გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ბირთვული ომის პრევენციისა და გამალებული შეიარაღების თავიდან აცილების შესახებ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებას მიესალმება.
„გენერალური მდივანი აფასებს იმას, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები აღიარებენ გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას“, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.
ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული რისკების აღმოფხვრის ერთადერთი გზა ბირთვული იარაღის განადგურებაა.
მანამდე აშშ-მა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.