logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ფრთხილად იყოს სააკაშვილი, კისერი არ მოიტეხოს!
- +

3 აგვისტო. 2016. 01:47



საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა... იგი შევარდნაძის ეპოქასა და დღევანდელობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ვინმეს მიერ წინასწარ დაწერილ სცენარს არ დაემთხვევა!


- ბატონო კობა, „ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად რომ წარგადგინათ, ამაზე გია ხუხაშვილმა თქვა - „ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი მეცაო"! ამასვე იმეორებენ „ნაცმოძრაობის" პარტიული ხროვის ის წევრები, რომლებიც თავის დროზე შევარდნაძემ გამოჩეკა! ამ ადამიანებს სარკე არა აქვთ თუ რა ხდება, რით ახსნით მსგავს გაკენწვლას?

 

- ძალიან მიკვირს, ამ ამბავში გია ხუხაშვილი რომ მონაწილეობს! თუმცა, თავის დროზე, შევარდნაძის პრეზიდენტობისას, გიაც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმიანობაში! ის ფაქტი, რომ შევარდნაძის პერიოდში ნამუშევარი ადამიანების „გაშავება" სურთ, სხვა არაფერია, თუ არა რაღაც სექტის ან მცირე ჯგუფის სურვილი, იძალადოს ადამიანის აზროვნებაზე. სააკაშვილის დანაშაულებრივი სინდიკატი ზუსტად ასეთი განცხადებებით სულდგმულობდა და საზრდოობდა 2004-2012 წლებში. 2004-2006 წლებში ეს დანაშაულებრივი სექტა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფებს ატერორებდა, ხოლო 2006 წლიდან მათ საზოგადოების დატერორებაც დაიწყეს...


- შევარდნაძის აპოლოგეტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ადამიანებში ერთგულებას ვაღმერთებ! როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, „ვარდების რევოლუციის" დღეებში შევარდნაძისადმი შესაშური ერთგულება გამოამჟღავნეთ! მიგაჩნიათ თუ არა, რომ შევარდნაძემ თქვენ და თქვენისთანები გაგყიდათ და „ვარდების რევოლუცია" თავის გაზრდილებთან შეთანხმებული ჰქონდა? რას გთავაზობდნენ სააკაშვილი და მისი ხალხი გადასაბირებლად?


- აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და დღემდე არ მჯერა, რომ შევარდნაძეს „ვარდების რევოლუცია" სააკაშვილთან ჩაწყობილი ჰქონდა! რა ინფორმაციაც მაშინ ჩემთან შემოდიოდა, ამ ვერსიის არ მჯერა, რომ მოვლენათა განვითარების ლოგიკამ მსგავსი დასკვნები წარმოშვა. შევარდნაძემ დაუშვა უსერიოზულესი შეცდომები და ამ ავანტიურისტების ჯგუფს მისცა სრული კარტ-ბრანში, რათა მისი ავტორიტეტი და გავლენები დასავლეთში მაქსიმალურად გამოეყენებინათ! ამათაც ამ შესაძლებლობებით ისარგებლეს და შემდეგ შევარდნაძეს შემოუბრუნდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ - ელიტაში გაჩნდა ახალი ელიტა, რომელმაც დაამხო ძველი.


1998 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი მომენტი უიმედოდ იქნა ხელიდან გაშვებული, რამაც ჩვენი სახელმწიფო კატასტროფულად დაასუსტა: საბოლოო ჯამში სწორედ ამან გამოიწვია 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელსაც მე ამბოხებას ვუწოდებ... რაც შეეხება ჩემთან ვაჭრობას, ამბოხების მონაწილენი და ლიდერები ჯერ კიდევ 2000 წლის გაზაფხულზე შეეცადნენ ჩემს გადაბირებას, როცა მიხეილ მაჭავარიანის უწყებაში - საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარედ გადამიყვანეს. მიხვდნენ თუ არა, რომ ჩემი გადაბირება შეუძლებელი იყო, მწვავედ დამიპირისპირდნენ და საბაჟო სამსახურიდან ოპერატიული სამსახურების წაღება მოინდომეს. მათი ჩანაფიქრი ასეთი გახლდათ - გეგმა ვერ უნდა შესრულებულიყო, რათა მერე თითი ჩემკენ გამოეშვირათ და ვთქვათ - აი, შევარდნაძის კადრმა ვერ ივარგაო! დღემდე ვერ გამიგია, რატომ იყო ჩემს დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროზე უფრო კორუმპირებული უწყება, რომელსაც მიხეილ მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა?

 

- როგორ ფიქრობთ, არჩევნებში „ნაცმოძრაობა" სტატუს-კვოს შეინარჩუნებს და ისევ მეორე ადგილზე გავა?

 

- თუ ხალხი არჩევნებზე მასობრივად გამოვა, დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობას" ძალიან გაუჭირდება, რადგან ხალხი ხმას არ მისცემს! ყველაფერი ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული...


- ამბობენ, რომ ამერიკის ელჩს უკვე ჩამოწერილი აქვს პარლამენტში გამსვლელთა სია, რომელშიც არიან „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა", ბურჭულაძის პარტია და ალასანია! რას იტყვით?


- არ მგონია, ასე მოხდეს! ძალიან მეეჭვება, ეს კონფიგურაცია არ შეიცვალოს... მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ  პარლამენტში მოსახვედრად ძალიან მაღალი შანსები აქვს „პატრიოტთა ალიანსს", მგონი, რაღაც ბლოკებიც შეიქმნება და ვვარაუდობ, რომ უფრო მრავალპლასტიან პარლამენტს მივიღებთ!

 

- ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა" არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების მეორე დღისთვის, ანუ არეულობისთვის ემზადება! რა შანსები აქვთ მათ ქვეყნის ასარევად?


- მოკლედ გეტყვით - 2012 წელს, როცა სააკაშვილი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, მიხვდა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა და დამარცხება აღიარა! ახლაც ასე მოხდება - როგორც კი „ნაცმოძრაობა" დაინახავს, რომ არანაირი საფუძველი მათი ავანტიურის განხორციელებას არა აქვს და ხალხი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის წინააღმდეგია, მერწმუნეთ, მათ სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დამარცხება ისევ აღიარონ!

 

- ნაცები ამ ბოლო დროს ერთმანეთს გულს უკეთებენ და ამბობენ - „მიშა გზაშია!" მიშა მართლა გზაშია?


- (იცინის) არ გამიგია... სააკაშვილი თუ მართლა გზაშია, ფრთხილად იყოს, ფეხი არ გადაუბრუნდეს და კისერი არ მოიტეხოს!



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner