ახლა იგი მეთორმეტე ახალ წელს სამშობლოდან შორს, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში ხვდება. საათის ისრები იქაც ზუსტად იმ დროს აჩვენებს, რაც საქართველოშია, მაგრამ როცა აქ დღის 10 საათია, იქ ღამის 10 საათია, ასე რომ, 12 საათით ვუსწრებთ ქალაქ სანტა-კლარას, სადაც ახლა ოჯახთან ერთად ცხოვრობს რიმა ასკურავა. გურიაში, სოფელ ქვიანში დაიბადა და გაიზარდა, მერე იყო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, ადრე დაოჯახდა და თბილისში დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში დიდი ტკივილი შეხვდა - 9 წლის გოგოს დედა გარდაეცვალა, მაინც ამბობს, რომ უფრო ნათელი დღეებზე ლაპარაკი ურჩევნია, ტკივილი კი მარადიულია მისთვის და გულის გულში აქვს მიყუჩებული. ახლა კი, როცა ბავშვობა და გურია ენატრება, დაუსრულებლად შეუძლია მოყვეს, სოფლის თავში, მუხის ძირში რომ ისხდნენ თანატოლები და ლექსებს ამბობდნენ, მერე მარწყვის საკრეფად ტყეში იპარებოდნენ და სახლში ხელებდაკაწრული და ტალახიანები ბრუნდებოდნენ, იხსენებს დროს, როცა ყველა სახლი და ოდა სავსე იყო ადამიანებით, ეზოები - ბავშვების ჟრიამულით, იხსენებს ნადს, ერთმანეთის დახმარება და სიყვარულის განაწილება რომ შეეძლოთ მეზობლებს, ერთად რომ ამზადებდნენ ხალხმრავალი სუფრების პურმარილებს.
- როგორი სითბო გამომყვა ამ კუთხიდან, გაუნელებელი და გაუხუნარი, - ამბობს რიმა და თითქოს ჩვენს შორის სულ არ იყოს მანძილი, აგერ, ჩემი ოთახის კუთხეში მიდგმული კომპიუტერის მონიტორიდან ხელს მიქნევს და სიცილით მიყვება, - ბავშვობაში ერთმანეთს რომ წავეჩხუბებოდით, პატარები გაბრაზებულები ვიმუქრებოდით - ახლა ისე ამოგარტყამ, რო ამერიკაში გაგაფრენო და ალბათ ერთი ასეთი დამუქრების დროს ჩამოიარა ჩემთან „ამინმა“ და ა, აგერ ამერიკაში გამომაფრინა! პირველად როცა ხმამაღლა ვთქვი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ჩემი მეუღლე გამეხუმრა - ხოო, გურიიდან პირდაპირ ამერიკაში მიფრინავ თუ სადმე გაუხვევო. არადა, ხომ გურულები იყვნენ, ვინც ამერიკაში ერთ-ერთი პირველები ჩავიდნენ და იქაურებს სასწაულები აჩვენეს. ისე, ნამდვილად სასწაული იყო, როცა დავტოვეთ სამსახურები და აქ წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ჩავთვალე, რომ იქ მეტის გაკეთება აღარ შეგვეძლო, რაღაც მაქსიმუმს მივაღწიეთ და მაშინ სახელმწიფო სამსახურში ყოფნაც უფროსის უსიტყვო მორჩილებას ნიშნავდა, ისე რაიმე პერსპექტივაზე ფიქრი ზედმეტი იყო. ჰოდა, წამოვედით. რომ არა ჩემი მიზანდასახულობა, მოთმინება და თავდაუზოგავობა, ჩემი მეუღლე მალევე უკან დაბრუნებას აპირებდა. ამ 11 წლის მანძილზე ბევრი შრომა დაგვჭირდა, რომ მიზანს მივახლოვებოდით.
წელს რიმა ასკურავას ფბ-ის გვერდზე გაჩნდა სტატუსი:
გუშინ ზუმის საშუალებით პრაქტიკის ტესტი ჩავაბარე, ჩემდა გასაკვირად უშეცდომოდ რომლის შედეგითაც ოქტომბერში ამერიკის სასამართლო დოკუმენტების ექსპერტთა ასოციაციის წევრი გავხდები (Association of Forensic Document Examiners)! მე ვიქნები მეორე ადამიანი მთლიან კალიფორნიაში ამ დიდი და საინტერესო ოჯახის წევრი. სხვათაშორის, ასაკით ყველაზე უმცროსი. ის ერთი წევრი ჩემი კარგი მეგობარი და მასწავლებელია!
ჰოდა, მადლობა ჩემს მშობლებს, ჩემს ოჯახს, ჩემს მასწავლებლებს, ჩემს მეგობრებს და ყველა კეთილისმსურველ ადამიანს!
ერთხელ წავიკითხე: „მთავარი ის კი არ არის, საიდან მოდიხარ, მთავარია, საით მიდიხარ“! მადლობა!
და ახლა უკვე უფრო ზუსტად იცის, სად მიდის, თუმცა, ისიც კარგად იცის, საიდან მოდის, ამ სიყვარულის გამოა, მის ამერიკულ ეზოში ახლა ადესა რომ ხარობს, რამდენიმე წლის წინ ვიღაც ემიგრანტის ეზოდან რამდენიმე ნასხლავი ტოტი რომ მოუტანია, დაუფესვიანებია და გაუხარებია. წელს კი დაისხა და სიამაყით ქართველების თავყრილობაზეც წაუღია მტევნები.
- ყურძნის მეტი რა არის, მაგრამ ამ ადესას ჩემი კუთხის, ჩემი ქვეყნის სუნი და გემო აქვს და სხვა არცერთ ჯიშს არ ჰგავსო.
წელს პომიდვრის მოსავალიც მიუღია - ზურა შევარდნაძის გარდენიადან წაღებული ქართული „ხარისგულას“ 10 ცალი თესლი უწილადებია მეგობარს და უგემრიელესი ნაყოფები დაისხაო., უკვე თვითონ შეუგროვებია თესლი და ფიქრობს, რომ მომავალ წელს ბევრი იქაური ქართველი ემიგრანტის ეზოშიც იხარებს.
- აქ ახლა ყველაფერზე, რაც ჩემს ქვეყანას უკავშირდება, გული მიჩუყდება და კურცხალი მადგება. ჩემმა შვილმა პატარა საკუთარი კომპანია შექმნა, ამერიკული მანქანებით მომსახურებას უწევენ მსურველებს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვნახე, ამ მანქანებზე ქართული დროშები მიეხატათ და დღემდე ამ დროშები დადიან. გამიხარდა, იმიტომაც, რომ ჩემმა შვილმა ამ ფორმით გამოხატა ის მონატრება და ქვეყნის სიყვარული, რაც სამშობლოში ჩავუნერგეთ. სულ მჯეროდა და აწიც ასე მინდა იყოს, რომ ქართველებს სამშობლოს სიყვარულის გამძაფრებული გრძნობა აქვთ. აქ ბევრი ემიგრანტია, ზოგი ადრე და ზოგი გვიან ჩამოსული, მაგრამ ყველას ერთნაირად ენატრება სამშობლო, თითქმის ყველა ფიქრობს, რომ დაბრუნდებიან.
- შენ რას ფიქრობ, რიმა, დაბრუნებაზე?
- მეც უსათუოდ უნდა დავბრუნდე, მანამდე სახლი მინდა ავაშენო ჩემს კუთხეში, ლამაზი გურული ოდა-სახლი და მინდა, ჩემი შვილიშვილები იქ გავზარდო და ნოდარ დუმბაძისა არ იყოს - „მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით, მერე ჩვენ გავმრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა და არასოდეს აღარ დავიხოცებით...“
- ეს თქვენი მეთორმეტე ახალი წელია ემიგრაციაში, საახალწლო რა ტრადიციები გაქვთ?
- ყველაფერი ის, რაც საქართველოში გვქონდა ბავშვობიდან, უკვე მოვრთე ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, გავამზადებ ჩვენებურ საცივს, გოზინაყს, აი, ჩიჩილაკი ვერ მექნება, მაგის მსგავსს ვერსად ვერაფერს აკეთებენ, მეყოლება მეკვლე და მექნება ხონჩაც.
ჩემი საახალწლო სურვილი და ოცნებაა, რომ ყველა დაბრუნდეს სამშობლოში ისე, რომ ეცხოვრებოდეს, ნორმალური, ელემენტარული საარსებო გარემო ჰქონდეთ ადამიანებს და მთავარი - უყვარდეთ ერთმანეთი! ამ წლით თუ ვიმსჯელებ, კმაყოფილი ვარ, კარგი პერსპექტივებიც გამომიჩნდა, პატარა ნაბიჯები გადავდგი წარმატებისაკენ და მჯერა გამოთქმის - ცხოვრება ხომ პატარ-პატარა ნაბიჯებით სიარულის ხელოვნებააო!
მინდა, ჩემს ქვეყანას მივულოცო ახალი წელი, მივულოცო ჩემს კუთხეს, მეგობრებს, ყველას, ვისგანაც ოდესმე რამე მისწავლია, თანაგრძნობა და სიყვარული მიმიღია, მინდა, სიმშვიდე და სიკეთე ვუსურვო ჩემს სამშობლოს!
ნინო ახალაძე