logo_geo
eng_logo
ევროკავშირი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

5 იანვარი. 2022. 20:24

 

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც ძალადობის შემდგომი ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას ვაღიარებთ, თუმცა ევროკავშირი მოელის, რომ დემონსტრაცია არაძალადობრივი დარჩება და ძალადობის ყოველგვარი წაქეზება თავიდან იქნება აცილებული. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას და პროპორციულად გამოიყენოს ძალა უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვისას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქალაქ ალმათიში და ყაზახეთის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ალმათიში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner