logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს
- +

6 იანვარი. 2022. 02:13

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.

 

„ყაზახეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა, რათა „დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“.

 

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner