ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს საელჩოს 8 მოქალაქემ მიმართა. ამ დროისათვის ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. დიპლომატიურ უწყებაში ცხელი ხაზი მოქმედებს. „ქრონიკა“ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდა.
„ყველაფერი ჩაკეტილია, აეროპორტი დაკეტილია. ერთი სიტყვით, გავიჭედეთ. 4 ადამიანი. აქეთ ქართველები თუ არიან საერთოდ არ ვიცით. ისე ვართ ჩამოსულები. ადამიანი, რომელიც დაგვხვდა ისიც არ გამოდის კონტაქტზე. საგიჟეთია, ერთი სიტყვით“, - ამბობს ანსამბლ „ილორის“ წევრი ბაჩანა მელაშვილი.
ის და ანსამბლის კიდევ 3 წევრი ყაზახეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარ სახლში შეიფარა.
„ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ეს უსაფრთხოდ ყოფნა ნამდვილად ვერ გეტყვით. ასე რომ ვთქვათ ჰაერში ვართ. ეს ოჯახი როდემდე შეგინახავს? რამდენიმე ადამიანი უკვე დაგვიკავშირდა, უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ. გვინდა რამენაირად მოვახერხოთ და აქედან წამოვიდეთ“, - ამბობს მელაშვილი.
ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.