logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი - უკვდავი ოლიმპიონიკის გარდაცვალების გამო - ფრაგმენტი პირველი
- +

3 იანვარი. 2022. 21:43

 

 

ერთი ასეთი სპორტსმენი მარტოდმარტო შეუქმნის ნებისმიერ ქვეყანას სპორტულ პრესტიჟსა თუ ისტორიას. ღვთის წყალობით, საქართველოს დიდი სპორტსმენები, დიდი ჩემპიონები მუდამ ბევრი ჰყავდა, მაგრამ ვიქტორ სანეევი დიდ ჩემპიონთა ფონზეც კი გამორჩეული იყო. სპორტის მოყვარულებმა იციან, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი ყველაზე მაღალი სპორტული ჯილდოა; სპორტსმენებიც განსაკუთრებული ჟინით და განსაკუთრებული შემართებით მიელტვიან ამ მწვერვალს. მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონიც ყველა თავის მედალს სიამოვნებით გაცვლიდა ერთ ოლიმპიურ „ოქროზე“, რადგან ათგზის მსოფლიო ჩემპიონიც ადრე თუ გვიან ექს-ჩემპიონი გახდება, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი „ექს“ პრეფიქსს არასოდეს დაირთავს: ოლიმპიური ჩემპიონი უკვდავი ჩემპიონია, მარადიული ჩემპიონი.

 

ვიქტორ სანეევი სამგზის უკვდავი ჩემპიონი გახლავთ.

 

ოთხგზის უკვდავიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტოტალიტარულმა სისტემამ, რომელსაც ხან სსრკ ერქვა და ხან სკკპ, ხან საკავშირო სპორტკომიტეტი და ხან რა, სისტემამ, რომელიც განაგებდა ნებისმიერი საბჭოთა სპორტსმენის მთელ კარიერას, მოსკოვის ოლიმპიადაზე ცინიკურად იძია შური სანეევზე.  

* * *

თითქმის 30 წელიწადია, რაც ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში წავიდა ოჯახთან ერთად. წავიდა არა სახელისა და დიდების საძებნელად ან ქონების მოსახვეჭად. სახელი და დიდება მას არასოდეს ჰკლებია, ქონება კი არასოდეს ჰქონია და არც არასოდეს უძებნია. წავიდა, რადგან ვერც ასეთი სოხუმი და აფხაზეთი იგუა და ვერც ასეთი თბილისი და საქართველო. სანეევი წავიდა, რათა თავისი საქმე ეკეთებინა, თავისი უზარმაზარი სპორტული გამოცდილება გაეზიარებინა ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვისაც ეს ენდომებოდა. წავიდა, რადგან თავის სამშობლოში, პოლიტიკური კატაკლიზმებითა და ეკონომიკური კრიზისით თავგზააბნეულ და დაბეჩავებულ საქართველოში არ მიეცა ამის საშუალება.

 

სანეევს მუდამ შეეძლო საქართველოდან წასვლა, თანაც არა ერთი და ორი მიმართულებით. მე შენ გეტყვი, არ ეპატიჟებოდნენ, არ სთავაზობდნენ მაცდუნებელ წინადადებებს, არ უგზავნიდნენ დესპანებსა და მოციქულებს, არ ჰპირდებოდნენ ყველა ცხოვრებისეული პრობლემის ერთბაშად მოგვარებას. მაგრამ ვიქტორ სანეევი, რომელმაც სამი ოლიმპიური „ოქროს“ შემდეგ ძლივს მიიღო სამოთახიანი ბინა თბილისში, არსად წასულა, არც უფიქრია წასვლა, არ უღალატია არც თავისი სოხუმისთვის, არც თავისი აფხაზეთისთვის, არც თავისი თბილისისთვის და არც თავისი საქართველოსთვის. მას ექაჩებოდნენ არა მხოლოდ როგორც მსოფლიო რეკორდსმენს, სამგზის ოლიმპიურ, ევროპის რვაგზის, საბჭოთა კავშირის ექვსგზის და საკავშირო სპარტაკიადების ორგზის ჩემპიონს, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელს, არამედ როგორც – ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უბრალოდ – ოლიმპიურ ჩემპიონს, უფრო უბრალოდ – ევროპის ჩემპიონს, კიდევ უფრო უბრალოდ – საბჭოთა კავშირის ჩემპიონს, მთლად უბრალოდ – როგორც პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენს. არა, სანეევი არსად წასულა, მთელი თავისი ხანგრძლივი სპორტული ცხოვრება მან საქართველოს სამსახურს შეალია. რა მისი ბრალია, თუ იმ დროს საქართველოს წარმომადგენელს მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ შეეძლო საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ოლიმპიური თუ მსოფლიო სპორტის ისტორიკოსები და სტატისტიკოსები არ ერიდებიან სკრუპულოზურ კვლევას და საბჭოთა კავშირის სპორტულ წარმატებებს ყოფილი რესპუბლიკების წარმატებებად ანაწილებენ. თუ ადრე ყველა „საბჭოთა სპორტსმენი“ იყო, დღეს უკვე გამოდის ცნობარები და სპორტული ენციკლოპედიები, სადაც ყველა ჩემპიონის, ყველა სპორტსმენის გვარს საბჭოთა კავშირთან ერთად იმ რესპუბლიკის სახელიც ერთვის გვერდით, რომლის ღირსებასაც იცავდა იგი საკავშირო ნაკრებში.

 

შეიძლება ვინმეს მეტისმეტად კატეგორიულად მოეჩვენოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ვიქტორ სანეევს გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე ბევრ იმათგანს, ვინც წლების წინათ თავის ბიოგრაფიაში ამაყად წერდა ფრაზას – „ეროვნულ მოძრაობაში ვარ 1989 წლიდან“. სანეევის სახელი, იმ სპორტულ ენციკლოპედიებში შეტანილი, დღესაც ემსახურება საქართველოს.

 

ვიქტორ სანეევს არასოდეს უთქვამს, ეროვნულ მოძრაობაში ვიყავიო, არადა სწორედ ეროვნული მოძრაობის შემადგენელ ნაწილად განიხილება ბრძოლა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბებისათვის, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა სანეევი ამ ბრძოლის სულ პირველი ეტაპიდან. ჩვენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნას განვიხილავდით არა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის შედეგს, როგორც ეს მოხდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში, არამედ როგორც გზას ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ.

 

მე მქონდა ბედნიერება, რამდენიმე წელიწადს ვიქტორ სანეევის კოლეგა ვყოფილიყავი: სწორედ 1989 წელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე ჩვენ ვიცე-პრეზიდენტებად აგვირჩიეს. სეოკის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში, მისი საქმიანობის პირველ წლებში, საშუალება მომეცა ახლოს გამეცნო ეს უდიდესი სპორტსმენი, რომლის შესახებ მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი. ზოგიერთი რიგითი ჩემპიონის ამბიციურობისა და პატივმოყვარეობის ფონზე არ შეიძლება არ მოგხიბლოს ვიქტორ სანეევის თავმდაბლობამ, მისმა ინტელექტმა და კულტურამ, უშუალობამ და სისადავემ. იშვიათია სანეევისთანა მორიდებული ადამიანი; მასთან უშუალო ურთიერთობისას ძნელი წარმოსადგენია, რომ ელაპარაკები ვიქტორ სანეევს, მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ლეგენდას, ათლეტს, რომელიც არა ერთხელ და ორჯერ იყო დასახელებული მსოფლიოს, ევროპის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს საუკეთესო მძლეოსნად თუ სპორტსმენად და რომლის სახელიც მთელი 12 წლის განმავლობაში – ოთხი ოლიმპიადის მანძილზე – შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს და პატივისცემის გრძნობით აღავსებდა სპორტის გულშემატკივრებს მთელ პლანეტაზე.

 

ახლა პრინციპულობა! არასოდეს დამავიწყდება, 1990 წლის გაზაფხულზე სპორტის სასახლის მუზეუმში ჩატარებული სეოკის აღმასკომის ერთ-ერთი სხდომა, რომელზეც პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა მოკავშირე რესპუბლიკების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების გაერთიანების სისოევისეული პროექტის განხილვა შემოგვთავაზა. აღმასკომის რამდენიმე წევრი წინასწარ ვიყავით გაცნობილი ამ პროექტს, სანეევი – არა. ნონამ მას პროექტის ტექსტი გაუწოდა, ვიქტორ დანილიჩ, გაეცანით და თქვენი აზრი გვითხარითო. ვიქტორმა სათაურს დახედა და ტექსტი ისეთი ჟესტით გადადო გვერდზე, რომ ყველაფერი ნათელი გახდა.

 

არაფერი მესმის სპორტის იმ ზოგიერთი ბიუროკრატისა, რომლებიც სანეევის წარმატებებით სახელსაც შოულობდნენ და სახრავსაც, მაგრამ მას მაინც არ სწყალობდნენ; სამწუხაროდ, მას ჯეროვნად არ აფასებდნენ თვით იმ სპორტსაზოგადოებაშიც კი, რომლის სახელსაც წლების განმავლობაში იცავდა. იმის გამო, რომ სანეევმა რამდენჯერმე კატეგორიული უარი განაცხადა საქართველოდან წასვლაზე, საკავშირო სპორტის მესვეურებს გულზე ეკლად ესობოდათ მისი წარმატებები. ეს დამოკიდებულება ცინიზმამდე მივიდა, როცა ჯერ წაუყრუეს მის თხოვნას, მიეცათ უცხოეთში მუშაობის საშუალება, მერე რამდენჯერმე მოატყუეს, ბოლოს კი ლამის ულუკმაპუროდ დატოვეს. ამ დამოკიდებულებამ არა მიზეზ-შედეგობრივი, მაგრამ აშკარად სიმბოლური გამოხატულება პოვა XXII ოლიმპიურ თამაშებზე მოსკოვში.

 

* * *

მოსკოვის ოლიმპიადა ვიქტორ სანეევის უკანასკნელი ოლიმპიადა იყო, მისი უკანასკნელი გამოსვლა სარბიელზე. იმ დროისათვის ის უკვე წევრი იყო მძლეოსანთა იმ დიდი ოთხეულისა, რომელშიც მასთან ერთად შედიოდნენ სამი სახელგანთქმული ამერიკელი – რეი იური, ჯონ ფლანაგენი და ალფრედ ორტერი, ვინაც სამი და მეტი ოლიმპიური „ოქროს“ მოპოვება შეძლო მძლეოსნობის ერთსა და იმავე დისციპლინაში.

 

სანეევის უკანასკნელი ნახტომი მოსკოვის ოლიმპიადაზე და საერთოდ მის სპორტულ კარიერაში – 17 მეტრი და 24 სანტიმეტრი – საჩემპიონო იყო, მაგრამ მსაჯთა მეტისმეტი მონდომების წყალობით მხოლოდ ვერცხლის მედალს გასწვდა!

 

სამ საბჭოთა სამხტომელს – 22 წლის ევგენი ანიკინს, 25 წლის იააკ უუდმიაესა და 35 წლის ვიქტორ სანეევს წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, 26 წლის ბრაზილიელი ჟოაო კარლოს დე ოლივეირა უპირისპირდებოდა. ოლივეირა საუკეთესო ფორმაში იყო, სანეევს ტრავმები ტანჯავდა და ბოლო ხანებში მისი საკადრისი შედეგისთვის ვერ მიეღწია, ხოლო ანიკინი და უუდმიაე გამოუცდელები იყვნენ ასეთ სერიოზულ დონეზე საბრძოლველად. მსაჯებს კი ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ გამარჯვება სწორედ საბჭოთა სპორტსმენს დარჩენოდა. ვის და როგორ დაეხმარებოდნენ, მათ თავად უნდა გადაეწყვიტათ. ასეთი იყო დავალება. ანიკინი ცუდად ხტებოდა და ის თავიდანვე გამოირიცხა. მსაჯებს ფავორიტი თბილისელ სანეევსა და ტარტუელ უუდმიაეს შორის უნდა აერჩიათ. ჩანს, ისინი აღარ ენდნენ 35 წლის ვეტერანს და უუდმიაეს მესამე ცდაზე კარგა ბლომად წაუმატეს, ისე ბლომად, რომ მსაჯთა უსინდისობა არათუ თავად სპორტსმენებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, ტელემაყურებლებმაც კარგად დაინახეს.

 

უუდმიაეს 17 მეტრითა და 35 სანტიმეტრით სისტემამ თავისი გაინაღდა. ესტონეთ-საქართველოსა თუ უუდმიაე-სანეევის სპორტული დავა მას აღარ აინტერესებდა და ორტერის რეკორდის გამეორებასაც არად დაგიდევდათ. მეტიც: სისტემას სულაც არ სურდა სანეევი ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონად ეხილა. სანეევმა სისტემას არ გაუმართლა, თუმცა იგი დიდხანს ელოლიავებოდა მას.

 

სისტემის მიერ შორს გამიზნული ნაბიჯი იყო, რომ უკვე 1967 წელს დააჯილდოვეს 22 წლის პერსპექტიული მხტომელი მედლით „შრომითი მამაცობისათვის“, თუმცა სერიოზული სპორტული წარმატებისათვის მას ჯერ არ მიეღწია.

 

„მე კარგად მესმოდა, რომ ასეთ ჯილდოს არ ვიმსახურებდი. დაჯილდოებულთა შორის იყო ხალხი, ვინც მთელი ცხოვრება შესწირა სპორტს,  აგრეთვე ცნობილი სპორტსმენები, ევროპის ჩემპიონები, ოლიმპიადათა პრიზიორები. მე კი იმ დროისათვის ქვეყნის ჩემპიონიც კი არ ვყოფილვარ. ამიტომ ეს ჯილდო ავანსად მივიღე“.

 

სისტემას სანეევი იმთავითვე სათავისოდ უნდოდა, სარუსეთოდ, სამოსკოვოდ. არც ჯილდო დაუკლიათ მისთვის და არც დაპირება. რასაც საქართველოში უშედეგოდ ითხოვდა, ათჯერ იმაზე მეტს მოსკოვში სთავაზობდნენ. ის კი ჯიუტად უარზე იდგა. არც სოხუმიდან მოუცვლია ფეხი, არც თბილისიდან, არც საქართველოდან. კი, საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა, მაგრამ საკავშირო ნაკრებში მუდამ საქართველოს წარმოადგენდა, საბჭოთა კავშირის პირველობებსა თუ საკავშირო სპარტაკიადებშიც მუდამ საქართველოს ღირსებას იცავდა. და ასე გრძელდებოდა  ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე. სისტემამ თავისი ვერ გაიტანა. ვერ გაიტანა და სანეევისთვის ბოლო ოლიმპიადაზე როგორც შეეძლო, ისე გადაუხადა სამაგიერო...

 

(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“, თბილისი, 2011)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner