ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იუწყება, მთავრობის მიერ დადებული პირობის მიუხედავად, რომ გათხევადებული აირი არ გაძვირდება, დემონსტრანტები დაშლას მაინც არ აპირებენ.
მათივე თქმით, მთავრობის გადადგომა არაფერს შეცვლის. აქციის მონაწილეების განმარტებით, ხელისუფლება სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
აქტივისტები ასევე ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ქალაქ ალმათიში დემონსტრანტების დევნა შეწყვიტოს.
მომიტინგეები ასევე რჩებიან ქალაქ ჟანაოზენის ქუჩებში, საიდანაც 2 იანვარს დაიწყო საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვენ, რომ ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგეს, ასევე შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, რათა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ დამოუკიდებელ კანდიდატებს, პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდოს, ხოლო პარლამენტის გაფართოვდეს და ქვეყანა 1993 წელს მიღებულ კონსტიტუციას დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, მათ მთავრობის გადადგომა და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლა მოითხოვეს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა წინადადებით, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში კომუნალურ სერვისებზე გადასახადები არ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, აქციები ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. ალმათის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და მოქმედებს კომენდანტის საათი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ღამის განმავლობაში გამოიყენეს ძალა, არიან დაკავებულები და დაშავებულებიც.