logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩემი შეფასებით, პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის შემოსვლა ალბათ ცოტა დაგვიანებულია
- +

7 იანვარი. 2022. 14:51

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლა შესაძლოა, დაგვიანებული იყოს.

 

„რა გითხრათ, ჩემი შეფასებით, ალბათ ცოტა დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წელი არც ერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. ჯერ როგორც ვხვდები, გადაწყვეტილიც არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მან კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ბოიკოტმა არ გაამართლა. როგორც პაპუაშვილი ამბობს, საპარლამენტო ბოიკოტი არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

„საერთო ჯამში ბოიკოტი თუ საბოტაჟი მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც 2020 თუ 2021 წელს გააკეთა საკუთარი არჩევანი. აქედან გამომდინარე, ამოვარდნაა დემოკრატიის კალაპოტიდან. ჩვენ სულ ამას ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სხვა პარტიებს, რომლებიც მიკედლებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პრობლემა აქვთ ქართველ ხალხთან და დემოკრატიასთან, რადგან არ აღიარებენ არჩევნებს.

 

რაც შეეხება პარლამენტში სხვა პარტიების ყოფნა-არყოფნას, აქაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ისინი პარლამენტში იმყოფებიან არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საკუთარი ამომრჩევლების გამო. თუ არ არიან პარლამენტში, ამით ისინი აზიანებენ არა „ქართულ ოცნებას“ არამედ საკუთარ ამომრჩევლებს. მათი ამომრჩევლების ხმა არ ისმის პარლამენტში, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებების ადრესატი როგორც ზიანის მიყენების კუთხით, ისე სარგებლისთვის, არის მათი ამომრჩეველი. „ქართულ ოცნებას“ ამით არც არაფერი ემატება და არც არაფერი აკლდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე პარტიაში მსჯელობენ. „ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner