logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი - უკვდავი ოლიმპიონიკის გარდაცვალების გამო - ფრაგმენტი მეორე
- +

4 იანვარი. 2022. 21:46

 

 

ეს ორი ფოტო მოსკოვშია გადაღებული 1980 წლის 25 ივლისს და მათზე აღბეჭდილია ვიქტორ სანეევის სულ-სულ უკანასკნელი ნახტომი მის სპორტულ კარიერაში. 17 მეტრი და 24 სანტიმეტრი! –  გამოაცხადეს მსაჯებმა მცირე თათბირის შემდეგ. ამ შედეგით ვიქტორ სანეევი ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, თუმცა იგი სინამდვილეში უკეთესი იყო, ვიდრე ჩემპიონის მიერ ნაჩვენები რეალური შედეგი.

 

* * *

1996 წლის მარტში ათენში თანამედროვე ოლიმპიადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო კვირეული გაიმართა. კვირეულის პროგრამით ჩატარდა აგრეთვე დიდი ფილატელისტური გამოფენა, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, როგორც საქართველოს ოლიმპიური და სპორტული ფილატელიის ასოციაციის პრეზიდენტი. მაშინ იყო, რომ მრავალი ფილატელისტი გავიცანი, რომელთაც სპორტული და ოლიმპიური მარკების მართლაც უნიკალური კოლექციები ჰქონდათ. მათ შორის გახლდათ სომეხი კოლექციონერი იური კუპალიანი. მისი კოლექციის თემა „მთები და მთამსვლელობა“ იყო და ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რადგან გარკვეული კუთხით საქართველოსაც უკავშირდებოდა. სწორედ ამ ნიადაგზე დავახლოვდით და ერთდღიან ექსკურსიაზეც კი დავპატიჟე სარონიკოსის და არგოლიკოსის ყურეთა კუნძულებზე – ჰიდრაზე, ეგინასა და პოროსზე. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, სპორტული ფილატელია და ზოგადად სპორტი იყო. როგორც გაირკვა, იური კუპალიანი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ყოფილა მძლეოსნობაში. თურმე მოსკოვის ოლიმპიადაზეც უმსაჯია. თანაც სწორედ სამხტომი!

 

ჰოდა, ამ იური კუპალიანმა ჩემთან მეგობრულ საუბარში აღიარა, რომ ვიქტორ სანეევის მოსკოვური „მარცხი“, თუ ოლიმპიურ ვერცხლის მედალს მარცხი შეიძლება ეწოდოს, გარკვეულწილად სწორედ მსაჯთა და პირადად მის კისერზეც იყო.

 

დიახ, იყო ბრძანება და უუდმიაეს კარგა ბლომად წავუმატეთო, მითხრა. ახლა ძალიანაც ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობაო!

 

ვისგან იყო ის ბრძანება-მეთქი.

 

ვისგან მოდიოდა, არ ვიცი, ჩვენ მთავარმა მსაჯმა გვიბრძანაო.

 

სანეევისთვის რომ წაგემატებინათ, განა საბჭოთა კავშირისთვის რა შეიცვლებოდა-მეთქი.

 

არც არაფერი, მაგრამ ასე ალბათ იმიტომ გადაწყდა, რომ სანეევი ყველაზე ბოლოს ხტებოდა და ამის გაკეთება გაცილებით ძნელი და სარისკო იქნებოდაო.

 

მისი გულწრფელობა და სინანული იქნებ გარკვეულ სიმპათიასა და თანაგრძნობასაც იმსახურებდა, მაგრამ  ექსკურსიაზე დროსტარება კი არა, იმ წუთში მზად ვიყავი იური კუპალიანი – სისტემის ეს ერთი ჭანჭიკი – ზღვაში მომესროლა. და თუ ეს არ გავაკეთე, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი ამ აღიარების პრესაში გამოქვეყნების უფლება მომცა... ოღონდ ათი წლის შემდეგ.

 

თუმცა, კაცმა რომ თქვას, არაფერი ახალი სომეხ ფილატელისტს ჩემთვის არ უთქვამს. უბრალოდ, მან კიდევ ერთმა და კიდევ ერთხელ „შინაურულად“ დაადასტურა ის, რაც სპორტული, და არა მარტო სპორტული, სამყაროსათვის კარგად იყო ცნობილი მთელ მსოფლიოში.

 

კუპალიანის 10 წელიწადი შარშან გაზაფხულზე გავიდა. დიდი იყო ცდუნება, რომ მისი აღიარება ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, 2005 წლის ოქტომბერში გამომექვეყნებინა ვიქტორ სანეევის საიუბილეო დღეებში, მაგრამ პირობა არ დამირღვევია. სამაგიეროდ, იმ საიუბილეო დღეებში მსგავსი აღიარებით იააკ უუდმიაე გამოვიდა. საიუბილეო საღამოზე მან პირდაპირ განაცხადა, სანეევი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონიაო! ხოლო ორიოდე დღით ადრე რომან რურუას სახლში გამართულ წვეულებაზე თქვა, ჩემი ნება რომ იყოს, მეორე ოქროს მედალს დავამზადებდი და ვიქტორ სანეევს გადავცემდიო!

 

* * *

თავად ვიქტორ სანეევს არ უყვარს მოსკოვური პერიპეტიების გახსენება:

 

„გასახსენებელი არაფერია. ჩემი არავის სჯეროდა, არც მწვრთნელს, არც კოლეგებს, არც სპორტის ხელმძღვანელობას მოსკოვსა თუ თბილისში. დავრჩი მართო მე, მაგრამ ჩემთან იყო ღმერთი. ისე, არც გაემტყუნებათ. 35 წლისას მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე რომ გქონდეს პრეტენზია, თანაც, ფაქტობრივად, ხეიბარ კაცს, ამის წარმოდგენაც კი ძნელია, თანაც სამხტომში. ეს ავადმყოფურ აკვიატებას უფრო ჰგავდა... მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებს კრეერი ედგა სათავეში. ის ნორმალური მწვრთნელი იყო, მაგრამ ერთობ ცუდი პედაგოგი აღმოჩნდა. ჩვენ ერთმანეთს დავცილდით. ჩემთვის უდიდესი ტრავმა იყო ის, რომ მას, ვისთანაც წლები მიმუშავია, ჩემი არ სჯეროდა და ამას ხმამაღლა აცხადებდა! ისიც კი დამაყვედრეს, ოლიმპიადაზე დაგიშვითო! გახსოვთ, ალბათ, საოლიმპიადოდ შესარჩევ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დავიკავე – ერთი სანტიმეტრით წავაგე მესამე პრიზიორთან. არ ვტრაბახობ, მათი დამარცხება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლიცენზია მქონდა, ერთი სანტიმეტრის არსებობაც კი არ ვიცოდი. მაშინ ჩემთვის უმთავრესი იყო, ფეხები ზედმეტად არ დამეტვირთა, გამეკეთებინა მხოლოდ აუცილებელი მინიმუმი – მიმეღო ლიცენზია. და კინაღამ შემთხვევითობის მსხვერპლი გავხდი. აქაც, ამ ელემენტარულ საკითხშიც, დამეტყო მწვრთნელის ხელი, უფრო სწორად, უხელობა“...

 

ასე იყო თუ ისე, სანეევი ოლიმპიადაზე მაინც დაუშვეს.

 

„ალბათ იფიქრეს, შედეგს ვერ მიაღწევს, მაგრამ მეოთხე ოლიმპიადად მაინც ჩაეთვლებაო. ერთი სიტყვით, შემიცოდეს. საბოლოოდ ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ოლიმპიურ თამასებში ჩემი მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი და ერთ-ერთ შეხვედრაზე სკკპ ცკ-ის სპორტის მაშინდელი კურატორი, შემდეგში მინისტრი გრამოვი მეუბნება, თითქოს მოწყალება გაიღოო: გადავწყვიტეთ, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზო, რას იტყვი ამის შესახებო. ბუნებრივია, ის ალბათ ელოდა ასეთი შემთხვევისთვის მიღებულ სამადლობელ სიტყვებს. მე კი მოკლედ მოვუჭერი, წიწილები შემოდგომაზე დავითვალოთ, ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, ამ თემაზე თამაშების შემდეგ ვისაუბროთ-მეთქი... მე არავითარი პრობლემა არ უნდა მქონოდა მოსკოვში. ბავშვი ხომ არ ვიყავი, ლიცენზიისთვის მებრძოლა და ორიენტაცია ოქროზე არ ამეღო. მე სხვა სინჯის მედალს არ ვცნობდი, მაგრამ მოსკოვში ყველაფერი უკუღმა აეწყო – ჯერ იყო და, თვით შეჯიბრების მსვლელობის დროს ფეხის ტრავმა, შემდეგ კი ეს ქარი. ეჰ, მოკლედ, ნუ გამახსენებთ... შინაგანად ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ მაინც უნდა მომეგო და მოვიგებდი კიდეც, რომ არა ეს ავადსახსენებელი ტრავმა და ქარი“...

 

ტრავმა სანეევს ყველა ოლიმპიადაზე აწუხებდა, მაგრამ ქარი კი ახალი იყო.

 

რატომ არ მოიცადე, სანამ ქარი ჩადგებოდაო, ერთ ჟურნალისტს უკითხავს. როგორ უნდა მოეცადა! – წესებით, ცდისთვის სპორტსმენს მხოლოდ წუთნახევარი ეძლევა და თუ ამ წუთნახევარში ვერ ჩაეტია, მას ცდა აღარ ეთვლება.

 

ვის რაში აძლევდა ხელს სანეევის გაჩემპიონება! მაშინ ხომ საბოდიშოდ გაუხდებოდათ საქმე კრეერსაც, გრამოვსაც და კიდევ მრავალ სხვასაც. მაგრამ სანეევის ვერცხლის მედალი არაფრით იყო ნაკლები ჩემპიონობაზე.

 

რაც შეეხება ჩემპიონს, იააკ უუდმიაეს, რომელსაც არც მოსკოვამდე და არც მოსკოვის შემდეგ თავი არაფრით გამოუჩენია, სანეევი მხოლოდ კეთილად იხსენიებს თავის წიგნშიც და ყველა ინტერვიუშიც:

 

„მე ის ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ. მისი რა ბრალია, რომ ვიღაც უსინდისო მოხელეებმა ნახტომის გაზომვის დროს მას რამდენიმე სანტიმეტრი აჩუქეს. კიდევ ვიმეორებ, მოსკოვში ყოველგვარი წამატება-წამომატების მიუხედავად, ჩემპიონი მე უნდა ვყოფილიყავი. ესტონელი დიდ ტალანტს არ წარმოადგენდა და ჩემთვის მისი დამარცხება არავითარი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. კიდევ ვიმეორებ, იააკი აქ არაფერ შუაშია, ის ძალიან კარგი ბიჭია. ამჟამად ესტონეთის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ამას წინათ ათენში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან გულთბილად ვისაუბრეთ. თუნდაც იმიტომ ვცემ პატივს, რომ სამი ვაჟიშვილის და ორი გოგონას მამაა“.

 

 2005 წელს სანეევის საიუბილეო დღეებში უუდმიაეს პირადად გაცნობის საშუალება მომეცა და ვადასტურებ: იგი მართლაც ღირსეული კაცია და თავადაც განიცდის ყველაფერს, რაც მოსკოვის ოლიმპიადაზე სამხტომის სექტორში მოხდა.

 

* * *

ბოლო ნახტომით სანეევს თავისი თავისთვისაც უნდა ეჯობნა, თავისი ასაკისთვისაც, მტკივანი ფეხისთვისაც, ქარისთვისაც, ახალგაზრდა ესტონელისთვისაც და მსაჯებისთვისაც. მან ყველას და ყველაფერს აჯობა მსაჯების გარდა! 17 მეტრი და 24 სანტიმეტრი, როგორც ჩანს, მეტი იყო უუდმიაეს მიერ სინამდვილეში ნაჩვენებ შედეგზე და სწორედ ამის გამო უკვე გამარჯვებულთა კვარცხლბეკზე ოლივეირამ ხალხის დასანახად, ტელეკამერების წინ, უუდმიაეს ყველასათვის გასაგები ჟესტით ანიშნა – ჩემპიონი შენ კი არა, სანეევიაო.

 

ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერთმა ჟურნალისტმა ოლივეირას ჰკითხა, რატომ ჩამორთვა მან ასპარეზობის შემდეგ ასე დემონსტრაციულად ყველა მსაჯს ხელი.

 

„ერთი შეხედვით, ყოვლად უწყინარი შეკითხვა, არსებითად, პროვოკაციული იყო. საქმე ისაა, რომ ოლივეირა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, იააკ უუდმიაესთვის გაესწრო, უკანასკნელ ცდებზე ზედმეტ აზარტულობას იჩენდა გამორბენის დროს და ამიტომაც ზედიზედ აბიჯებდა არეკნის ზოლის შემომსაზღვრელ პლასტილინის ღეროს. ბუნებრივია, მას ნახტომები არ ეთვლებოდა. ამასთან, ყოველი წარუმატებლობის შემდეგ მსაჯები იმ ადგილს უჩვენებდნენ, სადაც სპორტსმენმა პლასტილინს დააბიჯა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უმსუბუქებდა მას წყენას.

 

ის, ვინც ასეთ შეკითხვას უსვამდა სპორტსმენს, მშვენივრად იყო გათვითცნობიერებული, თუ როგორ განიცდიდა ბრაზილიელი თავის მეორე ოლიმპიურ მარცხს, მან ეს იცოდა და ვარაუდს შემდეგზე ამყარებდა: მანამ იგი ასეთ სტრესულ მდგომარეობაშია, სანამ დიდი ხანი არ გასულა წარუმატებლობიდან, შესაძლოა ათლეტს თავდაჭერამ უღალატოსო. ხომ შეიძლებოდა მას მართლაც ეთქვა: მსაჯებისთვის ხელის ჩამორთმევით დემონსტრაციულად ხაზს ვუსვამდი მათდამი ჩემს ირონიას და კიდევ იმას, რომ მიკერძოებულ მსაჯობაში ვდებდი ბრალსო. ერთი შეხედვითაც კარგად ჩანდა, როგორ ეძებდა საჭირო სიტყვებს, როგორი გულისყურით ემზადებოდა ოლივეირა ღირსეული პასუხისთვის, ისე ემზადებოდა, თითქოს კიდევ ერთ, უკანასკნელ ცდაზე გადისო. ძალიან მკაფიოდ ლაპარაკობდა, ხაზგასმული სიდინჯით, საჩვენებელი თითი ტაქტში მიჰყვებოდა სიტყვებს, თითქოს გაუგებარ მოწაფეს უტარებს გაკვეთილსო:

 

– დიახ, მე ჩამოვართვი ხელი მსაჯებს შეჯიბრების შემდეგ. საბჭოთა მსაჯები უაღრესად ობიექტურნი და კორექტულები იყვნენ. თავისი საქმიანობით ისინი ხელს უწყობდნენ, შეჯიბრება საინტერესო და პატიოსანი სპორტული ბრძოლით ჩატარებულიყო. ხტომების შემდეგ სპორტსმენები მუდამ ხელს ართმევენ ერთმანეთს. და რაკი მსაჯებს ასპარეზობის ისეთსავე მონაწილეებად ვთვლი, როგორც სპორტსმენებს, საჭიროდ ვცანი, მადლობა მეთქვა მათთვის.

 

ოლივეირას ამ განცხადებას პრესკონფერენციის მონაწილენი ერთსულოვანი აპლოდისმენტებით შეხვდნენ“.

 

მსაჯებს ასპარეზობის ისეთსავე მონაწილეებად ვთვლი, როგორც სპორტსმენებსო! რატომ, ბატონო?! სპორტსმენი სპორტსმენია, მსაჯი – მსაჯი. იცოდა, ოლივეირამ, რასაც ამბობდა.

 

ოლივეირას ამ განცხადებას სანეევი არავითარ კომენტარს არ უკეთებს, მკითხველი კი ალბათ კარგად შეამჩნევს, ბრაზილიელის „სწორი“ სიტყვების მიღმა არსებულ გამჭვირვალე ირონიას, რაც, როგორც ჩანს, ოლივეირას ხასიათის თვისება ყოფილა.

 

სხვათა შორის, სანეევის პროტესტის მიუხედავად, ოლივეირამ ასპარეზობის დამთავრებისთანავე მიულოცა სანეევს გამარჯვება. ხოლო წინადღეს, ოლიმპიურ სოფელში ავტოგრაფიც სთხოვა მას!

 

რამდენად დიდი უნდა ყოფილიყო სანეევი, რამდენად დიდი პატივისცემა უნდა ჰქონოდა მისი ოლივეირას, რომ იგი, ოლიმპიადის სამხტომელთა ტურნირის მთავარი ფავორიტი, მსოფლიო რეკორდის მფლობელი, ასპარეზობის წინა დღეს ავტოგრაფის სათხოვნელად მისულიყო მასთან და ამით თავის დიდბუნებოვნებასთან ერთად დიდი ჩემპიონისადმი თავისი მოწიწებაც დაედასტურებინა.

 

„მცირე ხნის დუმილის შემდეგ ჟოაომ განაგრძო:

 

– რა თქმა უნდა, ძალიან ვდარდობ, რომ ვერ მოვახერხე საპატიო კვარცხლბეკზე იმაზე მაღლა ასვლა, ვიდრე მონრეალში, მაგრამ მეტოქეები დღეს უფრო ძლიერები იყვნენ და ვულოცავ რა იააკ უუდმიაეს ოლიმპიურ მედალს, მინდა აღვნიშნო, რომ მხტომელებში აბსოლუტურ ჩემპიონად მე მაინც ვიქტორ სანეევს ვთვლი. ამის შესახებ მას სექტორში ვუთხარი (მართლაც, შეჯიბრების შემდეგ, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჟოაომ გამარჯვება მომილოცა) და შემიძლია ახლაც გავიმეორო.

 

– რას იტყვის ამ განცხადებაზე ოლიმპიური ჩემპიონი? – ჰკითხა რომელიღაც ჟურნალისტმა უუდმიაეს.

 

– მე ვეთანხმები ოლივეირას, – უპასუხა იააკმა, – რაც სანეევმა გააკეთა, იმას ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიმეორებს.

 

კვლავ გაისმა ტაში. ამ ხმაურში შევედი დარბაზში, სწრაფად მივედი მიკროფონთან და ცივწყალგადასხმულივით წარმოვთქვი ეს სიტყვები:

 

– დღეს თქვენ იხილეთ ჩემი უკანასკნელი გამოსვლა. დამთავრდა ჩემი სპორტული ცხოვრება და მზად ვარ, ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხო“.

 

კითხვები ფაქტობრივად აღარავის ჰქონია. ოლივეირამ და უუდმიაემ ყველაფერი ნათლად თქვეს, მეტისმეტად ნათლადაც კი.

 

ეს იყო დიდი და სახელოვანი სპორტული კარიერის მართლა ღირსეული დასასრული.  

* * *

ასე იყო თუ ისე, ვიქტორ სანეევს არ მისცეს საშუალება, დასწეოდა ლეგენდარულ ამერიკელ დისკობოლს ალფრედ ორტერს, რომელმაც 1956-1968 წლებში ოთხჯერ მიიღო ოლიმპიადებში მონაწილეობა და ოთხჯერვე ჩემპიონი გახდა.

 

(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner