ამ დრომდე ვერ დადგინდა იმ პირის ვინაობა, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, საზღვარი ჩუმად გადაკვეთა და სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა, - ამის შესახებ EuroNews წერს.
ამ ფაქტმა მსოფლიო მედიის ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ, როგორც წესი, ადამიანებს სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადასვლის სურვილი არ აქვთ და უმეტესად, პირიქით, ჩრდილოეთიდან ცდილობენ გაღწევას.
სამხრეთ კორეის ცნობით, ადამიანს თან სათვალთვალო აღჭურვილობა აქვს. მის დასაკავებლად ჯარისკაცები გაგზავნეს, თუმცა, მან საზღვარზე გადასვლა მოასწრო. ოფიციალურმა სეულმა ამის შესახებ ფხენიანს უკვე შეატყობინა, თუმცა, იქიდან პასუხი არ მიუღიათ. სამხრეთი ჩრდილოეთს სთხოვს, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება.
1990-იანი წლების ბოლოდან, ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში 34 000-მდე ადამიანი გადავიდა, რათა თავი დაეღწია სიღარიბისგან და პოლიტიკური რეპრესიებისგან. მათმა უმეტესობამ სამხრეთ კორეამდე ჩინეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნების გავლით მიაღწია. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანი სამხრეთ კორეიდან ცდილობს ჩრდილოეთში გადასვლას.