logo_geo
eng_logo
ორი კელი და ვაშინგტონის კრემლის ვნებანი
- +

7 იანვარი. 2022. 16:41

 

ცოტა ხნის წინ პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველის, ანუ ფაქტობრივად მთელი საქართველოს თვალწინ, ფარდა ავხადე, თუ ჩამოვხსენი, სამი კარლის (ბილდტი, ჰარცელი, მიშელი) მიერ შემუშავებულ, მეტად მზაკვრულ კომბინაციას („რეპორტიორი“ - 27.09.2021).  მათი გეგმის არცთუ ფარულ მიზანს წარმოადგენდა, არჩევნების წინა პერიოდში როგორმე დაეზიანებინათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მსოფლიოს ისტორიაში ჯერ არ ნახული, სრულიად უპრეცედენტო ინიციატივით - „საიდანღაც“ მოტანილი 43%-ით - „გარდაუვალ“ (მათი გათვლით) პოლიტიკურ ჩიხში მოექციათ მმართველი გუნდი.

 

კი ბატონო, კარგად მესმის, რომ (თუნდაც ჩვენ მიერ შერჩეულ) უფროს ძმასთან თანასწორი დიალოგი, სულ მცირე, გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, როცა ცამდე მართალი ხარ და როცა „გარემოებათა ერთობლიობით“ რწმუნდები, რომ ეს უფროსი ძმა არა შენი ქვეყნის ძმა, არამედ შენი ქვეყნის გამყიდველისა და დამანგრეველის „პაძელნიკი“ ყოფილა, ცოტა უნდა გარისკო და შენი, თუნდაც ჯერ მხოლოდ დე-იურე, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ცოტა უნდა წაიკამათო კიდევაც.

უნდა შევთანხმდეთ, (მთელი მსოფლიო ამას აღიარებს), რომ ამ უკიდეგანო სამყაროში, მინიმუმ, სამი პოლიტიკურ-ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელთაც ინფორმაციის მოპოვებასა და შესაბამის დიაგნოსტიკაში არასდროს არაფერი ეშლებათ, რადგან, უბრალოდ, მრავალი და მრავალი მიზეზის გამო, იოტისოდენა შანსიც არაა იმისა, რომ რაიმე შეეშალოთ. ესენია (შეჩვეული სახელებით რომ მოვიხსენოთ): „ცერეუ“, „კაგებე“ და „მოსადი“. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, ჩვენ შესახებ ყველას (ამ შემთხვევაში აშშ-ის ადმინისტრაციას და ევროპულ ინსტიტუტებს), ყველაფერი ზედმიწევნით მოეხსენებათ.

 

„იქ“ უტყუარად იციან, რომ საქართველოში ავადსახსენებელ პოლიტიკურ პოლარიზაციას მხოლოდ ერთი აქტორი განაპირობებს და ის მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული „ნაციონალური მოძრაობაა“. მაშ, რას უნდა ემსახურებოდეს ამ მავნებლური, ქვეყნის დამაზიანებელი სუბიექტის ესოდენი მოფრთხილება (ვცდილობ, სიტყვები შევარჩიო) და უფრო მეტიც, მის სასარგებლოდ ბალანსის შეცვლის მცდელობები? როგორც ბატონი გოგი, ჩემი უკომპრომისო (კარგი გაგებით) მეზობელი იტყვის ხოლმე - იმას, რომ მუდამ ჰქონდეთ ჩავლებული ყურში ხელიო. მერე დაამატებს ხოლმე - უფროსი ძმისთვის მთავარია მართვის პულტის მუდმივი კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის უმცროსი ძმის შიდა პრობლემები (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური,..) მეორეხარისხოვანიაო.   

 

რასაც ახლა ვამბობ, არახალია. საუკუნეებმა დააგროვა ეს გამოცდილება. უბრალოდ, ამ ჯერზე, თვისებრივად ოდნავ განსხვავებულ წრეზე ვართ წასული. წინა ეპოქებში იმთავითვე „გაჭრილად“ ვიცოდით, ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. დღეს, ახალ ეპოქაში, მიხვეულ-მოხვეულით იმდენი ვიარეთ (იმდენი გვატარეს), თავბრუსხვევით გამოწვეული ბურუსიდან გამოსულებს გვიჭირს ხოლმე ფოკუსირება, კონცენტრაციას ვკარგავთ და მუდმივად მთავარი გზიდან აცდენის საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. შეხსენებისთვის, აქვე ვიტყვი, რომ მთავარი გზა ეკონომიკის  გაძლიერების, ქვეყნის გამდიდრების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნის საფუძველზე ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

 

დაკვირვებული მკითხველი ადვილად დაინახავს, რომ ბოლო ორი აბზაცი ერთმანეთთან ვერ მოდის შესაბამისობაში, ანუ ჩვენი „მთავარი“ და იმათი „მთავარი“ სრულიად სხვადასხვა, ერთმანეთის გამომრიცხავი შინაარსითაა დატვირთული. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა გრძელი, უსასრულო ბეწვის ხიდია, რომელსაც მუდმივად, უფრო პოლიტიკურად რომ ვთქვათ - უწყვეტ რეჟიმში ხან ჩრდილოეთის, ხან სამხრეთის, ხან აღმოსავლეთისა და ხანაც დასავლეთის ქარი არხევს ძალუმად.

*  

შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად და მკაფიოდ ჩანს, რომ ნაც-ბანდისთვის N2 მტერი (ბიძინა ივანიშვილის შემდეგ) მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. სამწუხაროა, რომ ბატონ ირაკლის იგივე „პატივი“ ერგო აშშ-ის ორი ელჩის, ყოფილის და ახლანდელის, ბატონი იან კელისა და ქალბატონი კელი დეგნანისგანაც. „ტუფლებიდან“ მათ ბოლო ამოხტომებს სხვა რა უნდა ეწოდოს, თუ არა მტრობა და „სუსლოვშჩინა“ (ამ კონტექსტში ეს ავადგასახსენებელი გვარი ადრეც გამომიყენებია)? რა უნდა ეწოდოს იმას, როცა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი (იან კელი), თუნდაც ყოფილი, დიპლომატიურ „შეშფოთება-აღშფოთებებსაც“ კი „არასაკმარისად მიიჩნევს“ და პირდაპირ იმუქრება - „აუცილებლად დამარცხდებიო“?

 

ჩემი წერილის შინაარსს თუ ორივე კელის ყურამდე მიიტანენ, დარწმუნებული ვარ და თქვენც უსათუოდ დამეთანხმებით, იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ ქართველების კარგი გვინდა და ასე და ამგვარად ამიტომ ვიქცევითო. საკითხს თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, გამოვა, რომ ირაკლი კობახიძეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, არ უნდა თავისი ქვეყნისთვის კარგი ან არ იცის, რა არის ქართველებისთვის კარგი და რა - „ძირის გამომთხრელი“. ჩვენი ოპონენტები ცოტა გონებას თუ დაძაბავენ, უცებ მიხვდებიან, რომ „მეორე მხარის“ რაკურსით ანალიზი მათ მყისიერად, უპირობოდ და უალტერნატივოდ, ჩიხურ სიტუაციაში აქცევთ: ერთი იმიტომ, რომ ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელთა გამოც კელებს ხმლები აქვთ გაშიშვლებული, მთელი სახელისუფლო გუნდი ერთიანია, ანუ მთელი „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის გვერდით დგას და მეორე - სადავო თემების გადაწყვეტაზე საქართველოს, ვიმეორებ - ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს, ანუ არა კელების სამშობლოს, არამედ კობახიძის და მისი გუნდის და მათთან ერთად, მათი თანამოაზრეების სამშობლოს მომავალი წინსვლა და განვითარებაა დამოკიდებული.

 

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ამჯერად სხვა არგუმენტაციით განვმარტავ, რატომ არიან ირაკლი კობახიძის ზემოხსენებული ოპონენტები ჩიხში - ბატონი ირაკლის დამარცხება საქართველოს ხელისუფლების დამარცხებაა, ხოლო ხელისუფლების დამარცხება საქართველოს დამარცხებას ნიშნავს, რასაც ქართველი ხალხი, უბრალოდ, არ დაუშვებს. ამის დასტურია, ცხრა წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მიმართ რვაგზის გამოვლენილი მაღალი ნდობა.

 

მოდით, ახლა, პატივცემული ელჩების გააფთრების (ვფიქრობ, ეს ეპითეტი მათი ტექსტების პათოსის ყველაზე ზუსტი შესატყვისია) გაანალიზება ვცადოთ „მეორე მხრიდან“: ბატონი კელი, იქნებ, გაბრაზებულზე კი არ შეცდა და კი არ წამოცდა „დამარცხდებიო“, არამედ ეს მისი გულწრფელი სურვილია და რომ ამ სურვილის რეალიზების საქმეში ქალბატონი კელის   თანამზრახველობაში ეჭვიც არ ეპარება? ამგვარი მოცემულობის არსებობაში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არაფერი იქნება გასაკვირი, თუ იმ დაშვებას დავეთანხმებით, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი - უფროსი ძმისთვის მთავარია მართვის პულტის მუდმივი კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის „მცირე“ პარტნიორის, რაოდენ მოტივირებული და ერთგულიც არ უნდა იყოს ის, შიდა პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მეორეხარისხოვანია.

 

აშკარაა, რომ კელებისთვის ირაკლი კობახიძე ყელში გაჩხერილი ძვალია. „ძმობის ამბავში“ ძალიან უცნაური რამეა ყოველივე ის, რასაც ვხედავთ. ფაქტის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მაინც რთულია შეეგუო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ(!) წინა აბზაცის მოცემულობაში იკითხება ლოგიკურად. უცნაურია, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ირაკლი კობახიძე მწამებლებზე და ქვეყნის გამყიდველებზე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. როდესაც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მიერ ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ ორ არჩევნებზე გამოხატულ პოზიციას არაფრად აგდებ და მაინც „შენსას აწვები“ უკანმოუხედავად... არ ვიცი, არ ვიცი...

 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ერთი დიდი მიზნისკენ მიმართული ორი პრინციპული ნაბიჯით - შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირება და 2021 წლის 13 ნოემბრის განცხადება, პირობითი სახელწოდებით „თუ საქართველო სახელმწიფოა“ - ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი, ჩვენი, ღირსეული სახელმწიფოს შენებაზე ორიენტირებული მოქალაქეების მოვალეობაა, გადავერთოთ ამ ტალღაზე.

*

2012 წლის 1 ოქტომბერს ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან მკაფიოდ და სრული კატეგორიულობით დაისვა მოთხოვნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია უნდა გადარჩენილიყო. იმთავითვე ცხადი იყო, რომ დამნაშავე ხელისუფლების დაუსჯელობა, გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად გამოიწვევდა არაჯანსაღ პროცესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ის, რასაც ნებისმიერი რიგითი ქართველი ხვდება, არ შეიძლება არ იცოდნენ უძლიერესმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა. თავიდან არსებობდა გულუბრყვილო ვარაუდი, ჩვენი მეგობრები ამას იმ მიზნით ხომ არ აკეთებენ, რომ სამართლიანობის აღდგენამ, მისი მოსალოდნელი მასშტაბებიდან გამომდინარე, არ წაახალისოს ზედმეტად აგრესიული აქტივობები და შესაძლოა, დროში გაწელილი პროცესი ნაკლები ვნებათაღელვის გამომწვევი ყოფილიყო. მაგრამ „შიშ ვამ“, როგორც რუსი “ძმები“ „დაგვმოძღვრავდნენ ხოლმე“ არცთუ შორეულ წარსულში. აღმოჩნდა, რომ დროის გაწელვა მძიმე მდგომარეობაში მყოფი „თავისი ნაძირალას“ „ლოგინიდან წამოდგომას“ ემსახურებოდა.

 

„ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, „ნაციონალური მოძრაობის“ მაქსიმალურად დასუსტება, რათა დამნაშავე ძალა საბოლოოდ ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესს და იგი ჩაანაცვლონ ახალმა, საქმეზე ორიენტირებულმა, ჯანსაღმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა. სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან სრულიად საწინააღმდეგო მიზნების რეალიზების დაუოკებელი სწრაფვის მეთვალყურეები ვართ, აგერ უკვე ცხრა წელიწადია.

ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ ბეჭებზე დანარცხებული ნაცსექტა, თავის სატელიტებიან, ასო-ებიან, უხვად დაფინანსებულ ფეიკ-არხებიან, რუს პიარშჩიკებიან და დასავლელ ლობისტებიანად, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა რეანიმაციულ განყოფილებაში. საზოგადოებაში მოარული, ერთი შეხედვით რიტორიკული კითხვა - უშანსოდ წაგებული, ბელადგასკვანჩული, აქტიური მხარდამჭერებისგან („ალამუტელებისგან“) დაცლილი, გამარგინალიზებული ბოროტების მობრუნების, ან სულის მოთქმის ვის შეიძლება სჯეროდესო? - აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა რიტორიკული - ვის სჯერა და ორ კელის.  

 

„ნაცობა“ რომ სირცხვილია, ქალბატონ კელისაც (ბატონი კელისგან განსხვავებით) კარგად ესმის. სახეზე ეტყობა, რომ რასაც აკეთებს, მაგრად არ უხარია, მაგრამ დავალება დავალებაა, სამხედრო გამოცდილების ადამიანისთვის კი წმინდა საქმეა. როგორც ბატონი გოგი ამბობს, ჩვენს პარტნიორებს ჩვენი გაძლიერება, რაღაცის იქით, არ აწყობთ, რადგან ევროკავშირსა და ნატოში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოეცლებათო. საქართველოს თავის სრულფასოვან პარტნიორად აღიარება, ამ ეტაპზე, რუსეთთან გარდაუვალი კონფლიქტის საფუძველი ხდება და ამიტომო. ჰო-ო...და, ურჩევნიათ, ეს უარი ჩვენ დაგვბრალდეს. აბა, მსოფლიოს გასაგონად ხომ არ იტყვიან, საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობების გამწვავება არ გვიღირსო?  

 

ზემოხსენებული დავალება გულისხმობს აისბერგების და წყალქვეშა რიფების მოწყობას დიდი და ნათელი მიზნებისკენ მცურავი „ქართული ოცნების“ ხომალდის გზაზე. ნაცბანდამ, თავის ყველა ფორმისა და ფერის სატელიტებიანად უკვე ამოწურა თავი. არევის გეგმას ორად-ორი საყრდენიღა დარჩა - იან კელის ლობირებით დასმული ნინო ლომჯარია და კეზერაშვილის „პაიოკზე“ გადამჯდარი გახარიას დანატოვარი ლონდა თოლორაია. ამ დიდი კრიზისიდან გამომდინარე, საქმე, მთლიანად, მივიდა ხელოვნური, თითიდან გამოწოვილი წინაღობების გამოგონებამდე. ქალბატონი კელი „ფინთი“ დავალებების შესრულებისთვის იქამდე დაეშვა, რომ კონფლიქტების გათამაშებასაც არ ერიდება, ოღონდ ნეგატიური ინფორმაცია უწყვეტი სახით მიეწოდებოდეს ვაშინგტონის კრემლს. მოსამართლეთა დანიშვნების, კონსტიტუციური ცვლილებების შეფერხებისა და სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის დემოკრატიისთვის „ძირის გამოთხრად“ შეფასებაც ამ ოპერიდანაა. მარცხენა ხელით „აჩოტების“ მწერალთა პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ „ლაფატკაზე“ შეგდებული მელია და ხაზარაძე და თვითმხილებული სამადაშვილი შემორჩნენ ზურგის გამმაგრებლებად  (დამსახურებულ პენსიონერ, ანუ ნაფტალინიან იან კელიზე ზემოთ მოგახსენებდით).

 

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კობახიძემ შეუსრულა. მისი მეთაურობით მაღალ დონეზე ჩატარებული საარჩევნო „დუბლითა“ და დიდოსტატურად გათვლილი პოლიტიკურ-დიპლომატიური სვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად მიიღო სამწლიანი ჰანდიკაპი. დანარჩენი, როგორც სპორტში იტყვიან, ტექნიკის საქმეა.

დასასრულ, მართებული იქნება, წერილი შევაჯამოთ ამონარიდებით ირაკლი კობახიძისავე საეტაპო მნიშვნელობის განცხადებიდან, - „თუ საქართველო სახელმწიფოა“ - რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ახალ მიმართულებებსა და ურთიერთობებს აძლევს დასაბამს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში:

 

„მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები“;

„თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან“;

„ან აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს, მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები“;

„ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ!“  

 

 

ბიძინა  დვალი

06.01.2022

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner