logo_geo
eng_logo
გიორგი ფანგანის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც ორი ქვითარი მიიღეს, სემეკმა დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე გაუხანგრძლივა
- +

6 იანვარი. 2022. 20:21

 

 

,,ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი, თუ არ ან ვერ გადაიხდის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან. ანუ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, დავალიანება თვის ბოლოს დაფარონ”, - ამის შესახებ სემეკის წარმომადგენელმა გიორგი ფანგანმა განაცხადა.

 

ფანგანის თქმით, იმის მიუხედავად, გადახდის თუ რა უკანასკნელი ვადაა მითითებული ქვითარში, არცერთი მომხმარებელი ქსელიდან არ გაითიშება. მან განმარტა, რომ ეს შეეხება როგორც წყალმომარაგებას, ასევე ელექტროენერგიას.

 

„მიუხედავად იმ სპეკულაციისა, რაც გვესმის უკვე ორი დღეა, ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი საქართველოში არ გაზრდილა. ყველაფერი იგივეა, არაფერი გაზრდილა. ერთადერთი, შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. იმის გამო, რომ ეს სისტემა შეიცვალა, ზოგიერთმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში გადასახადი არ გაზრდილა. ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ის გაიყო ორად. გარკვეული შეშფოთება გამოითქვა გადახდის ორ ქვითართან დაკავშირებით, მოგვმართა არაერთმა მოქალაქემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი უფლებები დაირღვა. ამიტომ, დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიასთან და „ჯი ვი პი-თან“ ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი, თუ არ ან ვერ გადაიხდის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან. ანუ, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, დავალიანება თვის ბოლოს დაფარონ. ორი ქვითარი და ეს სისტემა იყო ერთჯერადი და თებერვლიდან ყველაფერი ბუნებრივად გასწორდება.

 

რაც შეეხება გადაცდომებს, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სემეკს. ძალიან რთული სისტემა შევცვალეთ, არ გამოვრიცხავ ხარვეზებს. მოგვმართონ, აუცილებლად შევისწავლით ყველა შემთხვევას, დავაკორექტირებთ თუ რამეა დასაკორექტირებელი. თუ გამოიკვეთა, რომ სისტემური სახე აქვს გადაცდომებს, ვიმოქმედებთ ძალიან მკაცრად და კომპანიებს შეიძლება, სანქციებიც დავუწესოთ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner