logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ბაიდენმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეშლილი პოლიტიკით ანადგურებს, დღეს ჩემი სახელი გამოიყენა ამერიკის კიდევ უფრო დაყოფის მიზნით
- +

6 იანვარი. 2022. 21:39

 

 

ბაიდენმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეშლილი პოლიტიკით ანადგურებს, დღეს ჩემი სახელი გამოიყენა ამერიკის კიდევ უფრო დაყოფის მიზნით, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 

„ეს პოლიტიკური თეატრი მხოლოდ ყურადღების გაფანტვას ემსახურება იმ ფაქტისგან, რომ ბაიდენმა მარცხი განიცადა. ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს საზღვრები, სრულად დავკარგეთ კონტროლი კორონავირუსზე, აღარ ვართ ენერგოდამოუკიდებელნი, ინფლაცია მძვინვარებს, ჩვენი სამხედროები ქაოსში არიან, ხოლო ავღანეთიდან ჩვენი გამოსვლა, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო იყო შეერთებული შტატების გამორჩეულ ისტორიაში“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შესახებ სიცრუის ქსელი შექმნა და გაავრცელა.

 

„მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალაუფლებას უფრო აფასებს, ვიდრე პრინციპებს. ის საკუთარ ინტერესებს უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ვიდრე ამერიკის ინტერესებს. მას არ შეუძლია აღიაროს, რომ წააგო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის დროს დონალდ ტრამპმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავდასხმა შეეჩერებინა.

 

2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner