14 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის (1909-1988) რეტროსპექტული გამოფენა იხსნება. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სოლიკო ვირსალაძის ფონდი, ეროვნული გალერეა და საქართველოს ბანკი.
გამოფენაზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები, ასევე კოსტიუმები კულტურის სამინისტროს სსიპ-ებიდან - ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
სოლიკო ვირსალაძემ შექმნა საკუთარი ხელწერა მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. უმნიშვნელოვანესია სოლიკო ვირსალაძის როლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ეროვნული ანსამბლის ისტორიაში, ვინაიდან „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა". პროფესიონალ მხატვარს, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიის, მუსიკის ღრმა მცოდნეს, შეეძლო მუსიკალური განწყობის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენის შექმნა სცენოგრაფიაში. სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი თეატრალური სცენოგრაფია მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიგებშია
აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ გაიმართა.