„ყაზახეთში მასობრივი არეულობების შედეგად, პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყაზახეთის შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეტაკებების შედეგად, პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 317 თანამშრომელი დაშავდა.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.