლოდინი – ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილებაა და იგი ქრისტიანული რელიგიისთვისაც არ არის უცხო.
როდის ჩნდება ნაძვის ხე და ჩიჩილაკი?
საქართველოში ახალ წელს ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი, რომელსაც „ბასილას წვერებსაც“ ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და, რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო. თუმცა მორთული ხის სიმბოლიკაც ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი ბასილას წვერებს წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს. ზეპირგადმოცემით, თითქოს პირველი ჩიჩილაკი ღვთისმშობლის მეუღლემ, მართალმა იოსებმა (იგი ხომ ხურო იყო) გაუკეთა პატარა იესოს გასართობად.
დროთა განმავლობაში საახალწლო მორთულობებში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა. საიდან მოვიდა ეს ტრადიცია? გერმანული მოდგმის ხალხებში უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ მარადმწვანე მცენარეები სასიკეთო გავლენას ახდენენ მოსავლიანობაზე. ამიტომ ტოტები ან მთელი ხეც მიჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. უჭკნობ სიმწვანეს აღიქვამდნენ, როგორც მარადიულ სიცოცხლეს. ნაძვის სამკუთხა კონტური წმინდა სამებას გამოხატავდა. ნაძვს რთავდნენ ვაშლებით, რითაც ის სამოთხის ხეს განასახიერებდა. ასევე, მასზე კიდებდნენ ვაფლის ნაჭერს, რომელიც ზიარების პურის სიმბოლო იყო. ნაძვის წვერს კი რთავდნენ „ბეთლემის ვარსკვლავით“.
რუსეთში ნაძვის მორთვა დაიწყეს XIX საუკუნეების შუა ხანებიდან. თავდაპირველად ამას აკეთებდნენ გერმანულ ოჯახებში, რომლებიც მრავლად იყო როგორც პეტერბურგში, ისე – მოსკოვში. შემდეგ ეს ახალი ჩვეულება გავრცელდა რუსებს შორისაც. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ რუსეთიდან შემოვიდა. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი და იკავებს ადგილს ნაძვის ხის გვერდით.