logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი - უკვდავი ოლიმპიონიკის გარდაცვალების გამო - ფრაგმენტი მეხუთე
- +

7 იანვარი. 2022. 21:48

 

 

ადემარ და სილვას გარდა, რომელიც 1952 და 1956 წლებში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები სამხტომში იყვნენ აგრეთვე ამერიკელი მაიერ პრინსტაინი (1900, 1904) და პოლონელი იუზეფ შმიდტი (1960, 1964).

 

სანეევი ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია მძლეოსნობის ამ დისციპლინაში.

 

„მე ბედმა გამიღიმა და სამხტომში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობის ტრადიცია დავარღვიე“...

 

როდესაც ორგზის, სამგზის და მრავალგზის ოლიმპიურ ჩემპიონებზე ვლაპარაკობთ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ორი ოლიმპიადის ჩემპიონი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და სამი ოლიმპიადის ჩემპიონი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხი ოლიმპიადის ჩემპიონი... ფორმალურად, მედლების რაოდენობასა და ხარისხში აქ დიდი განსხვავება შეიძლება არც იყოს, მაგრამ სხვაობა პრინციპული და კატეგორიულია: სამგზის ჩემპიონი და სამი ოლიმპიადის ჩემპიონი ერთი და იგივე სულაც არაა.

 

არის სახეობები, სადაც ერთ თამაშებზე შვიდი და მეტი ოქროს მედლის მოხვეჭაც შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ოლიმპიადაზე თავისი სპორტული ფორმის პიკში მყოფი მავანი მოცურავის მიერ სხვადასხვა დისტანციაზე თუნდაც სხვადასხვა სტილით ცურვაში მოპოვებული ვთქვათ ოთხი ოქროს მედალი, შეესაბამება ან  შეედრება მეორე სპორტსმენის მიერ ოთხ სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოქროს მედლებს. სხვა თუ არაფერი, ოთხ ოლიმპიადაზე გამარჯვება 12 წლის მანძილზე სპორტული ფორმის პიკში ყოფნას ნიშნავს, ან 12 წელიწადში ოთხჯერ ყოფნას სპორტული ფორმის პიკში.

 

ცურვაში სამგზის კი არა ხუთგზის და მეტგზის ჩემპიონიც შეიძლება გახდე ერთ ოლიმპიადაზე, სულ რაღაც ორიოდე კვირის განმავლობაში და გამხდარან კიდეც, როცა ერთი სპორტსმენს ერთ ოლიმპიადაზე სხვადასხვა დისტანციაც მოუგია, სხვადასხვა სტილიც და სხვადასხვა ესტაფეტაც. მძლეოსნობაშიც ყოფილა, რომ ერთ ოლიმპიადაზე ერთ სპორტსმენს ორი ან სამი სხვადასხვა დისტანცია თუ სხვადასხვა დისციპლინა მოუგია.

 

მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ერთსა და იმავე დიციპლინაში პირველი ხარ სამ (ოთხ!) სხვადასხვა ოლიმპიადაზე.

 

ამ მხრივ ორტერი და სანეევი მძლეონობაში დღემდე ინარჩუნებენ პირველ-მეორე ადგილებს. ხოლო სხვა სახეობებსაც თუ გადავხედავთ... სხვაზე ვერაფერს ვიტყვი და, მე პირადად ალადარ გერევიჩის ექვს ოლიმპიადაზე მოპოვებული 7 ოქროს მედალი უფრო მეძვირფასება, ვიდრე მარკ სპიცის მიერ ორ თამაშებზე მოხვეჭილი 9 ოქრო. ისევე როგორც, არა მგონია, ერთნაირად ფასეული იყოს მავანი ტანმოვარჯიშის მიერ ერთ თამაშებზე სამ სხვადასხვა იარაღზე მიღებული სამი ოქრო და ლასლო პაპის, ალექსანდრ მედვედის ან კახი კახიაშვილის სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოპოვებული სამ-სამი ოქროს მედალი.

 

ვიქტორ სანეევი სამი ოლიმპიადის ჩემპიონია!  

 

 * * *

მიუნხენის თამაშების წინ სანეევმა რამდენიმე შეჯიბრება ჩააგდო. საყვედური უთხრეს წარუმატებელი გამოსვლისათვის. იგი უკვე 26 წლისა იყო, ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალიც უკვე მოეპოვებინა და, რაც მთავარია, მძიმე ტრავმები გაუხშირდა. ამიტომ დიდად აღარ ეიმედებოდათ და ბევრი იმასაც ამბობდა, უკვე ამოიწურა, მიუნხენში მისი გაგზავნა არ შეიძლებაო.

 

„სწორედ მას შემდეგ, რაც 1972 წლის ზამთარში თითქმის 17 მეტრზე გადავხტი, მეტოქეებისთვის „სიურპრიზის“ მომზადებას ვვარაუდობდი, – ზედ მიუნხენის ოლიმპიადის წინ – გუნებაში ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებაზე ვფიქრობდი.

 

გაზაფხული თითქოს კარგად დაიწყო. საკონტროლო მაჩვენებლების მიხედვით რეკორდის დასამყარებლად მზად ვიყავი, მაგრამ პირველსავე საერთაშორისო შეჯიბრებაზე კვლავ მიღალატა ფეხმა. გფრ-ის გუნდთანაც წავაგე მატჩი, მერე იტალიის საერთაშორისო შეჯიბრებაშიც დავმარცხდი. საბჭოთა კავშირის პირველობა ახლოვდებოდა, მაგრამ მოგებაზე ვინღა ფიქრობდა. ტრავმა – აი, რა მქონდა საფიქრალი. რეგულარულად ვარჯიში არ შემეძლო, და აი შედეგიც – მორიგი მარცხი ქვეყნის ჩემპიონატში. მეხუთე ცდაზე მიხაილ ბარიბანმა გამისწრო. იგი 16.79-ზე გადახტა. ჩემი შედეგი ოთხი სანტიმეტრით ნაკლები გამოდგა და როგორც მეხიკოში, აქაც ერთი ცდა მრჩებოდა. მაგრამ ის ოლიმპიადა იყო! აქ კი ბოლო წამს გადავწყვიტე, რისკი არ გამეწია და უბრალოდ გავირბინე სექტორში. ფეხს გავუფრთხილდი, მაგრამ მაინც მტკიოდა. ვარჯიშები არ აეწყო. მწვრთნელებიც და მეც ვნერვიულობდით. ოლიმპიადამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩებოდა“...

 

კი, ოლიმპიადის საგზური ჰქონდა, მაგრამ ასეთი ფეხით მიუნხენში წასვლას მართლა არ ჰქონდა აზრი. და სანეევმა არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო:

 

„შინ უნდა გავემგზავრო, დედასთან, ზღვასთან, მთებთან“...

 

წინასაოლიმპიადო შეკრებაზე პოდოლსკში სანეევი სიგრძეზე მხტომელ ლეონიდ ბორკოვსკისთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. მან ლიონიას ვიტოლდ კრეერისთვის გადასაცემად მხოლოდ ის დაუბარა, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, წინასაოლიმპიადი კვირეულზე გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ჩამოვალ, თუ არადა ჩემი მოლოდინი აღარ გქონდეთო.

 

„ახლა მეც ვერ გეტყვით ზუსტად, ყველაზე უფრო რამ მიშველა: დედის სასწაულმოქმედმა მალამომ, რომლითაც დილა-საღამოს მორჩილად ვიზელდი ფეხს, სრულმა დასვენებამ, თუ მართლაც თავადვე მოშუშებულმა ტრავმამ? მაგრამ უკვე ორიოდე კვირაში, რომელიც მე სოხუმში გავატარე, ვიგრძენი, რომ სრულ წესრიგში ვიყავი. რა თქმა უნდა, ფეხი ცოტ-ცოტა მაინც მტკიოდა, მაგრამ ასეთ ტკივილს  უკვე შეჩვეული ვიყავი და არ მაწუხებდა. დავბრუნდი მოსკოვში და როცა კრეერმა მკითხა, როგორა ხარო, ვუპასუხე, ანთეოსივით მშობლიური სოხუმის მიწის მადლით განვიკურნე-მეთქი“.

 

 * * *

მიუნხენში, მეხიკოსაგან განსხვავებით, არც ერთი რეკორდი არ დამყარებულა სამხტომში. იმ თამაშებზე „მეხიკოს სამეულის“ ძირითადი მეტოქე იყო მათივე თანატოლი, 27 წლის იორგ დრემელი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. ოლიმპიადამდე დრემელმა ორჯერ დაამარცხა სანეევი საერთაშორისო ასპარეზობებში, მაგრამ, როგორც წესი, სანეევი ოლიმპიადისათვის მუდამ საუკეთესო ფორმაში იყო. ეს გახლდათ მისი, როგორც დიდი სპორტსმენის ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება.

 

„მეხიკოს სახელგანთქმული ოლიმპიური ფინალის რვა მონაწილიდან მიუნხენში ხუთნი ჩავედით: მანსურ დია, ჯუზეპე ჯენტილე, არტურ უოკერი, ნელსონ პრუდენსიო დე მე. მედლების მაძიებელთა რიცხვში სპეციალისტებმა ჩართეს აგრეთვე მრისხანე იორგ დრემელი, კაროლ კორბუ და  კუბელი მსოფლიო რეკორდსმენი პერეს დუენიასი. ერთი სიტყვით, შესაბამისი კომპანია იყო: ყველას შედეგი აღემატებოდა 17 მეტრს!“

 

საკვალიფიკაციო შეჯიბრების შემდეგ ჯენტილემ და უოკერმა მაყურებლებში გადაინაცვლეს და ძველი გვარდიიდან სექტორს მხოლოდ 28 წლის პრუდენსიო და 27 წლის სანეევი შემორჩნენ. ფინალში ვერც დია გავიდა და ვერც ბარიბანი.

 

თუ მეხიკოში სანეევმა ბოლო ცდით მოიგო ოქროს მედალი, მიუნხენში მან პირველსავე ცდაზე გადაწყვიტა ყველაფერი, როცა სამხტომის ისტორიაში მესამე შედეგი აჩვენა – 7 მ და 35 სმ. პირველი ორი საუკეთესო შედეგიდანაც ერთი – ოლიმპიური რეკორდი – მას ეკუთვნოდა; ხოლო მსოფლიო რეკორდი (17.40) ჯერჯერობით კუბელი პერეს დუენიასისა იყო, რომელიც მიუნხენის სამხტომელთა შეჯიბრებას საკვალიფიკაციო წრეშივე გამოაკლდა. ბევრს ეცადნენ მიუნხენში დრემელი და პრუდენსიო, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 17-მეტრიან ზღვარს გასცდნენ და მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

 

* * *

სისტემამ ღირსეულად დააფასა საბჭოთა ოლიმპიელთა წარმატებები მიუნხენში. უხვად დარიგდა წოდებები და ორდენები. ექვს დიდ ჩემპიონს კი ქვეყნის უმაღლესი ჯილდო – ლენინის ორდენი გადაეცა. ვალერი ბორზოვთან, ვასილი ალექსეევთან, ალეკსანდრ მედვედთან, ანატოლი როშჩინთან და ლუდმილა პინაევასთან ერთად იგი წილად ხვდა ვიქტორ სანეევს, რომლის წაყვანა საერთოდ არ უნდოდათ მიუნხენში.

 

სანეევი კი უკვე მონრეალზე ფიქრობდა.

 

„კრემლში ორდენის გადმოცემისას პირობა დავდე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მონრეალის თამაშებში ღირსეულად გამოსვლისათვის“.

 

მიუნხენის გამარჯვება ვიქტორ სანეევს სრულფასოვნად არ მიაჩნდა, რადგან ოქროს მედალი კი მოიპოვა, მაგრამ მსოფლიო რეკორდი ვერ დაიბრუნა. როგორც ჩანს, სპორტის ისტორიას ენება, რომ სანეევს ახალი მსოფლიო რეკორდი სწორედ მშობლიურ სოხუმში დაემყარებინა. ეს მოხდა 1972 წლის 17 ოქტომბერს მისი ქორწილის მესამე დღეს.  14 ოქტომბერს მთელი სოხუმის ზეიმობდა ვიქტორ სანეევისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის  სტუდენტის, აფხაზი ტატიანა ხვარწკიას ქორწილს. ქორწილში ვიქტორს ერთი ჭიქა შამპანურიც კი არ დაულევია, რადგან მისი სახელობის ტურნირის გამოტოვება არ უნდოდა.

 

ვიქტორ სანეევის თასის გათამაშება სოხუმში 1969 წლიდან დაიწყო, მასში ყველა ასაკის სამხტომელები მონაწილეობდნენ და თუ სოხუმში იყო, ვიქტორი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ამ ასპარეზობაში მონაწილეობა მიეღო. მიუნხენის შემდეგ სწორედ თავისი სახელობის ტურნირზე გადაწყვიტა ვიქტორ სანეევმა მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება და შეძლო კიდეც. 17.44  მთელი ოთხი სანტიმეტრით სჯობდა კუბელის მანამდელ მიღწევას.

 

სანეევის ტურნირის პრიზი მანდარინით დახუნძლული ვეება გვირგვინი იყო. მრავალი ჟურნალ-გაზეთი მოიარა თავისივე სახელობის ტურნირში გამარჯვებული და ამ პრიზით შემკული ვიქტორ სანეევის ფოტომ.

 

აი, როგორ იხსენებს იმ ამბავს თავად ვიქტორ სანეევი:

 

„ათი დღის შემდეგ სოხუმში გამოვედი სტარტზე. პირველმა ხუთმა ნახტომმა წარმატება არ მომიტანა, თუმცა ყოველ ცდაზე 17-მეტრიან ზღვარს მიღმა ვეშვებოდი. ერთი ნახტომი მრჩებოდა. როგორ არ გამხსენებოდა მეხიკო? მე ხომ ბოლო ნახტომში შევძელი გამარჯვების მოპოვება! და აქ, მშობლიური სოხუმის სექტორში შევეცადე ოთხი წლის წინანდელი ბრძოლის ის დაძაბულობა გამეხსენებინა. თუ პირველ ცდებზე მხოლოდ დუენიასის მსოფლიო რეკორდს ვებრძოდი, ახლა თავი შთავაგონე, რომ... ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრებას ვაგებდი. თვით შეგნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ როცა სტარტისაკენ მივდიოდი, უკან მოვიხედე კიდეც, ის მოწინააღმდეგე სადღაა, ვისაც უნდა მოვუგო-მეთქი? ნახტომი სწრაფი და გააფთრებული გამოვიდა. დავეშვი თუ არა, ტაში ატყდა, მაგრამ მაშინვე შეწყდა. ეტყობა მაყურებლებს შეეშინდათ, ხელი არ შეეშალათ მსაჯებისთვის შედეგის ზუსტად გაზომვაში. შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა შარიანად გადაამოწმა განაზომის სიზუსტე. მხოლოდ მისმა დუმილმა მიმახვედრა , ოცნება ამიხდა – 17 მეტრი და 44 სანტიმეტრი! მაშ ასე, მსოფლიო რეკორდი კვლავ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდა“.

 

საქორწინო საჩუქარი მოგართვიო, უთხრა თავისივე სახელობის ტურნირიდან შინ მიბრუნებულმა ვიქტორმა მეუღლეს.

 

საჩუქარი, რომელიც იმ დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავის ახალშერთულ მეუღლეს მიართვა, დღესაც, მთელი 35 წლის შემდეგ, საქართველოს რეკორდია!

 

* * *

ეს XXI საუკუნეშია, რომ სამხტომელები 19-მეტრიან ზღურბლზე ალაპარაკდნენ, თორემ მაშინ, XX საუკუნის 80-იან წლებში 17 მეტრზე შორი ყოველი ნახტომი დიდოსტატურად ითვლებოდა. სხვათა შორის, ბრიტანელი ჯონათან ედვარდსი, სიდნეის თამაშების ჩემპიონი, რომლის მიერ 1995 წლის 7 აგვისტოს გეტებორგში დამყარებული მსოფლიო რეკორდი – 18.29 – დღემდე უცვლელია, ვიქტორ სანეევს თავის კუმირად თვლის.

 

ვიქტორმა მაშინ, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო რეკორდი იყო. საერთოდაც, მას, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ვეტერანად თვლიდნენ, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მძლეოსნობის ისტორიაში.

 

„რეკორდზე ფიქრი მერეც არ მასვენებდა. რეალური იყო თუ არა ეს ოცნება? მე მგონი, სავსებით. საკმარისია ითქვას, რომ 1975 წლის შემოდგომისათვის ჩემს აქტივში უკვე იყო 17 მეტრს მიღმა შესრულებული ორმოცდაათზე მეტი ნახტომი, თანაც რეკორდთან მიახლოებულ შედეგებს ისეთ პირობებში ვუჩვენებდი, სადაც არცთუ ისე იოლია მსოფლიო რეკორდის დამყარება: წიდოვან და რეზინ-ბიტუმის ბილიკებზე, ცივ, ხანდახან წვიმიან ამინდში, შემხვედრი ქარის დროს, ცარიელი ტრიბუნების შემხედვარე და ძლიერი მეტოქეების გარეშე. და მაინც, რეკორდი ხელიდან მისხლტებოდა. მასთან ახლოს ვიყავი საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადაზე, რომელიც 1975 წელს მოსკოვში ჩატარდა. ერთ-ერთი ნახტომისას 17.33-ზე დავეშვი. იმ დროს ლუჟნიკებში მეტოქეობის საბრძოლო ატმოსფერო რომ ყოფილიყო, რეკორდი უეჭველად შეიცვლებოდა, მაგრამ იმ წელიწადსაც ვერ გამიწიეს კონკურენცია ჩვენმა ბიჭებმა. სპარტაკიადაზე მეორე პრიზიორი რიგელი ნიკოლაი სინიჩკინი გახდა, მაგრამ მან მთელი 65 სანტიმეტრი წააგო.

 

იმ დროს ხშირად ვფიქრობდი, აი, რომ მოხერხდეს და ძლიერებთან ერთად კიდევ ერთხელ მომიხდეს მეხიკოს ბრწყინვალე ტარტანიან და ჩემთვის ასე ბედნიერ სექტორში გამოსვლა-მეთქი, თანაც ტემპერამენტიანი მექსიკელი გულშემატკივრების თანდასწრებით, მაშინ ალბათ ჩვიდმეტნახევარ მეტრზეც ვიოცნებებდი გადახტომას. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო. 1975 წელს, სწორედ მეხიკოში მსოფლიო რეკორდი მართლაც გაუმჯობესდა, თითქმის მთელი ნახევარი მეტრით, მაგრამ ამის გაკეთება მე არ მეწერა“.

 

(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner