აშშ-ის ხელისუფლებამ კოლუმბიის მოქალაქეს მარიო ანტონიო პალასიოსს 2021 წლის ივლისში ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის მიზნით შეთქმულების მოწყობის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, პალასიოსი და სხვა პირები, მათ შორის 20-მდე კოლუმბიელი და რამდენიმე ჰაიტელი თავდაპირველად ქვეყნის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის გატაცებას გეგმავდნენ, თუმცა შემდეგ გეგმა შეცვალეს და ჰაიტის პრეზიდენტის მოკვლა განიზრახეს.
43 წლის პალასიოსს ბრალად ედება შეთქმულება აშშ-ის ფარგლებს მიღმა გატაცებისა ან მკვლელობის მიზნით და მკვლელობის განხორციელებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მარიო ანტონიო პალასიოსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
იამაიკიდან დეპორტაციის შემდეგ პალასიოსი პანამაში, ინტერპოლში ჰაიტის ხელისუფლების მიერ გაგზავნილი ორდერის საფუძველზე დააკავეს, მოგვიანებით ანალოგიური მოთხოვნა პანამას აშშ-მაც გაუგზავნა. პალასიოსმა აშშ-ში დეპორტაციაზე თანხმობა განაცხადა და ამჟამად ფლორიდაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
2021 წლის 7 ივლისს, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიჭრა მოიზის მეუღლეც. მოგვიანებით ჰაიტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში კოლუმბიის 26 მოქალაქე შედიოდა, რომელთა ნაწილი უკვე დაკავებულია.