დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობაში საავტომობილო გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია.
მთავარი პრობლემა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზეა. კერძოდ, ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი მონაკვეთზე, სადაც მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილებაც შეზღუდულია.
ამასთან, დილიდან მთიან აჭარაში გამოიდარა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა და დაწყებულია შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც.
ხულოსა და შუახევში პრობლემები რჩება ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც. ამ დრომდე აბონენტების ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ შეფერხებების აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები დილიდან მუშაობენ.