„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ტერორისტული ორგანიზაციაა და აღნიშნა, რომ არ დაუშვებს მათ პარლამენტში შესვლას.
„ნაციონალური მოძრაობა" არის ტერორისტული ორგანიზაცია. ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენი ტერორი, დაშინება და უბედურება ჩაატარეს საქართველოში. მე ვიცი, რომ უეჭველი შევდივარ პარლამენტში, ამას წინ არაფერი უდგას. როგორ შეიძლება, მე სადაც ვიქნები პარლამენტში, იქ „ნაციონალური მოძრაობა" შემოვიდეს. როგორ ფიქრობთ, მე მაგათ იქ შემოსვლას დავუშვებ? ყოველდღე იქნება ჩხუბი და უბედურება. ხალხი დამიდგება გვერდში. გამორიცხულია, მე „ნაციონალებს" პარლამენტში არ შემოვუშვებ", - აცხადებს ემზარ კვიციანი.