პროკურატურის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გამოკითხული მოსამართლე, მათზე ზეწოლას უარყოფს. რამდენიმე დღიანი გამოკითხვის შემდეგ, კი მთავარი საგამოძიებო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სასამრთლოს თავმჯდომარის მოლოდინშია. მოსამართლეთა ნაწილი ე.წ. კაბელების საქმეზე დანიშნულ სხდომაზე მისვლას არ გეგმავს. მოხდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პარალიზება.
დაგეგმილ სხდომაზე, სასამართლოს 9 მოსამართლიდან, 5 არ აპირებს მისვლას. ამის მთავარი ორი მიზეზი არსებობს, პირველი - გიორგი პაპუაშვილის მიერ, ცოტა ხნის წინ გაკეთებული საკმაოდ ხმაურიანი განცხადება მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ. მოსამართლეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს მოსამართლეებისადმი ნდობას. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, აქვთ შეკითხვები პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებითაც თუ როგორ მიმდინარეობს და როგორც ისინი აღნიშნავენ, საკმაოდ ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ ასევე აღნიშნული საქმის ადვოკატს, რომელიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლეები ხვალინდელ სხდომას არ დაესწრებიან, ეს იქნება მსოფლიოში პირველი პრეცედენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა არ შედგება.
მერაბ ტურავა: არავითარი პოლიტიკური სივრცე, მე პირიქით პოლიტიკურ სიბრტყეში იმ მოსამართლეებმა დააყენეს, რომლებიც მოსამართლესთან შეუთანხმებლად და მოსამართლის აზრის გარეშე გამოვიდნენ და თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე თუ მოსამართლეზე, ხდება ზეწოლა.
ოთარ სიჭინავა: არის ორი საკითხი, რომელსაც მე ხაზი გავუსვი. ერთი არის ის, რომ მართლა მაინტერესებს რა ხდება იმ საქმეზე, რომელზეც მთავარ პროკურატურაში ვიყავით და მეორე საკითხია, რომ სარჩელის თემა, რომელიც ბ-ნმა მერაბმა წამოწია.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ერთგვარად შეაჯამა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამოკითხვის შედეგები. მთავარ საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოკითხული მოსამართლეებიდან არცერთს არ უსაუბრია კონკრეტულ ფაქტებზე და არ დაუდასტურებია მათზე ზეწოლის შესახებ. ახლა ბუნებრივია, მთავარი მოლოდინი უკავშირდება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოკითხვის შედეგებს, როგორც ცნობილია გიორგი პაპუაშვილს პროკურატურის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში გაესაუბრებიან, შესაბამისად სწორედ მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, არსებობს თუ არა ამ კუთხით რაიმე ტიპის ფაქტები. პოლიტიკური შეფასებები კეთდებოდა სწორედ ამ მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ გიორგი პაპუაშვილის საკმაოდ სკანდალურმა და ხმაურიანმა განცხადებამ სერიოზული ზიანი მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს და იმ შემთხვევაში, თუკი საგამოძიებო უწყებებს არ მიეწოდებათ კონკრეტული ინფორმაცია და არ დადასტურდება ზეწოლის ფაქტები, შესაძლოა ამას საკმაოდ მძიმე შედეგი, მათ შორის სამართლებრივი შედეგებიც კი მოჰყვეს. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.