logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი - უკვდავი ოლიმპიონიკის გარდაცვალების გამო - ფრაგმენტი მესამე
- +

5 იანვარი. 2022. 21:47

 

 

ლეგენდარული დისკობოლი ალ ორტერი უკანასკნელად მეხიკოში გამოვიდა ოლიმპიურ არენაზე და თავისი მეოთხე ოქროს მედალი მოიგო. სწორედ მეხიკოში შედგა ვიქტორ სანეევის ოლიმპიური დებიუტი. ჯერ კიდევ ფორმაში იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში, 33 წლის პოლონელი იუზეფ შმიდტი. მას ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი – 17.03, რომელიც 1960 წლიდან ვერავინ შემუსრა. მეხიკოში მან უკეთესი შედეგიც აჩვენა, ვიდრე წინა ორ თამაშებზე, რომლებზეც ოქროს მედლები მოიპოვა, მაგრამ 16 მეტრი და 89 სანტიმეტრი მხოლოდ მე-7 ადგილისათვის აღმოჩნდა საკმარისი: ბრძოლა მედლებისათვის მეხიკოში 17 მეტრიდან იწყებოდა. არადა, მთელი 8 წლის წინათ, 1960 წლის 5 აგვისტოს მსოფლიოში პირველმა სწორედ შმიდტმა გადალახა 17-მეტრიანი ზღვარი სამხტომში. ოლიმპიადაზე კი ეს პირველად 25 წლის იტალიელმა, შემდგომში კინომსახიობმა ჯუზეპე ჯენტილემ შეძლო: მეხიკოს თამაშების საკვალიფიკაციო წრეში, მესამე ცდაზე მან 17 მეტრი და 10 სანტიმეტრი აჩვენა და ახალი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ჯენტილეს ამ ნახტომით დაიწყო რეკორდების ნამდვილი მექსიკური წვიმა სამხტომში.

 

მეხიკოს თამაშების წინ საბჭოთა სამხტომელთა მთავარმა მწვრთნელმა, ორი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა ვიტოლდ კრეერმა მწვრთნელთა საბჭოს განუცხადა:

 

„სანეევი უკვე გახდა მსოფლიო რეკორდსმენი სავარჯიშო დატვირთვებში, ახლა მას შეუძლია მსოფლიო რეკორდსმენი გახდეს სამხტომში“.

 

ვიქტორ სანეევი და წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი შუბის ტყორცნაში იანის ლუსისი მეხიკოს ოლიმპიურ სოფელში ერთ ოთახში ცხოვრობენ. 16 ოქტომბერს გამოცდილი ლუსისი ოქროს მედლისათვის იბრძოდა, ახალბედა სანეევს კი საკვალიფოკაციო შეჯიბრება ჰქონდა. ბოლო ცდამდე ლუსისმა თავისი საშუალო შედეგიც ვერ აჩვენა და ლამის გამართლდა ჟურნალისტთა დაკვირვება თუ ოლიმპიური ტრადიცია, რომ შუბის ტყორცნაში ფავორიტები ვერ იმარჯვებენ. მაგრამ ბოლო ცდაზე სანეევის თანაოთახელის შუბი 90-მეტრზე შორს გაფრინდა და იგი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

 

ლუსისის გამარჯვება სანეევს კარგად ენიშნა, მაგრამ საკვალიფიკაციო ტურის შედეგები სასიკეთოს არაფერს მოასწავებდა. აი, როგორ იხსენებს საკვალიფიკაციო შეჯიბრებებს ვიქტორ სანეევი თავის წიგნში:

 

„რაშია საკვალიფიკაციო სტარტების მთელი სირთულე? უკეთეს შემთხვევაში, ნორმატივი პირველსავე ცდაზე, ნერვული და ფიზიკური ენერგიის მინიმალური დანახარჯით უნდა შეასრულო, მაგრამ ხშირად ძალების შენახვის სურვილს იქამდე მივყავართ, რომ სპორტსმენი თითქოს უგულისყუროდ გადის მოთელვას, უგულვებელყოფის გამორბენის რიტმის კიდევ ერთხელ შემოწმებას და ან ვერ ახვედრებს არეკნის ზოლს, ან ზედ აბიჯებს. დასკვნა ნათელია: კვალიფიკაციაში წვრილმანები არ არსებობს, ყოველი დეტალი ავტომატიზმამდე უნდა დაიყვანო. თუ სპორტსმენი ზერელედ მოეპყრო ამ საქმეს, იგი მკაცრად ისჯება, ეხარჯება ზედმეტი ცდები, ეხარჯება ნერვული ენერგია, რაც ასე საჭიროა ძირითადი შეჯიბრებისთვის. სხვათა შორის, ჯენტილეს მიერ კვალიფიკაციის დროს ნაჩვენები მაღალი შედეგი იმით აიხსნება, რომ პირველი ორი ნახტომი მან შეცდომით შეასრულა და მესამეზე უკვე მთელი ძალ-ღონის დაძაბვა დასჭირდა, შეეშინდა, არ დარჩენილიყო ფინალური შეჯიბრების მიღმა. მაგრამ უმჯობესია, ყველაფერი თანმიმდევრულად მოგახსენოთ.

 

კოლია დუდკინისა და ჩემთვის ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. პირველივე ცდიდან ნორმატივზე ოდნავ შორს გადავხტით და სტადიონიდან წასვლა დავაპირეთ. და უცებ ჯენიტილეს ნახტომის შემდეგ ტრიბუნებიდან აპლოდისმენტები გაისმა. აპლოდისმენტები კი არა, ოვაცია მოუწყვეს სპორტსმენს. რა მოხდა? ტაბლოს შევხედეთ, უჩვეულო ციფრები აინთო – 17.10. ახალი მსოფლიო რეკორდი. ასე დაიწყო ჩვენთვის ოლიმპიადა: იუზეფ შმიდტის მსოფლიო რეკორდი, რომელიც 1960 წლიდან ვერავინ შეცვალა, საკვალიფიკაციო ცდაზე დაამხო იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ. ხვალ რა იქნება?“

 

ხვალ იყო ომი. სპორტული ომი. ომი სამხტომის სექტორში.

 

ომი, რომლის მსვლელობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მეხიკოს სიმაღლემ და სტადიონზე დაგებულმა ტარტანის საფარმა, რომელიც სრულიად ახალი ხილი იყო მძლეოსნებისათვის. ერთმაც და მეორემაც ძირეულად შეცვალა მძლეოსნური სპორტული ომების სტატეგიაც და ტაქტიკაც. ზოგი მზად აღმოჩნდა ამ ცვლილებისათვის, ზოგი – არა.

 

სამხტომელთა საკვალიფიკაციო შეჯიბრება 16 ოქტომბერს ჩატარდა. სწორედ იმ დღეს მე 16 წლისა გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სამხტომით და ვიქტორ სანეევით იწყება ჩემი დაინტერესება სპორტის სხვა სახეობებით ფეხბურთის გარდა და საერთოდ ჩემი გატაცება ოლიმპიური თამაშებით.

 

იმ დღიდან ოლიმპიადის დასრულებამდე მე ტელეეკრანს არ მოვცილებივარ. მეხიკოს თამაშები მეორე დიდი საერთაშორისო ასპარეზობა იყო, რომლის რეპორტაჟები საბჭოთა ტელევიზიით გადაიცა. პირველი ასეთი ასპარეზობა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ მაშინ ოჯახში ტელევიზორი არ გვქონდა და მე საფეხბურთო მატჩების საყურებლად ძირითადად ბიძაჩემთან დავდიოდი. ამიტომ ჩემთვის სატელევიზიო სპორტიც ოლიმპიადით, და კერძოდ – სამხტომით, იწყება.

 

* * *

„მოთელვის შემდეგ კერსელიანს და კრეერს მივუახლოვდი, ვხედავ, პულსს უსინჯავენ ერთმანეთს. რამდენია-მეთქი, ვეკითხები. შევატყვე, შეცბუნდნენ. ას ოციო, მიპასუხეს და მეც გამისინჯეს. ას ოცი მქონდა. გასაგებია, რამდენიმე წუთში ხომ სექტორში ვარ გასასვლელი, თუმცა მათი მდგომარეობაც გასაგებია. სამველიჩი ჩემსავითაა, ოლიმპიადის დებიუტანტია, კრეერი კი ორმაგად ნერვიულობს – კოლიასა და ჩემს გამო.

 

უკანასკნელად გამოვესაუბრეთ ერთმანეთს. კრეერი იმ ნიშნებს შემახსენებს, რითაც სტადიონზე უნდა „ვესაუბროთ“ ერთმანეთს. იქ ხომ საშინელი ხმაური იქნება და სიტყვას ვერ გაიგონებ. ბარათსაც მაძლევს, მუყაოს პატარა ნაჭერს, რომელზეც მწვრთნელს ბეჭდური ასოებით გამოუყვანია: „შეასრულე ფართო გამორბენი! ბოლომდე შეინარჩუნე სისწრაფე! ნახტომისას ნუ იჩქარებ!“ ეს მუყაოს ნაჭერს გამორბენის სტარტზე დავდებ. შემდეგ კრეერი კოლიას არიგებს. ამასობაში სექტორშიც გამოგვიძახეს“.

 

ფინალური წრის პირველსავე ცდაზე ჯენტილე 17 მეტრსა და 22 სანტიმეტრზე გადახტა, კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი ჯიბეში დაიგულა. მაგრამ მეორე წრეში ბრაზილიელმა ნელსონ პრუდენსიომ, რომელიც მეხიკომდე თექვსმეტნახევარ მეტრზე შორს არ გადამხტარა, მთელი 80 სანტიმეტრი მოუმატა პირად მიღწევას, 17 მეტრსა და 15 სანტიმეტრზე შორს გაფრინდა და ლამის ჯენტილესაც გადაასწრო. მესამე ცდაზე ვიქტორ სანეევმა იტალიელს ცივი წყალი გადაასხა: მან ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ჯენტილეს მიერ რამდენიმე წუთის წინ დამყარებული მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი.

 

„მესამე ცდა მშვიდად წარიმართა. არავის არავითარი სასწაული არ მოუხდენია და, ვფიქრობ, სწორედ ეს დამეხმარა კარგად განვწყობილიყავი ნახტომისთვის. მახსოვს, რამდენიმე იმიტაცია გავაკეთე, რომ იტყვიან, ტექნიკას ვაწესრიგებდი. ნახტომის წინ მუყაოს წაკითხვა მოვასწარი. მთავარია – არ ვიჩქარო! კიდევ ერთხელ ვუბრძანე საკუთარ თავს: „ნახტომისას არ იჩქარო!“ – და წინ გავიჭერი. სიმსუბუქე და თავისუფლება, ასეთი გრძნობა დამეუფლა ამ ნახტომის შემდეგ. სიმსუბუქე და თავისუფლება, ხოლო შედეგი ახალი მსოფლიო რეკორდი იყო – 17.23. ჩემში ამას არავითარი ემოციები არ გამოუწვევია, გარდა იმისა, რომ კმაყოფილი დავრჩი კარგად შესრულებული ნახტომის გამო. ასე გავხდი ასპარეზობის ლიდერი. ახლა რვა საუკეთესო მხტომელი ემზადებოდა სამი საფინალო ცდისთვის“.

 

და კვლავ სიურპრიზები.

 

მეოთხე ცდაზე 17 მეტრზე შორს მიფრინავს ავსტრალიელი მეი, მეხუთეზე – კოლია დუდკოვი. იმ მომენტში სანეევი პირველზე იყო, დუდკოვი – მესამეზე, კრეერი კი თურმე ასპარეზობის ამ ეტაპზე დასრულებას ნატრობდა. მაგრამ ასპარეზობა გრძელდება და ნახტომისთვის პრუდენსიო ემზადება.

 

„ახლა უკვე აღარ ვაშორებ მას თვალს – საშიშია. კვლავ სწრაფი გამორბენი და ისევ მსუბუქი ნახტომი-გაფრენა. მე მხოლოდ ცალი თვალი შევავლე, სად დაეშვა – მსაჯები აღარ მჭირდება, ისედაც ვხედავ, გამასწრო ნელსონმა. ასეც არის – ტაბლოზეა 17.27. ერთ დღეში სამი მსოფლიო რეკორდი!“

 

ორ დღეში კი – სულაც მეოთხეა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ!

 

„მართალია, პრედუნსიოსგან სიურპრიზს ველოდი, მაგრამ ნერვები მაინც ვერ დავიმორჩილე, თავგზა ამებნა. „აი, ახლავე დაგიმტკიცებთ!“– ეს ფიქრი ამეკვიატა. კოსტიუმი გავიძრე, სირბილით გავეშურე გამორბენის ადგილისაკენ და... წყვეტილი, გაუწონასწორებელი  ნახტომი – 16.81. ორმოდან ისე ამოვედი, თითქოს ცივი წყალი გადამასხესო. სიბრაზეც გაქრა, გონებაც გამინათდა. ერთი აზრი მიტრიალებდა: ერთი ცდა კიდევ მრჩებოდა.

 

არ მინახავს, როგორ ასრულებდნენ ბოლო ნახტომს ფინალის მონაწილენი. ყველაფერს გამოვეთიშე, ძალებს ვიკრებდი. უკნიდან ბრბოსა და ღობურას გამოღწეული კრეერის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნათქვამი შემომესმა. მხოლოდ ერთი სიტყვა აღვიქვი: „გააკეთებ!“ ალბათ იმიტომაც აღვიქვი იგი, რომ იგივე ტრიალებდა ჩემს სულშიც. გავაკეთებ. შევძლებ. ახლავე.

 

ძნელი ცდა გამოდგა. ვიგრძენი, რომ არეკნის ზოლამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა და ნახტომში, ყოველი აკვრისას „ვინაზღაურებდი“ დაკარგულ სანტიმეტრებს. სილაში ჩავეშვი და მაშინვე მოვიხედე. რამდენია?..

 

მექსიკელმა მსაჯმა, სანამ ნახტომის სიგრძეს ტაბლოს გადასცემდა, შემომხედა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა. თვალი შევავლე თუ არა მას, მივხვდი, რომ გავიმარჯვე, უნებურად მაღლა ავხტი და ტაშიც შემოვკარი. ტაბლოზე მაშინვე ახალი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდის აღმნიშვნელი ციფრები აინთო – 17.39“.

 

ჯენტილესა და ამერიკელ არტურ უოკერს თითო ცდა კიდევ ჰქონდათ. ჯენტილე ვერაფრით შეგუებოდა, რომ ორჯერ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ბრინჯაოზე მეტს ვერ სწვდებოდა. უოლკერი 17 მეტრსა და 12 სანტიმეტრზე გადახტა და დუდკინი მეხუთე ადგილზე ჩააჩოჩა; ჯენტილეს კი ზედიზედ მეოთხე ცდა გაუცუდდა და საბოლოოდ იმ პირველი ნახტომის ხარჯზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო რეკორდი იყო, მესამე ადგილს დასჯერდა.

 

სამხტომში მექსიკური რეკორდების წვიმას თავისი ბოლო ნახტომით წერტილი სანეევმა დაუსვა და მთელი 12 სანტიმეტრით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნელსონ პრუდენსიოს.

 

* * *

მეხიკოდან დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისი პირველი სერიოზული ფულით ქათქათა „ვოლგა“ იყიდა და თბილისის ავტოინსპექციაში მას ერთი შეხედვით თითქოს არაპრესტიჟული, მაგრამ საქმეში ჩახედული ხალხისთვის ყველაზე მაგარი ნომერი მისცეს – 17-39.

 

მეხიკოს რეკორდების წვიმის შემდეგ მსოფლიო სამხტომში ამინდი რადიკალურად შეიცვალა.  ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სპორტსმენებმა ტაიმ-აუტი აიღეს. აღარაფერი ისმოდა პრუდენსიოსგან, მკვეთრად უკლო ჯენტილემ, მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებდა ძველებურ შედეგებს სანეევის საუკეთესო მეგობარი დუდკინი, თითქმის აღარ გამოდიოდა შმიდტი, არაფრით გამოუჩენია თავი ამერიკელ უოკერს, აფრიკაში ჩაიკარგა მანსურ დია; ერთადერთი, ვინც სპორტულ სამყაროს თავი შეახსენა, ავსტრალიერი ფილ მეი იყო თავისი 16 მეტრითა და 8 სანტიმეტრით. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ ახლები – კაროლ კორბუ, იორგ დრემელი და ლუის არეტა.

 

მაგრამ ვერც ახლები და ვერც ძველები 1969 წელს 17-მეტრიან ზღვარს ვერ შესწვდნენ, სანეევი ერთადერთი იყო, რომელმაც იმ წელიწადს 17 მეტრზე მეტი აჩვენა.

 

1970 წლის სპორტული სეზონის ბოლოს მექსიკური ფინალის ოთხი მონაწილე კვლავ შეხვდა ერთმანეთს პირისპირ. ეს მოხდა ტურინში, მსოფლიო უნივერსიადაზე. თუ პრუდენსიოს მე-8 ადგილს არ მივიღებთ მხედველობაში, ძველმა გვარდიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა:  დუდკინი თავისი 17-მეტრიანი ნახტომით მეორე იყო და უკან ჩამოიტოვა დრემელი და კორბუ, ჯენტილემ არეტას აჯობა, გამარჯვება კი, რა თქმა უნდა, სანეევს დარჩა – 17.22.

 

* * *

ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის რეკორდი სამი წლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო ყველასათვის, სანამ 1971 წელს კუბელმა პედრო პერეს დუენასმა ერთი სანტიმეტრით არ გააუმჯობესა იგი. სანეევმა მეორე წელსვე დაიბრუნა მსოფლიო რეკორდი, როცა მშობლიურ სოხუმში 17.44 აჩვენა. ამ მსოფლიო რეკორდმაც სამ წელიწადს გაძლო, ვიდრე ახალი ბრაზილიელი არ გამოჩნდა – ჟოაო კარლოს დე ოლივეირა, რომელმაც 1975 წლის 15 ოქტომბერს იმავე მეხიკოში პანამერიკულ თამაშებზე გააუმჯობესა სანეევის რეკორდი, თანაც – მთელი 45 სანტიმეტრით!

 

სანეევმა ოლივეირას სახელი პირველად სწორედ ამის შემდეგ გაიგო. იგი უკვე თბილისში, ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლობდა.

 

აი, რას წერს ცნობილი ჟურნალისტი არჩილ გოგელია, რომელიც ამ რეკორდის დამყარების მეორე დღეს შეხვდა სანეევს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე:

 

„მე ერთი სული მქონდა მეკითხა, რას ფიქრობს იგი ჟოაო კარლოს ოლივეირას მსოფლიო რეკორდზე. ეს კითხვა ალბათ მილიონობით ადამიანს დაებადა არა მარტო ჩვენში, არამედ მთელს მსოფლიოში.

 

– ბრაზილიელის ახალი რეკორდი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით ბიმონის ოლიმპიურ მიღწევას შეიძლება შევადაროთ. ამ მსგავსებას ისიც აძლიერებს, რომ ორივე ფანტასტიკური შედეგი მეხიკოშია ნაჩვენები, ქალაქში, რომელიც დიდად განსხვავებულია სხვებისაგან და ერთი შეხედვით ცაში გამოკიდებული გეგონებათ. ამიტომ ამ მიღწევას ჭეშმარიტად არ მოველოდი. უფრო სწორად, მოველოდი, მაგრამ არა ასე და არა უცნობი სპორტსმენისაგან. წარმოიდგინეთ, ჩვენ, უკვე ცნობილი მძლეოსნები, წლების მანძილზე ვარჯიშში ვათენებთ და ვაღამებთ, უდიდეს ნერვიულ, ფიზიკურ და სულიერ ენერგიას ვხარჯავთ, რათა ლიდერებს შორის ვიყოთ. და უცებ... 21 წლის უცნობი ბიჭი გამოდის პანამერიკულ თამაშებში, დგება სამხტომის ორმოსთან და 45 სანტიმეტრით აუმჯობესებს მსოფლიო რეკორდს, ანუ წვითა და დაგვით მოპოვებულ ჩემს მიღწევას. ჭეშმარიტად, სპორტის შესაძლებლობანი ამოუწურავია. რა შემიძლია გითხრათ ჟოაო ოლივეირაზე? ოფიციალური ცნობა მის შესახებ ყოველმა თქვენგანმა წაიკითხა. ჩემი მომავალი მეტოქე პირველად ტელეეკრანზე ვნახე, როგორც მილიონობით სპორტის მოყვარულმა; ბუნებრივია, იგი არც ერთ შეჯიბრებაში არ მინახავს, მეტიც, მისი გვარი არ გამოჩენილა მსოფლიოს სამხტომელთა კლასიფიკაციაშიც. ჩემს დოსიეში კი შეტანილია უკლებლივ ყველა სპორტსმენი, რომელიც კი მიახლოებია 16.90 მეტრის ზღვარს ბოლო ორი წლის მანძილზე. იმ რამდენიმე წამში, როცა ოლივეირას ტელეეკრანზე აჩვენებდნენ, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ეს არის უდავოდ ფენომენალური მონაცემების მქონე ათლეტი. სიმაღლით 185 სანტიმეტრზე მეტი იქნება (მხტომელისათვის სიმაღლე უმნიშვნელო ფაქტორი არ გახლავთ), ზედმიწევნით სწრაფია, 100 მეტრზე რბენაში მისი შედეგი 10.3-10.4 უნდა იყოს, ხოლო სიგრძეზე ხტომაში – 8.19, ამასთან, ძლიერია, მკვირცხლი და მოქნილი. საერთო შთაბეჭდილება: საქმე გვაქვს მართლაც საარაკო მონაცემებით დაჯილდოებულ მძლეოსანთან. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით, ბრაზილიელი სპორტსმენი სამხტომელის იდეალად წარმომიდგება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ნიჭიერი ათლეტი სულ ორი წელია ვარჯიშობს მძლეოსნობაში, ჩვენი გაკვირვება გაორკეცდება“...

 

ეს სწორედ ის ოლივეირა გახლავთ, რომელმაც მოსკოვის ოლიმპიადაზე უუდმიაეს ყველასათვის გასაგები ჟესტით ანიშნა, ჩემპიონი შენ კი არ ხარ, ვიქტორ სანეევიაო! მაგრამ მოსკოვამდე ოლივეირა და სანეევი მონრეალში შეხვდებიან ერთმანეთს. მონრეალამდე კი სანეევს ისევ ძველ ბრაზილიელთან – პრუდენსიოსთან – მოუწევს ბრძოლა მიუნხენში.

 

(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner