,,აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების შესახებ სიცრუის ქსელი შექმნა და გაავრცელა”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალაუფლებას უფრო აფასებს, ვიდრე პრინციპებს. ის საკუთარ ინტერესებს უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ვიდრე ამერიკის ინტერესებს. მას არ შეუძლია აღიაროს, რომ წააგო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის დროს დონალდ ტრამპმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავდასხმა შეეჩერებინა.
2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.