logo_geo
eng_logo
ყაზახეთის ექსპრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, ნურსულთან ნაზარბაევი ნურ-სულთანში იმყოფება
- +

8 იანვარი. 2022. 12:51

 

 

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია და ის დედაქალაქში, ქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება, - ამის შესახებ Twitter-ზე მისი პრესმდივანი აიდოს უკიბაი წერს.

 

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ მცდარი და სპეკულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან. ნურსულთან ნაზარბაევი დედაქალაქშია, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს და პირდაპირ კავშირზეა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან. ასევე ნაზარბაევმა რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელებთან. ის მოუწოდებს ყველას, მხარი დაუჭირონ ყაზახეთის პრეზიდენტს მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებისა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისთვის“, - წერს აიდოს უკიბაი.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახთან ერთად ყაზახეთი დატოვა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

 

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner