„როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, მიუბრუნდებიან ამ „შავ სიებს“ და გამოიყენებენ იმ რეპრესიებისთვის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდათ“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ე.წ. შავი სიის შექმნის შესახებ.
მისივე განმარტებით, „შავი სია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი მეთოდია.
„როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც „შავი სიები“ ჰქონდათ და ეს ყველამ იცის. „შავი სიები“ იმისა, თუ ვინ უნდა მიეწვიათ კონცერტზე და ვინ არა; ვინ უნდა მიეღოთ სამსახურში და ვინ - არა. უკვე დიდი ხანია, რაც ოპოზიციაში აქვთ „შავი სიები“ იმისა, ვინ დააბულინგონ, დაამუნათონ. როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, მიუბრუნდებიან ამ „შავ სიებს“და გამოიყენებენ იმ რეპრესიებისთვის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეცადოს, რომ 50 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.
„საგამოძიებო კომისია არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება 50 დეპუტატმა გამოიყენოს. ვინც არის ინიციატორი ის უნდა შეეცადოს შეაგროვოს 50 დეპუტატის მხარდაჭერა. როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.