თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე “ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.