საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტრადიციულად, ახალი წელი სრულიად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა გასულ წელს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ წარმატებებს. მისი თქმით, იყო ბევრი გამოწვევა, თუმცა იყო წარმატებებიც. „წარმატებაა ის, რომ 500 მგვტ-ზე მეტი 40-მდე ახალი ელექტროსადგურის პროექტი შეთანხმდა და ხელმოწერა შედგა ინვესტორებთან. ენგურჰესზე ჩავატარეთ ისტორიული მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგადც 10 %-ით მოიმატა ენგურჰესის გამომუშავებამ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სწრაფად ვავითარებთ ენერგეტიკული სექტორის რეფორმას. ახლა მთავარი საზრუნავი გვაქვს, ხელი შევუწყოთ მეტ მწვანე ენერგეტიკას საქართველოში, გვქონდეს მეტი ადგილობრივი ელექტროენერგია, მეტი მწვანე ენერგია და მეტი ახალი სადგური აშენდეს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.