logo_geo
eng_logo
„მე ამას ქვეყნის დასასრულად ჩავთვლიდი“ - თამარ სანიკიძე მინისტრებზე საუბრობს
- +

3 აგვისტო. 2016. 02:24



ამ ისტორიას მხოლოდ ერთი გმირი ჰყავს - თამარ სანიკიძე. შეიძლება ითქვას, მან აქამდე დამკვიდრებული სტერეოტიპები დაანგრია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მინისტრმა არა მხოლოდ დატოვა პოსტი, არამედ სისტემაში დარჩა. თამარ სანიკიძე მზადაა, ახალ მინისტრთან ითანამშრომლოს და დაწყებული რეფორმები ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად დაასრულოს. ეს ნამდვილი გარღვევაა. როგორც წესი, მინისტრები ან ძალიან გაბრაზებულები მიდიან და მედიაში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ - თავიანთი შემცვლელის არაფერი მოსწონთ; ან იბუტებიან და მედიას ემალებიან.


ახლა პირველად წაიკითხავთ ყოფილი და მოქმედი მინისტრების ერთობლივ ინტერვიუს. სანიკიძე უკვე თავის ყოფილ კაბინეტში, ალექსანდრე ჯეჯელავა კი მის სამუშაო სავარძელში. განსხვავებული ხედვების მიუხედავად, მათ მაინც ბევრი საერთო აქვთ.


- ძალიან მიხარია, თუ სტერეოტიპის დანგრევა მართლაც მოვახერხეთ, იმედს ვიტოვებ, რომ უკანასკნელი არ იქნება. თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა და დემოკრატია შედგეს და განვითარდეს, თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ და ამას უნდა შევეგუოთ. ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ადამიანები მიდიან და მოდიან მთავარია, საქმე არ გაჩერდეს, გაგრძელდეს და განვითარდეს.

 

- ანუ ეს იყო ერთობლივი, შეთანხმებული გადაწყვეტილება და თქვენ იცოდით, მინისტრობის შემდეგ სად წახვიდოდით?


- მინისტრობის შემდეგ, ვინ სად წავა, წინასწარ არავინ იცის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განათლებას სჭირდებოდა ახალი რეფორმები, სჭირდებოდა ახალი ენერგიული და პროფესიონალი ადამიანი. ვისაუბრეთ იმაზე, რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. დასაგეგმი იყო შემდეგი ოთხი წელი და, რა თქმა უნდა, ეს უმჯობესია, იმ ადამიანმა გააკეთოს, ვინც ეს ყველაფერი უნდა გააგრძელოს.


- ბატონო ალექსანდრე, თქვენ იყავით ჩართული მოლაპარაკების ამ პროცესში?


- რა თქმა უნდა, ვმონაწილეობდი. საუბრები მიდიოდა ამ თემაზე და მე ძალიან მეშინოდა ამ ამბის. გადაბარების პროცესში, თამარმა ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხი გამაცნო, დამარიგა. თამარის დარიგების გარეშე, ახლა ერთი ან სამი თვით უკან ვიქნებოდი. დასაკარგი დრო ჩვენს ქვეყანას არც ერთ სისტემაში არ აქვს. მეც იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ჩემს შემცვლელთან ერთად ვიჯდები და გვერდში დავუდგები.

 

- რა იყო ის რჩევები, რომელიც განათლების ამჟამინდელმა მინისტრმა განათლების ყოფილი მინისტრისგან მიიღო?


- გადაბარების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უზარმაზარი სისტემაა. ბოლო 4 წელი, შრომატევადი სამუშაოები და დინამიური პროცესები მიმდინარეობდა, თანაც შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაჩქარებული ტემპით. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი, მოზომილი დინამიკა და გაჯანსაღება სისტემას მართლაც სჭირდებოდა. მთელი მონდომებით შევეცადე, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად კომპაქტურად და გასაგებად ამეხსნა სანდროსთვის, იმისთვის, რომ მისი ათვლის წერტილი უფრო მარტივი განსასაზღვრი ყოფილიყო. სანდრო არის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი და რაც მთავარია, მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და მიმართულება იმისა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სისტემის განვითარება. იმისთვის, რომ სანდროს მუშაობა უფრო მარტივად გაეგრძელებინა, მაქსიმალურად შევეცადე, დაგროვილი ინფორმაცია მისთვის გადამეცა და რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებაც გამეზიარებინა, როგორ ვხედავდი შემდგომში სისტემის განვითარებას.


- ქალბატონო თამარ, რამდენიმე კითხვით ისევ შეხვედრის ფორმატს დავუბრუნდები, გაგიჭირდათ ამ ფორმატზე დათანხმება?


- არანაირად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. პირველი დღე არ არის, რაც სანდროს ვიცნობ. იცით, რა აადვილებს ყველაფერს? - ეს არის იმ საქმისადმი დამოკიდებულება, რომელსაც მე ვაკეთებდი და დღეს სანდრო აკეთებს. გადავხედოთ წინა წლებს. რამდენი მინისტრი წავიდა და მოვიდა, იმდენი ახალი რეფორმა, იმდენი ახალი იდეა, იმდენი კრიტიკა წინამორბედის და ა.შ. გასაგებია, რაც გასაკრიტიკებელია, უნდა გავაკრიტიკოთ, რადგან არ შეიძლება, ყველაფერი მოგვწონდეს და ყველაფერი ბოლომდე სწორი იყოს, ან არასწორი და არ გაამართლოს. სანდროს გვერდით ყოფნა არ არის რთული, იმიტომ რომ სანდროს გეგმებშია იმ ყველაფრის განვითარება, რაც დღეს სისტემაში არსებობს. დიდი იმედი მაქვს, რომ, რაც არ ვარგა. შეცვლის, იმიტომ რომ ბევრი რამის გაკეთება მეც ვერ მოვასწარი. ეს არ არის სისტემა, სადაც ერთ, ორ ან თუნდაც 5 წელში შეიძლება რეფორმის შედეგების დანახვა. რა თქმა უნდა, გააჩნია რეფორმას და მისაღებ შედეგს. ხშირ შემთხვევაში დღეს გადადგმული პატარა ნაბიჯი შედეგს გამოიღებს 7-8-10 წლის შემდეგ.

 

- მინდა, კიდევ გკითხოთ თანამშრომლობის ფორმატის შესახებ, თქვენ რომ ახლა აქ ხართ, წარმატებულ მინისტრად მიიჩნევთ თუ არა?


- მინისტრებმა რომ თავის თავზე საუბარი დაიწყონ, თუ რამდენად წარმატებულები არიან, მე ამას ქვეყნის დასასრულად ჩავთვლიდი. შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, როცა მე სისტემას ვემსახურებოდი, არ დამიკარგავს არც ერთი დღე და არ დამიზოგავს თავი. არ ჩამიდენია დანაშაული ჩემი არასწორი ქმედებით, რასაც საუბედუროდ ხშირად ჰქონდა ადგილი, რასაც ვებრძვი და ეს ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა აკონტროლოს. საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება. ჩვენს სისტემაში ასეთი შეცდომები პირდაპირ თაობებზე აისახება, ამიტომ ვსაუბრობ ამაზე ხაზგასმით. შემიძლია შევაფასო რამდენიმე მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ამ ინტერვენციის შედეგების შეფასება უფრო მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. ზოგადად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გაკეთდა და ეს მთლიანად სახელმწიფოს მიდგომისა და სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგია.


- თქვენ დათანხმდით ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციას, იმავე სისტემაში, სადაც მინისტრი იყავით. ფიქრობთ, რომ ამ პოზიციაზე უფრო ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე მინისტრის პოსტზე?


- შემიძლია, ამ პოზიციიდან გავაგრძელო და დავასრულო საქმის ის ნაწილი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო. ეს არის საქმე, რომელიც განათლების ხარისხსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმებს ეხება, რომლის რეფორმაც 2015 წლის ბოლოს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებით განხორციელდა. ცენტრმა ამ პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, განვითარდა. 2016 წლის ბოლოს იწყება ავტორიზაცია-აკრედიტაციის ახალი სტანდარტების ამოქმედების პროცესი, რომელიც უნდა გაიარონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, ამისთვის ცენტრსაც და უნივერსიტეტებსაც მომზადება სჭირდებათ. ეს თემები კარგად ვიცი, ამ რეფორმის სათავეში ვიდექი, გარკვეულ ადამიანებთან ერთად. შესაბამისად, ახალ მინისტრს შევთავაზე დახმარება ამ ნაწილში.

 

- ანუ თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებ, სად უნდა დარჩენილიყავით სისტემაში?


- მე სისტემაში სამუშაო ადგილს არ ვეძებდი. ჩვენ ვისაუბრეთ სისტემაზე და სისტემის განვითარების შემდგომ პროცესებზე და დავინახეთ, რომ განათლების ხარისხი და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმები არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ ჩამოვყალიბდით, რომ შემიძლია, ეს მიმართულება ჩავიბარო და მეტი წვლილი შევიტანო ამ სისტემის განვითარებაში.

 

- ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სისტემის ყველაზე სუსტი რგოლია და რა რეფორმები უნდა განხორციელდეს მისი გაძლიერებისთვის?


- 2013 წლიდან ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი იმ ინსტიტუციების განვითარებას, რომელზეც ბევრი რამ არის განათლებაში დამოკიდებული. თქვენ იცით, როგორ მუშაობდა რუსთაველის ფონდი, ეს იყო დიდი კითხვის ნიშანი და იქ მომუშავე ადამიანები იყვნენ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. აღარ ვილაპარაკოთ, რა ხდებოდა მეცნიერების მიმართულებით. მოდით, ვნახოთ, რა შევცვალეთ მასწავლებლის სახლში, როგორი რებრენდინგი განიცადა მანდატურის სამსახურმა. ინსტიტუციების განვითარება დაიწყო და გარკვეულწილად დასრულდა. ხარისხის განვითარების სამსახურში კი ეს პროცესი არ დასრულებულა. 2015 წლის ბოლოს კანონში შევიდა ცვლილებები, იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი პირობები შეგვეთავაზებინა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ჩვენ გვინდა, რომ მართლაც გავხდეთ ევროპული განათლების ნაწილი და იმ ევროპული საგანმანათლებლო სივრცის წვერი, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ვფიქრობ, ამ პროცესის გასაგრძელებლად და დასასრულებლად ჩემი რესურსი შეიძლება კარგად იყოს გამოყენებული.


- რა მთავარი პრობლემები აქვს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს?


- ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჯერ კიდევ სჭირდება სერვისების განვითარება. რაც მთავარია, უნდა მოვემზადოთ ახალი ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტების განსახორციელებლად, ისევე როგორც უნივერსიტეტებს უნდა დავეხმაროთ მომზადებაში. ეს თანამშრომლობა თუ არ შედგება, ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, არ გაქრება.


- რადგან ცენტრს ეს პრობლემები აქვს, ვვარაუდობ, რომ თქვენი მინისტრობის დროსაც იდგა მსგავსი პრობლემები, რატომ ვერ შეძელით მინისტრის პოსტიდან ამ პრობლემების მოგვარება და რატომ შეძლებთ დირექტორის პოსტიდან?


- ძალიან ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ, ცენტრის ხარისხმა წინ წაიწია, მაგრამ ეს პროცესები დასრულებული არ არის. იმისთვის, რომ ეს დაწესებულება ჩამოყალიბდეს, როგორც ხარისხის მარეგულირებელი ინსტიტუცია, ამ ცვლილებებს კარგი აღსრულება სჭირდება. ცენტრში მუშაობა არც ერთ ეტაპზე არ გაჩერებულა. ეს ცენტრი იყო განვითარების ეტაპზე, რეფორმის შუა ფაზაში კანონში ცვლილება შევიდა, დღეს ეს პროცესები შეგვიძლია გავაგრძელოთ და დავასრულოთ. თუ აქამდე მინისტრი ვიყავი და ზედამხედველობა მქონდა ამ ორგანიზაციაზე, ახლა შემიძლია პირდაპირ ჩავერთო, როგორც ხელმძღვანელი და ძალიან სწრაფად დავალაგო ისე, რომ ჩემს შემდგომ დირექტორს არ გაუჭირდეს ამ პროცესებში ჩართვა. მთავარი ფუნქცია იქნება დაწესებულების ეფექტური მართვა. კარგია, რომ მანამდე ვიყავი მინისტრი. სხვა შემთხვევაში, ძალიან კარგ მენეჯერს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე სპეციფიკურია, ამ ცენტრის ხელმძღვანელობა გაუჭირდებოდა.


- ბატონო ალექსანდრე, თქვენ მოგიწევთ ქალბატონ თამართან მუშაობა, რა მოლოდინები გაქვთ? თუ გაიარეთ საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს?


- გამოვრიცხავ, რომ თამარმა ვერ მოახერხოს პროცესის წაყვანა და არასწორად ჩამოაყალიბოს. სწორედ ამიტომ შეხვედრების დროს თამარს შევაპარე, ხომ არ აპირებდა სისტემაში დარჩენას. მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ საკითხს ეხება და შეიძლება ბევრს ეთაკილა. ნამდვილი პროფესიონალიზმი არის ის, რომ საქმე გედარდება და ამ სკამზე იჯდები თუ გვერდით სკამზე, მაინც გედარდება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მიმართულება, რომელსაც ჩემი მიხედვა არ დასჭირდება. დასჭირდება ჩვენი კარგი ურთიერთობა, ხედვის ადაპტაცია და ხედვის მხარდაჭერა. ჩვენ ვთქვით, რომ განათლების სისტემა ცალსახად და ორაზროვნად მიდის ინტერნაციონალიზაციისკენ. თანამედროვე მსოფლიოში ადგილობრივი მნიშვნელობის კარგი უმაღლესი სასწავლებელი აზრს მოკლებულია, ანუ შეუძლებელია. შენ თუ კარგი სასწავლებელი ხარ, რატომ გამოდგები მხოლოდ ქართველებისთვის? ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნდა გახდეს საერთაშორისო ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, სკოლების, პროფესიული სასწავლებლების სრულფასოვანი აკრედიტაციის დაწესებულება. საერთოდ არ ვიცით, რა არის და როგორ შევამოწმოთ დისტანციური სწავლება, არადა, ამის გარეშე ვერ ვიქნებით. უცხოური დაწესებულებების ფილიალები, საერთაშორისო სკოლებსაც ვგულისხმობ, პროფესიულსაც და უმაღლესსაც, კარგად არ ვიცით. ბევრი სამუშაო იქნება იმ მიმართულებით, როგორ ავაშენოთ სწორი მოდელი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებთან ვთანამშრომლობთ. დუალური მოდელი არის რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტი. რაც ზუსტად ვიცი, ასევე, არის ის, რომ თამარის პრინციპულობა ჩემსასაც სჯობს. ცენტრში რომ რაღაცას გადაუხვიოს და გადმოუხვიოს, ამის შანსი არის ნული.

 

- დიდი ხანია, ამ სფეროში ხართ, როგორც ტრენერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, და ხშირად გაგიკრიტიკებიათ მინისტრები. ახლა თქვენ მოხვდით ამ სისტემაში და რას ფიქრობთ, თავად წარმატებით გაართმევთ თავს იმ გამოწვევებს, რაც განათლების სისტემას აქვს?


- წარმატების საზომი ჩემთვის პრობლემების არარსებობაა. სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ აქედან. ვფიქრობ, წარმატებით გავართმევ თავს, ამაში დარწმუნებული ვარ. იცით, რა იქნება ჩემი წარმატება? რაც თამარისგან ჩავიბარე, კიდევ უფრო გავაკარგო და შემდეგ სხვა ადამიანს გადავაბარო. დავამთავრებ თუ არა საქართველოს განათლების სისტემის გაბრწყინებას? - ე.ი. ვერა, ვერ შევძლებ.

 

- არ გეკითხებით, გააკრიტიკეთ თუ არა თამარ სანიკიძის რეფორმები, იმიტომ რომ თქვენ უკვე ბევრი კრიტიკული განცხადება გააკეთეთ და ეს ამის მანიშნებელია. თქვენი კრიტიკული განცხადებებიდან ვიგებთ, რომ საფუძვლიან რეფორმას აპირებთ, ეს უნდა წავიკითხოთ, როგორც წინა მინისტრების მარცხი?


- ვინც არ გააკრიტიკებს ან თავისას ან სხვისას, ერთ ადგილზე გაჩერდება. ორი გზა გვაქვს - ერთი, რომ არ მოგვწონდეს რაღაცები და უკეთესი გვინდოდეს და მეორე - რომ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს. როგორც კი გაქვს ორმაგი სტანდარტი, როცა ჩვენი გაკეთებული მოგვწონს და სხვისი არ მოგწონს, ეს არის ტრაგედია და სენი, რომელიც მთელ ერში უნდა მოვარჩინოთ. როცა მე გავაკრიტიკებ თამარის გაკეთებულს და ჩემსას - არა, ეს არის თქვენთვის ჩემი ორმაგი სტანდარტისა და სუბიექტურობის პირველი ნიშანი. ჩვენ ვაპირებთ, გავაკრიტიკოთ ყველაფერი და გუშინ რაც მოვიწონეთ, გავა ერთი წელი და გასაკრიტიკებელი გახდება, იმიტომ რომ გუშინდელი სტანდარტი არ არის აბსოლუტური. დრო ისე სწრაფად იცვლება, რომ შეუძლებელია, განათლების სისტემა ამას არ აჰყვეს.

 

- თქვენ ისეთი ამბიციური მიზნები გაქვთ, სრულიად აპირებთ სისტემის გარდაქმნას და მიდგომების შეცვლას, რომ ამას მარტო ვერ განახორციელებთ, ახალი გუნდის მოყვანას ხომ არ გეგმავთ?


- არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვაპირებ. პირველივე დღიდან ვლაპარაკობ, რომ ეს არის კარგ სამ სართულზე მეოთხე სართულის დაშენება. მე ვამბობ, რომ უნდა განვავითარო არსებული და არა გადავაგდო. ვაპირებ, ეროვნულ სასწავლო გეგმას პატივი ვცე და განვავითარო რაღაცები. ჩვენი ამოცანაა, ვთქვათ, რა არ მოგვწონს და როგორ გავაკეთოთ, რომ არ დავსტრესოთ საზოგადოება, ერთადერთი, რაც არ მომწონს, არის მუქარა მასწავლებლების მისამართით, არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ამ ნდობის აღდგენას წლები სჭირდება. ჩვენ რასაც ვაპირებთ, არის ის, რომ მასწავლებლებს უბატონოდ ხმას არავინ გასცემს. გუნდის ნაწილი მთავარი სირთულეა. იმიტომ რომ მე რამდენი ნარჩევი მენეჯერიც მჭირდება, იმდენად რთულია ამ სისტემაში მოიზიდო. არის ახალი მიმართულებები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა და რომლებსაც, ასევე, სერიოზული ხალხი სჭირდება. მე შევეცდები, ჩემი კომერციული წარსული გამოვიყენო და ვისთანაც პროფესიული ურთიერთობა მქონია, ის ხალხი მოვიზიდო. ასევე, ვაპირებ, თვითონ სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ვიპოვო კარგი მენეჯერები და მათ გავუზარდო პასუხისმგებლობები და დავაწინაურო.


- შეგიძლიათ, კონკრეტული სახელები და გვარები დაგვისახელოთ, ვისთან მიდის საუბრები?


- დღეს ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ზუსტად მედიაში საქმიანობენ, მათ შორის გიორგი ისაკაძეს, რომელიც ჩემი მეგობარია და ვაპირებ, ვთხოვო, ჩაერთოს სწავლის მედიამხარდაჭერის განვითარებაში. მინდა შევკრიბო ისეთი ხალხი, ვინც გვირჩევს. ამ დღეებში მქონდა შეხვედრა არასამთავრობოებთან. მქონდა შეხვედრა ლექსო ალექსიშვილთან, ფინანსთა მინისტრი იყო და კარგად ერკვევა ფინანსურ საკითხებში. „ეტალონის" აღდგენას ვაპირებთ და გოჩა ტყეშელაშვილი ჩვენთან იქნება და ითანამშრომლებს. ვაპირებ, ვინც კი ამ სისტემაშია და ახლომახლო, ყველა იყოს ჩვენი მხარდამჭერი.


- ქალბატონო თამარ, თქვენ თუ იზიარებთ და ეთანხმებით იმ ხედვას, რასაც ბატონი ალექსანდრე ავითარებს?


- ძალიან რთულია, ამ კითხვას კი ან არა უპასუხო. მომწონს ის ხედვა და მიმართულება, რომელიც ბატონ ალექსანდრეს აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამ იდეების განხორციელების გზები და ის, თუ რამდენად იმუშავებს. ეს წინასწარ არავინ იცის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის წინასწარ გაზომვა შეიძლება და შესაბამისად, ცვლილებებიც შევა ამ გეგმაში. დღეს თუ განათლების სისტემას პრობლემები აქვს, ეს არ არის უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთებული საქმის გამო, ეს არის ათწლეულების მანძილზე რამდენიმე მიმართულებით უყურადღებოდ მიტოვებული და გაფუჭებული საქმის გამო, რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით. ძალიან კარგად აქვს ბატონ სანდროს ჩამოყალიბებული ის მიმართულებები, რომლის განვითარებასაც გეგმავს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ იდეების განხორციელების გზები სწორედ განისაზღვროს. ეს არის გამოწვევა. ის, თუ რამდენად გაამართლებს და რამდენად არ გაამართლებს დაგეგმილი რეფორმა, გარკვეულწილად დამოკიდებულია წინასწარი შეფასების შედეგებზე და რა თქმა უნდა, იმაზე, თუ როგორ იქნება ამაში ჩართული არა მარტო მინისტრი, არამედ ყველა უწყება და ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ჩართული. ვერავინ ერთ კაცზე ვერ გადატეხს ჯოხს. ეს არის სისტემა და სისტემას ჰყავს მოთამაშეები. მომწონს მიმართულებები, მაგრამ, როგორც ყველა მოკვდავმა, რომელსაც რამე გაეგება განათლების სისტემაში, შეიძლება ამ ეტაპზე დავსვა კითხვები განხორციელების გზებთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.


- ბატონო ალექსანდრე, შეგიძლიათ, მოკლედ გააანალიზოთ, როგორ იცვლებოდა განათლების სისტემის რეფორმები და მიმართულებები წლიდან წლამდე?


- წლიდან წლამდე და მინისტრიდან მინისტრამდე ცვლილებები კონკრეტულად არ მახსოვს. ასე დეტალურად არ ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა. გამოვყოფდი კორუფციის დონის შემცირებას უმაღლესში მოწყობისას. ეროვნული გამოცდების მეშვეობით ამ პრობლემის დარეგულირება ჩვენი განათლების სისტემის უდიდესი მიღწევაა. გამოვყოფ ბოლონიის პროცესს, რომელიც ხელს უწყობს ევროპულ სისტემებთან დაახლოებას, გამოვყოფდი ინკლუზიას. ბოლო წლების განმავლობაში უამრავმა შშმ ბავშვმა და ახალგაზრდამ სისტემაში შემოსვლა შეძლო. გამოვყოფდი პროფესიული სასწავლებლების წამოწევას და აღორძინებას, ბავშვების კომპიუტერებით აღჭურვას, უფასო სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო კვლევებზე დაფინანსების გაზრდას. ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, თორემ ძალიან ბევრ წარმატებაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ჩვენ აღარ ვიქნებით არც მინისტრები და არც მოხელეები და ეს სისტემები იმუშავებს წარმატებით. ყველა შეხვედრაზე ვეუბნები კოლეგებს, რომ შენს ადგილას რომ იჯდება 20 წლის შემდეგ, ჩემს ადგილას რომ იჯდება, თამარის ადგილას, პრემიერის ადგილას, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას და ოპოზიციის ლიდერის ადგილას, ისინი ყველანი ახლა არიან სკოლაში და მათ უნდა მივხედოთ, თუ გვინდა, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner