logo_geo
eng_logo
საახალწლო ტრადიციები
- +

31 დეკემბერი. 2021. 21:52

 

საახალწლო სადღესასწაულო ტრადიციები საქართველოს ყველა კუთხეში ოდითგან არსებობდა, მაგრამ ყველას თავისი განსაკუთრებული რიტუალი ჰქონდა. ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ - მეოთხე საუკუნეში 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნემდე - 1 სექტემბერს, შემდგომ კი, მარტში გადაიტანეს. მეთოთხმეტე საუკუნიდან ახალი წლის თარიღი, ევროპული კალენდრის მიხედვით, 1 იანვარს დაწესდა. საქართველოში ახალ წელთან ბევრი წარმართული ტრადიცია იყო დაკავშირებული, მაგალითად: „ბასილა“, „ჩიჩილაკი“. ჩიჩილაკის კულტი, განსაკუთრებით, გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკს „ბასილას წვერსაც“ ეძახიან და იგი წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება. ახალ წელსაც, საქართველოში, ხშირად, „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს.

 

საახალწლო ტრადიციების გამორჩეული რიტუალი ყოფილა ძველ თბილისშიც, მხოლოდ აქაურებს სცოდნიათ - ახალწლის ღამეს სახლის მთავარი კარი ღია უნდა ყოფილიყო, რადგან სწამდათ, რომ ამ დროს ქუჩებში ბედნიერება ჩამოივლიდა და მხოლოდ იქ შებრძანდებოდა, სადაც კარს ღიას დაახვედრებდნენ. ასევე თბილისური ტრადიციის თანახმად, საახალწლოდ ჰქონდათ პატარა ტაბლა, რომელსაც გააწყობდნენ ტკბილეულით, ოჯახის დიასახლისი ოთხივე კუთხეში დაამაგრებდა სახლში ხელით ჩამოქნილ სანთლებს, ოჯახის უფროსი კი ახალწლის ღამეს ხელში დაიჭერა ამ ტაბლას და მთელ სახლს დალოცვით შემოატარებდა. სჯეროდათ, რომ ამ რიტუალის დროს მათ ფუძის და ოჯახის ანგელოზი გამოეცხადებოდათ, რომელსაც ბედნიერება, ხვავი და ბარაქა მოჰქონდა.

 

ვასილ კვაჭანტირაძე 87 წლის.

ტრადიციულად, კალანდობის წინა დღე გურიაში ყველაზე დიდი დღესასწაული იყო. საახალწლო ზეიმიც ამ დღეს იწყებოდა და ცხემლისჭრას უწოდებდნენ.

 

ოჯახის მამა ტყეში მიდიოდა, ცხემლას ჭრიდა და წინა საღამოს ბუხარში ან შუაცეცხლზე დააგუზგუზებდა, ნედლ ცხემლას ცეცხლი კარგად ეკიდება, ირგვლივ სითბოც მალე დგებოდა. ჩიჩილაკი კი გაცილებით ადრე მზადდებოდა, იჭრებოდა თხილის და ლუკუმბხის ნედლი ტოტები და ბასრი იარაღით ითლებოდა, მერე შრებოდა, სადგამი უკეთდებოდა და   ტკბილეულით, ჯანჯუხებით, ჩირით, ხილით და კურკანტელას წითელი ბურთულებითა და სუროს ფოთლებით ირთვებოდა. ჩიჩილაკს თავზე გამოთლილ ჯვარს ამაგრებდნენ. საგანგებოდ მზადდებოდა ხონჩა - წმინდა ილორი. ხონჩაზე ელაგა ღორის მოხარშული თავი, დედალი, შემწვარი წიწილები. 12 საათზე მოდიოდა ფეხადი (მეკვლე) ბედნიერი კალდობისა და ახალი წლის მოლოცვებით. ცხემლისჭრას და კალანდას ქათმისფერხვა მოსდევდა და ამ დღისთვის მეკვლედ ბარაქიან, კეთილ, ზორბა და პუტკუნა ქალს ეპატიჟებოდნენ - ქათმებიც `სოღვა~ და მსუქანი რომ ჰყოლოდათ. სჯეროდათ იმისიც, რომ თუკი ქათმისფერხვის მეკვლეს თავზე პომპონიანი ქუდი ეხურებოდა, ქათმები ქოჩორა ეყოლებოდათ. მეკვლეს კი მარცვლეული უნდა მოებნია ეზოში, სახლში, საბძელში და თან ეძახა - ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზი (მოჩხოროზი მეგრულად წიწილას ნიშნავს და ვერ გეტყვით, რატომ ისესხეს ეს სიტყვა გურულებმა).

 

კალანდას ყველა ოჯახი თოფის სროლით ეგებებოდა, ყველა ოჯახში ლხინი იყო და სუფრა - გაშლილი, დილიდან მეზობლიდან მეზობელთან გადადიოდნენ და ყველა ერთმანეთს ულოცავდ ახალი წლის დადგომას.

 

ყველა სუფრაზე პირველი მშვიდობის სადღეგრძელო ისმებოდა, რადგან სჯეროდათ, რომ მშვიდობის გარეშე ყველა დღესასწაულს ფასი დაეკარგებოდა.

 

 

შობა-კალანდის მოსალოცი თქმული 1905 წ. გაბილაი კაშიას მიერ /გაზ. ივერია, 1 იანვარი, 1905 წ./ კწყალობდეს ფამფალეთის სამას სამოცდა-ხუთი წმინდა გიორგი და სუჯუნა გადაჭედილი, მომილოცავს ყველაიზა გასული შობა და დღემანდელი ფეხბედნიერი კალანდა. მოქცეს ღმერთმა ხთის და ბატონის წყალობა. წმინდა ბასილეს წყალობა, პური და ღვინო, თეთრი და საქონელი, ათასი ჯორის ჭვირნული ქონება, თვალი და მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი, ჯანის სიმრთელე, გული მხიარული, წელის იარაღი, გურიელის ხმალი, მისი მამული, მაჭახელაი თოფი, მოთელილი ფიშტო, შეჭედილი ყამა. მომყავს ბედაური ქორი, შეკაზმული ცხენი, მწევარ მეძებრები, გაბაწრული შენი მტერი და ჩაჩუტი. ღმერთმა ბრავალი გაგითენოს დღევანდელი დღესასტავლი, გწყალობდეს წმინდა ბასილე და დიდი ქათმის ფერხვა. აგუნამც ისე ხელხვავრიელად ჩამოგიაროს, მთელი ამ წელიწადში თქვენ მარანში ღვინო სულ წყალსავით - აგაცილოს ღმერთმა მტერის რისხვა და ატაკუტაია ყაძახის მუჯლუგუნი და მათრახი~. რაცხა თუ ვერ გეიგეთ… მომწერეთ როცხა... აგიხსნით საცხა... დაგელოცოთ აბა ფაცხა.. კერია და ნალია.. კიდომ ბევრი რაცხა

 

 

ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში - დიდნენეის მოგონებები

 

მაშვინ ახლით არკაცი არ აღნიშნავდა, ნენეი ცამეტამდე კაი ხნით ადრე დეიწყებდა ხაზირობას.

 

ფელამუშიზა და ლეჩერიზა კაი ადესას წვენს გედენახავდა, წაბლაი ხაპები სულ გვქონდა, ზეგნის ყანიდან რუმ ჩამოვტანდით, ავარჩევდით და ნალიაში შევნახავდით, რუმ მერე გეგვეკლა. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, სა წეგვეღო არ ვიცოდით. ხანდეხან აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გედვიარდით და ოზურგეთის კვირის ბაზარზე ვყიდდით.

 

ნაძვის ხეს არ ვდგამდით, რაცხა ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და არც ი ვიცი, რეიზა.

 

ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი.

 

ზალაში დიდი სტოლი რუმ იდგა, იმაზე დააწყობდა ყოლიფერს. კაი კეცის ჭადებს დააცხობდა, ხანდიხან თაფლიანსაც. საკლავს დავკლავდით და ხორცით იმფერ იახნს გააკეთებდა, ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურიზა მამალს დაკლავდა. ქათამს ბროწევლის ან კუხის წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერს შეტატავდა, ქარს სუნი ტყემაკარავში მიხონდა.

 

შემოდგომაზე რუმ ბუხრის თავზე აპოხტებს გამოვჰკიდავდით, ჩამეიღებდა და კვერცხში შეწვავდა. დ ეი, ნენევ, რა კაი საჭმელი იყო, არ იცით ახლანდელმა ბაღნებმა!

 

ამ დღიზა ლეჩერი კაი ხნის მოდუღებული ხონდა ნენეს და მეზობლის ქალებზე მიკითხულიც. როხსეთ ბიბილას ნემეტარი უყვარდა მისი მოდუღებული ლეჩერი და პირველი სულ იმას მუუურბენიებდა.

 

დემირაი ვაშლებს თხილით და შაქრით ცხელი კეცში ბუხარში ნაკვერჩხლებს მუუფიცხებდა. ეიიი, ბუძიკავ, სუნს დააყენებდა, კინტრიშს კოხამდე ჩაზდევდა.

 

კაი ყაფლამასაც ჩააბუჟბეჟებდა და მჟავე ფხალსაც შეასუნელებდა. მჟავეს დიდი დერგებით აკეთებდა და ნალიაში მიდღემჩი ხონდა შენახული. გამოსულზე ვინცხას პირი წუუხტებოდა ან მუცელი წამიეზრდებოდა, ყველაი ჩვენთან მოდიოდნენ მაგის ხათრით.

 

ფელამუშს ნენეი არ აკეთებდა. ვეღარ ასწრებდა და რუმ შემოდგამდა ცეხლზე კარდალას, რიგრიგობით ბაღნები ვურევდით. თაფლს ჩუუმატებდა შით და დანაყილ თხილს. ეი, რა კაი რაცხა იყო!

 

მაჯუნს ვინცხა მოგვიკითხავდა. ყველაი ვერ აკეთებდა და ბევრი ამბავი და გიმიშვი-დამაკავე უნდოდა, მარა ქუმა ყოველთვის გვხონდა თავანში გამოკიდული. ხანჯერ მოვპარავდით და ხვართქლევაის ღელეში ვჭამდით.

 

მე მთელი ჩემი ბაღნობა მფერხავი ვიყავი. ერი საათით ადრე წევდოდი სახლიდან და მეზობლებში ვქერქეტებდი. რუმ დააკლდებოდა პაწაი დრო, მივდოდი სახჩი. მარჯვენაი ფეხით შევდოდი. ჯიბენები კამპეტებით აფსილი მხონდა. იმას მუაპნევდი და ბრინჯის კეკალს ყოლიფერი ბევრი, ყოლიფერი ჯამთელი და მიდღემჩი ბედნიერი თქვა ვიტყოდი და ე, მერე დეიწყებოდა ხორხოცი, ცეკვა, ხორუმი და ტაშფანდურა, დილამდე არ მოვშლიდით ლხინს. ეიფსებოდა ოდა სტუმრებით. მანამდე კაციშვილი არ წამეიჭიტინებდა. მფერხავს კაციშვილი არ მუასწრებდა. თვარა, მერე მთელი წელი რამე იბრეთი რომ მომხთარიყო ოჯახში, სულ იმას მუუწევდა წყევლა და გინება.

 

ბაბაი იმფერ სანთლის არაყს ხთიდა, ჩვენთან მოსული კაძახი უკან წადაუკურაი ვეღარ მიდიოდა და მერდევანზე წარწალდებოდა.

 

მეორე დღეს ქათმის ფერხვა გვხონდა. მარა ნენეი ახორს და კარიას ჩვენ არ გვაკარებდა, მიდღემჩი თვითონ ფერხავდა. ამ დღიზა დიდი კარდალაით სიმინდის კეკალს მოვხარჩდით, გარეთ არ გვიშვებდენ, ქათმები ეზოში არ დაკავდებიან, შორს იბოდიალებენო. ხოდა, ქი ვიჯექით მთელი დღეი ბუხრის ძირში ქეჩხოზე და ვლამბავდით დიდნენეის მოგონებებს

 

 

ფშავი. თამარა ქუცნაშვილი, 82 წლის

რვანი ვყვანდით დედ-მამას, მე სუ უმცროსი ვიყავ და კარქა მახსოვს, როგორ გვიხაროდა ახალი წლის მოსვლა. ღარიბები ვიყავით და სოფელიც ღარიბი იყო, მაგრამ საახალწლოდ სამზადისი სუ გვქონდა, დედა თოკორაშვილის ქალი იყო, ახალწლის ღამით გაახურებდა თონეს და დააცხობდა ნაზუქებს, ტკბილს პურებს და ერბოში მოშუშულ ხახვიანებსაც, გამაიტანდა დამბალ ხაჭოს, წნილს, ერბოს, ყველს. გზისპირას გვედგა სახლი და დიდ ხონჩაზე დასდებდა ყველაფერს და გაიტანდა, ამვლელ-ჩამვლელი დაილოცებოდა, ახალ წელს მაგვილოცავდნენ. ყველანი მხიარულები ვიყავით. საერთოდ ფშავური ტრადიცია იყო - ხმიადის გამოცხობით იწყება ახალი წლის დილა. ოჯახის დედა თაფლს და ხილს ჩამაარიგებდა და დაილოცებოდა - ასემც ტკბილად დამიბერდითო.  მინამ მეკვლე არ მოვიდოდა, ოჯახიდან არავინ გავიდოდა, მერე კი ხინკლის კეთება იწყებოდა და ცეკვა-თამაშობა.

 

 

ნინო ცინცაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner