logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ე.წ. კაბელების საქმეზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით საქმე უნდა აღიძრას
- +

3 აგვისტო. 2016. 01:08



სასამართლოში შეტანილი 764-ე სარჩელთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი სოფო კილაძე.


როგორც მან განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარემ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული 764-ე სარჩელი შეიტანა, სარჩელი მეორე დღეს მოცულობით გაიზარდა, დაემატა სამი გვერდი, რაც კანონით აკრძალულია.


„ე.წ. კაბელების საქმეზე, როდესაც მოსარჩელე მხარემ სარჩელი შეიტანა, სარჩელი მეორე დღეს მოცულობით გაიზარდა, მას დაემატა სამი გვერდი, რაც კანონით აკრძალულია. უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან სახეზეა აშკარად დანაშაულებრივი ნიშნები. ალბათ, სასამართლო გამოიტანს შესაბამის დასკვნას თუ რასთან გვქონდა საქმე. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი საკითხი უნდა იყოს პასუხგაცემული", - განაცხადა სოფო კილაძემ.


მისივე თქმით, ასევე სამართლებრივი თემაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.


„გიორგი პაპუაშვილის პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანოების საკითხია, თუმცა ფაქტი, რომ უკვე მერამდენედ, მტკიცებულებების გარეშე აკეთებს ხმაურიან განცხადებას, მიუთითებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანსაღი სიტუაცია არ არის. სასამართლო, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მისი თავმჯდომარე უნდა იყოს პირველი, ვინც აძლევს მოქალქეებს მაგალითს, როგორი უნდა იყოს მაღალი კონსტიტუციური სტანდარტი და ამ დროს, პირველი თვითონ არღვევს, ახდენს სიცრუის ტირაჟირებას", - განაცხადა სოფო კილაძემ.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებში ასევე მნიშვნელოვანი საკითხია 5 მოსამართლის მითითება, რომ სასამართლოში ყველა პოლიტიკურად სენსიტიური საკითხის განხილვას ეწერებოდა კოლეგია, 3 მოსამართლის შემადგენლობით, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან".


„კოლეგიაში არის 4 მოსამართლე. მერაბ ტურავა, ამინდს ვერ ქმნიდა სამი მოსამართლის წინააღმდეგ და პოლიტიკურად სენსიტიური თემების განხილვა სწორედ ამ სამი მოსამართლის მიერ ხდებოდა. ეს იყო გიგი უგულავას საქმე, ე.წ. კაბელების საქმე, „რუსთავი 2"-ის საქმე და ა.შ. ასევე, 5 მოსამართლის განცხადებაში მითითებული იყო იმ ფორსირებულ რეჟიმზე, რომელიც მიმდინარეობდა ამ საქმეების განხილვის დროს. სამართალწარმოებაში ძირითადი პრინციპი არის ის, რომ რიგითობის მიხედვით უნდა იქნას საქმეები განხილული და ეს რიგითობა პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე ირღვეოდა. ეს ნიშნავს, რომ ის საქმეები, რომელიც უფრო ადრე იყო შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, არ ხდებოდა მათი განხილვა", -განაცხადა სოფო კილაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner