logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას და თავდასხმებს ინსტიტუტებზე
- +

7 იანვარი. 2022. 11:45

 

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედროების ყაზახეთში გაგზავნასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

 

ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა გააკეთეს. როგორც აშშ-ის საგარეო უწყებაში ამბობენ, ვაშინგტონი ელოდება არგუმენტირებულ პასუხს, თუ რა საჭირო იყო ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ყაზახეთი ფლობს საკმარის რესურსს, რათა ქვეყანაში წესრიგი თავად დაამყაროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას ან ყაზახეთის ინსტიტუტებზე თავდასხმებს.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი მალე გადაწყვეტს პრობლემებს, რომელიც ფუნდამენტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როგორც ყაზახეთის მთავრობისა და ხალხის პარტნიორი, აშშ კვლავ მზადაა, ყაზახ ხალხთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განაგრძოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის „სამშვიდობო ძალები“ ყახაზეთში ამ ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გაგზავნეს. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი სამხედროები. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ისინი ყაზახეთში საბრძოლო მოქმედებებში არ მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner